სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქუთაისის სასამართლოს "ისტორიული" გადაწყვეტილება
    მოსაზრება
    31.03.2019

    ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    გაზეთ "რეზონანსის" მკითხველებმა იციან, რომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წელს შეტანილი სამივე სარჩელი ქუთაისში გადაიგზავნა. სარჩელების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსები კანონდარღვევით ჩატარდა, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს. სასამართლოსგან ვითხოვდი კონკურსებისა და იუს-ს წევრად არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილებების ბათილად ცნობას.

    საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა. განხილვა მხოლოდ წელს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა. გადაწყვეტილება 28 თებერვალს ცარიელ დარბაზში გამოცხადდა, ვინაიდან მხარეებმა თავიდანვე ვიცოდით, როგორი იქნებოდა გამოტანილი "ვერდიქტი", ხოლო საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იუს-ს წევრები ან მათი წარმომადგენლები სხდომებზე საერთოდ არ გამოჩენილან (როგორც ჩანს, არაფერი ჰქონდათ სათქმელი).

    მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ ჩამბარებია, ხოლო მოსამართლე მილდენბერგერს გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, იუსტიციის სკოლის მსმენელიც იყო და თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც აქვს 10 წელი ნამსახურები, ვინაიდან მოპასუხის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე შეინარჩუნა "ევროსტანდარტული" დამოუკიდებლობა და ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც სასამართლო რეფორმაც გადაარჩინა და პარლამენტთან ერთად, იუს-შიც აღადგინა სამართლიანობა.

    დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებაში საკმარისად იქნება დასაბუთებული, რომ კონკურსი პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს (რეგლამენტის თანახმად, კობახიძეს მხოლოდ კონკურსის ვადები უნდა გამოექვეყნებინა), საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის (კონკურსის პირობის) შესაბამისი ნორმები შინაარსობრივად და რედაქციულადაც არსებითად განსხვადებიან ერთმანეთისგან, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები არ წარუდგენიათ "შესაბამისი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს" და დოკუმენტურად არც ის დგინდება, რომ მათი წარმდგენი ა(ა)იპ-ები "წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობდნენ სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში", კონკურსი პარლამენტის რეგლამენტისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დარღვევით ჩატარდა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ, ხოლო მეორე ტურში გასული კანდიდატები პარლამენტის სხდომაზე არ მიუწვევიათ) და კანდიდატები არათანაბარ პირობებში იყვნენ ჩაყენებულნი (კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი კანდიდატი მეორე ტურში ისე გავიდა, პირველ ტურში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია), ამასთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტს კანდიდატთა მონაცემების ნაცვლად (რაც რეგლამენტით ევალებოდა), ფაქტობრივად, საკუთარი შეხედულებით შედგენილი მათი "მოკლე ბიოგრაფიული ცნობები" გააცნო...

    ლოგიკურია, იუს-ს მიერ თანამდებობაზე ერთხმად გამწესებული მოსამართლე მილდენბერგერი სწორედ გერმანული სამართლიდან მთელ ევროპაში დამკვიდრებული იმ დანაწესით იხელმძღვანელებდა, რომლის თანახმად, "მოსამართლის არგუმენტაცია თანმიმდევრული, დასაბუთებული და შინაგანი წინააღმდეგობებისაგან თავისუფალი უნდა იყოს, მან არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, დაარწმუნოს მხარეები ამ გადაწყვეტილების კანონიერებასა და სამართლიანობაში." აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, მოპასუხის წარმომადგენლებიც და მესამე პირებიც სათანადოდ გაიაზრებენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ჯეროვნად დასაბუთებული "ისტორიული" გადაწყვეტილების მნიშვნელობას და მას არ გაასაჩივრებენ, რაც პარლამენტს ახალი კონკურსის გამოცხადებისა და იუს-ს დღევანდელი შემადგენლობის არსებითად შეცვლის საშუალებას მისცემს, ხოლო მანამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი შეჩერდება.

    ამასთან, კანონმდებლებიც დარწმუნდებიან, რომ არა მარტო მოსამართლეების, არამედ თავად იუს-ს წევრთა შერჩევის პროცედურაც და კრიტერიუმებიც აქვთ დასაზუსტებელი. არადა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან უკვე მე-4 რეფორმის მე-4 სტადიაზე ("ტალღაზე") მყოფ სასამართლოებთან მიმართებით ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ბესელიას ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების თაობაზე, ხოლო ჩუგოშვილმა დეპუტატებს იუს-დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა ურჩია.

    მოსამართლე მილდენბერგერის "ისტორიული" გადაწყვეტილება, რომელიც წერილობითი სახით მხარეებს უახლოეს დღეებში ჩაგვბარდება, საზოგადოებასაც გვაძლევს შანსს, მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმი (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება) დავძლიოთ და საქართველო მართლაც განვითარებულ სამართლებრივ სახელმწიფოდ ვაქციოთ. თორემ თუ არჩევნებისა და კონკურსების ჩატარებისას ვერ ვისწავლეთ "ევროსტანდარტების" (თუნდაც სამართლიანი კონკურენციის პრინციპის) დაცვა, ევროკავშირს ვინ ჩივის, შეიძლება ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკაროს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved