სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    08.04.2019

     (ასტანა-თბილისი)

    ალბათ, ბევრი არ ფიქრობს იმაზე, რომ მოინახულოს ყაზახეთი, მათ რიცხვს ადრე შეიძლება, მიგვეკუთვნებინა საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი და მათ შორის - მეც. თუ რატომ ვსაუბრობ წარსულ დროზე, ამას სტატიის ბოლომდე შეიტყობთ.

    ბოლო წლებში ყაზახი ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მუდმივად იზრდება საქართველოში, ხოლო ქართველი ტურისტების ყაზახეთში ხილვა დიდი იშვიათობაა. ბევრს აქვს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ იქ სანახავი არაფერია და გარშემო მხოლოდ ველებია.

    სინამდვილეში, ყველაფერი ასე არაა. ყაზახეთი სახელგანთქმულია არა მარტო თანამედროვე ქალაქებითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით, არამედ - ულამაზესი ბუნებით, მათ შორის - უნიკალური ბუნებრივი ნაკრძალები, ტბები, მთები, უკიდეგანო უდაბნოები, უღრანი ტყეები. ასევე, აქ მრავალი უნიკალური ადგილია, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ მოვლენებთან ან პიროვნებებთან, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს.

    ჩემი აზრით, ახალი მიმართულება მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე შეიძლება, გახდეს ცენტრალური აზიის რეგიონი და კონკრეტულად ყაზახეთი - ტერიტორიის სიდიდით პლანეტის მე-9 სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნიკალური მდებარეობა ორ ეკონომიკურ გიგანტს - ჩინეთსა და რუსეთს შორის. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე 20 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ყაზახეთს "უკიდეგანო ველის ქვეყანას" ეძახიან.

    როდესაც ვმოგზაურობთ, ჩვენ მივეჩვიეთ, ვხედავდეთ მთებს ან ზღვის სანაპიროს სასტუმროებით, ან მხოლოდ ველური ჯუნგლები და უდაბნოები - მაგრამ არა ყველაფერი ერთად. აქ, ამ ქვეყანაში თქვენ შეგიძლიათ, ერთად ნახოთ მრავალკილომეტრიანი ველები, მაღალი მთები, ულამაზესი ტბები, დაისვენოთ სამთო-სათხილამურო კურორტზე და გაისეირნოთ ტყეებში.

    ბოლო პერიოდში კულუტურულ-შემეცნებითი ტურიზმი უფრო პოპულარული გახდა მსოფლიოში, ვიდრე სპორტული და საზღვაო. ახალი ადამიანების გაცნობა, მეტი ინფორმაციის მიღება მათ კულტურაზე, ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებზე გაცილებით საინტერესოა. ამ კუთხითაც უდავოდ ღირს ყაზახეთის აღმოჩენა.

    ამ ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს ტურისტული პოტენციალის გახსნის კარგი შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, დედაქალაქი ნურ-სულტანი (ყოფილი ასტანა) უკვე დიდი ხანია, ცნობილია სამყაროსათვის, როგორც ადგილი, სადაც წყდება უმნიშვნელოვანესი საკითხები.

    აქ სხვადასხვა წელს გაიმართა მსოფლიოს რელიგიურ ლიდერთა სხდომები, ეუთო-ს სამიტი, მშვიდობიანი მოლაპარაკებები სირიის კონფლიქტზე, ასევე საერთაშორისო გამოფენა "ექსპო 2017". ტყუილად ხომ არ ჰქვია ნურ-სულტანს "ევრაზიის გული". საქმიანი ტურიზმის მოყვარულთათვის ყაზახეთის დედაქალაქი მისწრებაა.

    ნურ-სულტანი განსაკუთრებულად ხიბლავს თავისი არქიტექტურით ყველაზე პრეტენზიულ ტურისტსაც კი - სხვადასხვა ფორმის შუშის ცათამბჯენების პარალელურად თვალს იზიდავს ლამაზად შეღებილი საცხოვრებელი სახლები, პარკები და სკვერები მონუმენტებით.

    აყაზახეთის სამხრეთი დედაქალაქი ალმატი - ეს არის ქალაქი, რომელიც ცნობილია თავისი თვალწარმტაცი შემოგარენითა და სამთო-სათხილამურო კურორტ შიმბულაკით. ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს, რომლის შესახებაც მოგითხრობენ ქუჩების დასახელებები, ძეგლები და გასული საუკუნის ხის ნაგებობები. ქალაქი გარშემორტყმულია მთებითა და საბაგირო გზით - პირდაპირ ქალაქის სკვერიდან შეგიძლიათ, გაემგზავროთ კოკ-ტებეს მთაზე, სადაც დასასვენებელი პარკი და გადმოსახედი მოედნებია მოწყობილი, საიდანაც შეგიძლიათ, დატკბეთ ალმატის პეიზაჟით.

     ქალაქის შუაგულში, უზარმაზარ ტერიტორიაზე განლაგებულია ყაზახეთში უძველესი ბოტანიკური ბაღი, სადაც წარმოდგენილია თითქმის ყველა ცნობილი სახეობის მცენარე და ყვავილების ორანჟერეა.

    ალმატის ნებისმიერი ტურისტული მარშრუტი წარმოუდგენელია ჩარინსკის კანიონის მონახულების გარეშე - მდინარე ჩარინის გაყოლებაზე განლაგებული კლდეები მნახველებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. კანიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ცხოველები ბინადრობენ და შემორჩენილია გამყინვარების პერიოდის მცენარეებიც.

    ქალაქიდან 1 საათის სავალზე განლაგებულია კიდევ ერთი სამთო კურორტი - მედეუ, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ციცაბო სასრიალოთი, სუფთა ჰაერითა და ბუნებრივი ლანდშაფტით. კიდევ უფრო მაღლა განლაგებულია სამთო-სათხილამურო კურორტი შიმბულაკი.

    ალმატის კიდევ ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა კოლსაის ტბათა სისტემაა, რომელიც 3 ტბისგან შედგება ჩრდილოეთ ტიანშანში. ტყეები, მთები და სუფთა წყალი ყოველწლიურად იზიდავს ოჯახური პიკნიკების, კემპინგებისა და ცხენებზე ჯირითის მოყვარულებს.

    აყაზახეთის ჩრდილოეთით გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა ბურაბაი, რომელიც მდიდარია მთებითა და ტყეებით. უღრანი ტყეები იზიდავს აქტიური დასვენების მოყვარულებს, ხოლო მათ, ვინც უბრალოდ სანაპიროზე წოლას ამჯობინებენ, შეუძლიათ, ისიამოვნონ ბურაბაის, შუჩიესა და დიდი და პატარა ჩებაჩიეს ტბების სანაპიროებით.

    სამხრეთ ყაზახეთის უმსხვილესი ქალაქები - შიმკენტი და თარაზი გაჯერებულია ისტორიით. იქ ყოველთვის მზიანი და თბილი ამინდია და სადაც სტუმრებს ფერთა მდიდარი გამითა და აურაცხელი არომატით ხვდებიან.

    აყაზახეთის მონახულებისას არ შეიძლება, ყურადღება არ დაუთმოთ ეთნიკურ ტურიზმს, ეს ქვეყანა ხომ მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით ამაყობს. უძველესი ქალაქი ტურკესტანი განლაგებულია დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტზე, რომელიც ოდესღაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებდა. ქალაქმა შეინარჩუნა ისტორიული არქიტექტურა უძველესი საქარავნო მარშრუტებით.

    ქვეყნის დასავლეთით, კასპიის ზღვის გარდა, ასევე შესაძლებელია გაგაოცოთ ბეკეტ-ატას, შოპან-ატასა და კარამან-ატას მიწისქვეშა მეჩეთებმა, ომარისა და თურას მავზოლეუმმა, ნახევარკუნძულ მანგიშლაკის ნეკროპოლისმა და უძველესმა ნაქალაქარმა "სარაიშიკმა".

    აღმოსავლეთით უფრო პოპულარულია ეკოლოგიური ტურიზმი. აქ მიემგზავრებიან ნაკრძალ-მუზეუმ "ბერელის", ალაკოლის ტბის, კალჟირის კანიონისა და კატონ-კარაგაის ნაციონალური პარკის სანახავად.

    აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში მოქმედებს პროგრამა "საკრალური ყაზახეთი", რომლის მთავარი დანიშნულებაა - გაჩვენოთ და მოგითხროთ ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთ-ერთ ამგვარ საკრალურ ადგილებს შორის გამორჩეულია მთა აულიეტაუ, სადაც დაკრძალულია წინასწარმეტყველ ზარატუსტრას, ჟოში ხანის, ალაშა ხანის, ტოხტამიშ ხანის, ბია ედიგესა და სხვა ცნობილი სახელგანთქმულ წინაპართა ნარჩენები.

    ასევე, გულგრილს არ დატოვებს არც ერთ მნახველს ხოჟა ახმეტ იასაუის, აიშა ბიბის, ბაბაჯი ხათუნის, ალაშა-ხანის, ჟუბან-ანას მავზოლეუმები, აგრეთვე მემორიალურ-ისტორიული მუზეუმები - "კარლაგი" და "ალჟირი".

    მთლიანობაში, მრავალი არგუმენტი მოვიყვანეთ საიმისოდ, რომ გაგჩენოდათ მოტივაცია ამ მშვენიერ ქვეყანაში სამოგზაუროდ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, საკუთარი თვალით იხილონ ყაზახეთის უნიკალური ღირსშესანიშნაობები. მერწმუნეთ, საქართველოსგან არცთუ ისე შორს მდებარეობს ქვეყანა, რომელიც გააკვირვებს ყველას, ვინც მას მოინახულებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved