სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    13.05.2019

     ავთანდილ კახნიაშვილი

    სამართლის დოქტორი

    საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს გაზეთის მეშვეობითაც დავუსვი 5 კითხვა და ოფისებშიც ვეახელი. მაინტერესებდა, ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შემთხვევაში როგორ აპირებდნენ თუნდაც რამდენიმე საშინაო პრობლემის მოგვარებას. ვინაიდან პასუხი არც ერთმა არ გამცა, არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღე.

     ვინაიდან მთაწმინდა-სოლოლაკი კვლავ წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალებით მოირთო და ამჯერად უკვე გაპრეზიდენტებული პარლამენტარის შემცვლელს ვეძებთ, ხოლო თითოეული დამატებითი ხმისთვის კანდიდატები, როგორც ჩანს, ძალისხმევას არ იშურებენ, გადავწყვიტე, იგივე კითხვები მათაც დავუსვა.

    იმის გათვალისწინებით, რომ დეპუტატობის მოსურნეთა შორის რამდენიმე უმაღლესი კვალიფიკაციის (თანაც საზღვარგარეთ განსწავლული) იურისტი და ისტორიკოსია, დარწმუნებული ვარ, არ გაუჭირდებათ რიგითი ამომრჩევლის კითხვებზე პასუხის გაცემა, მით უმეტეს, რომ თითოეულ კითხვას პრობლემების ჯეროვნად გააზრებისთვის მცირე კომენტარიც დავურთე. ამასთან, კანდიდატების პოზიცია მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და დანარჩენ მოქალაქეებსაც დაეხმარება არჩევანში:

    1. რატომ არის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრძანებულ ყველა (20-ზე მეტ) ხატზე, ასევე, თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზე მხედარი მარჯვნივ მიმართული, ხოლო დღევანდელ ე.წ. სახელმწიფო გერბზე - მარცხნივ?

    ფაქტია, რომ, პარლამენტის 1999 წლის დადგენილების თანახმად, სახელმწიფო გერბი "კვართიან-დავითიანი" უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალი გერბი "ნაციონალურმა" პარლამენტმა 2004 წელს სპეციალური კომისიის დასკვნის გარეშე მიიღო, ერთი წლის შემდეგ კი მასში კორექტივები შეიტანა. ამასთან, ცნობილია, რომ ჰერალდიკური ნიშნის მიმართულების ცვლილება შინაარსს დიამეტრულად ცვლის. შესაბამისად, მაგ., სიკეთის აღმნიშვნელი სიმბოლო შემოტრიალების შემდეგ უკვე ბოროტებად აღიქმება, მტერს გამოდევნებული (გამარჯვებული) მხედარი მიმართულების შეცვლით დევნილი (დამარცხებული) ხდება, ხოლო მობრუნებული კანონიერების სიმბოლო უკვე უკანონობას აღნიშნავს;

    2. რა შინაარსით გესმით "ქართული" ხუთჯვრიანი დროშა (პარტიულია, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური) და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ძირითადი სახელმწიფო სიმბოლოს დასადგენად კონკურსი უნდა გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო საბოლოო სახე ორგანული კანონით დადგინდეს?

    ფაქტია, რომ ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომლის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას "უპირველესი სიმბოლოს" ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ შეუძლია. არსებული სახის ხუთჯვრიანი დროშა კი პირველად "მოქკავშირის" ღონისძიებებზე გამოჩნდა ("იერუსალიმის ჯვარი" სრულიად სხვა ფორმისაა). სააკაშვილმა ის პარტიულ სიმბოლოდ აქცია და დავით აღმაშენებლის დროშად "მონათლა", ხოლო დღეს უკვე, "სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად" ითვლება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო დროშა ორგანული კანონით უნდა იქნეს მიღებული, დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე მას "პრეზიდენტის 2003 წლის 14 იანვრის დადგენილებით" დაწესებულად მიიჩნევს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მკერდზე მიმაგრებული "საიდენტიფიკაციო ნიშანი" აშკარად არსებითად განსხვავდება კანონმდებლობით დადგენილი "სტანდარტული ზომისა და ზუსტი გამოსახულებისგან";

    3. მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სახელმწიფოს საკუთრებაში შენარჩუნება?

    მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციით, "საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია", ფაქტია, რომ ქართველი ერის სამარადჟამო სამკვიდრებელისა და სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდა. ფაქტია, რომ დღემდე აზერბაიჯანსა და სომხეთს მთელ პერიმეტრზე მავთულის ღობითაც კი ვერ გავემიჯნეთ და უშუალოდ ე.წ. სასაზღვრო ზონაშიც აქტიურად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების "მეზობლებზე" გადაფორმება;

    4. მხარს დაუჭერდით თუ არა სპეციალური (ფაქტობრივად, ანტიკორუფციული) კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში განხორციელებულ პრივატიზაციას?

    5. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ "სამართლიანობის აღდგენა" მოითხოვს, გასამართლდნენ საქართველოში "აჯანყება-რევოლუციებისა" და შიდა შეიარაღებული კონფლიქტების ორგანიზატორები, ამასთან, ჩამოერთვათ მათ და მათთან დაკავშირებულ პირებს ის დაუსაბუთებელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც კორუფციის (თანამდებობის პირად ინტერესებში გამოყენების) გზით დააგროვეს?

    არ მგონია, კითხვები რთული იყოს, ვინაიდან პირველი ორი, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოს ისტორიასა და მარჯვენა-მარცხენას თაობაზე ითხოვს ელემენტარულ გათვიცნობიერებას, დანარჩენი სამი კი ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებს ეხება. იმედი მაქვს, აღნიშნული კითხვებით ჟურნალისტებიც დაინტერესდებიან და დეპუტატობის კანდიდატებს დაუსვამენ.

    ჩემი ნება რომ იყოს, "ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის" პრეზიდენტობისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს, ჯანმრთელობის ცნობასთან ერთად, სამართლის (კონსტიტუციის) საფუძვლებსა და ე.წ. ზოგად უნარებში ტესტური გამოცდის წარმატებით დაძლევას მოვთხოვდი. არ შეიძლება, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სახელმწიფოს "ხალხის რჩეულების" საჯარო განცხადებები ან/და ქმედებები კანონშეუსაბამო იყოს, ან, კიდევ უარესი, ულოგიკო ან ამორალური.

    ამასთან, ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, არსებითად არ მიმაჩნია, თუ ვინ იქნება ჩვენი მორიგი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში. გაცილებით მნიშვნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად, თუ საარჩევნო გარემო რადიკალურად არ შეიცვალა და იგივე პროცედურები დარჩა, როგორც ჩანს, სადეპუტატო მანდატების უმრავლესობას ე.წ. ევროინტეგრაციისა და ლიბერალური იდეოლოგიის პლატფორმაზე "გაერთიანებული ოპოზიცია" დაეუფლება, ხოლო ყოფილი "მოქალაქეების", "ნაცებისა" და "მეოცნებეების" მეორე ნაწილს საპარლამენტო უმცირესობაში ვიხილავთ.

    ამდენად, პირველ რიგში, თვითონ საქართველოს მოქალაქეებმა (ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად) მეტი აქტიურობით უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოც და მასში მცხოვრები ადამიანის უფლებებიც, ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურისა თუ სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე, ხოლო ხმის მიცემამდე მკაფიოდ უნდა გავიაზროთ (თუნდაც კონსტიტუციაში ამოვიკითხოთ), თუ რა ფუნქციები აკისრია პარლამენტის წევრს და შემოთავაზებული კანდიდატებიდან, პირველ რიგში, პიროვნული თვისებებით გამორჩეულ სამართალმცოდნეებს უნდა დავუჭიროთ მხარი.

    ერთი, მაგრამ არჩევნების ბედის გადამწყვეტი, ხმის მქონე საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ როგორც პრეზიდენტობის, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმომადგენლობის მსურველსაც, პირველ რიგში, ღირსეული ქცევა, ტრადიციებისადმი ერთგულება და კანონისადმი პატივისცემით მოპყრობა უნდა მოსთხოვოს. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების "ურყევი ნება" მართლაც სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაა, ხოლო თუ მხოლოდ ბუტაფორიულ-ფასადური დემოკრატიისა და პლუტოკრატიული ტირანიის ("ბანანის რესპუბლიკის") სტატუსს დავჯერდებით, უმჯობესი იქნება, არჩევით თანამდებობებზე გამწესება ეკონომიკის სამინისტროს მივანდოთ. შედეგად, "ხალხის რჩეულებს" პირდაპირ აუქციონებით შევარჩევდით, რითაც ბიუჯეტიც საკმაო თანხით შეივსებოდა და არც სააგიტაციო "ბუკლეტ-ბილბორდ-ბანერებში" გადავყრიდით ფულს უაზროდ. ისიც ხომ ფაქტია, რომ დედაქალაქის ცენტრში განთავსებული 1-ელი მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის 44 ათასამდე ამომრჩეველი იურისტებს არ წყალობდა და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას ხან ჟურნალისტს, ხან ბიზნესმენს და ხან მსახიობს ანდობდა.

    დაბოლოს, ვინაიდან "ალბათობის მაღალი ხარისხით" ვიცი, მომავალ პარლამენტში უმრავლესობით ვინ მოვა, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ თუ რომელიმე კანდიდატი (თუნდაც არაიურისტი) ჩემს კითხვებზე დასაბუთებულ (გონივრულ) პასუხებს გამცემს, ხმასაც მივცემ და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოსაც წარვუდგენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×