სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    13.06.2019

     ყაზახეთში ახლახანს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პროგნოზირებადი გამარჯვება მოიპოვა პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ და ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ნურსულტან ნაზარბაევის მემკვიდრემ კასი-ჟომარტ ტოკაევმა, რომელმაც ხმათა 70,96% მიიღო.

    თუმცა, ეს არჩევნები განსხვავდებოდა ყველა სხვა არჩევნებისგან, რომელიც კი აქამდე ჩატარებულა ყაზახეთში - უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მასში პირველად არ მიიღო მონაწილეობა ქვეყნის უცვლელმა ლიდერმა და პირველმა პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა, რომლის სახელსაც ამჟამად უკვე ყაზახეთის დედაქალაქი ნურ-სულტანი (ყოფილი ასტანა) ატარებს.

    ასევე, პირველად საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში მასში წარმოდგენილი იყო 7 კანდიდატი, რომლებიც აბსოლიტურად განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკურ მიმართულებებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს წარმოადგენდნენ. აქ იყვნენ - ლიბერალები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ნაციონალისტები... მოკლედ, საკმაოდ მრავალფეროვანი პოლიტიკური მენიუ გარანტირებული იყო.

    პირველად მოხდა და მეტად საინტერესოა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ქალმა კანდიდატმა - პარტია "აკ ჟოლის" ლიდერმა დანია ესეპაევამ, რომელმაც მე-3 შედეგი აჩვენა და ხმათა 5,05 პროცენტი მიიღო.

    ყველაზე სერიოზული შედეგი ოპოზიციიდან "გაერთიანებული ნაციონალურ-პატრიოტული მოძრაობის" კანდიდატმა ამირჟან კოსანოვმა აჩვენა, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 16,23% მისცა, რაც 1 495 401 ადამიანს შეადგენს და ეს მნიშვნელოვანი განაცხადია ყაზახეთის საზოგადოებრივობის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ქვეყანაში ცვლილებები უნდათ.

    ფაქტია, რომ ოპოზიციური სპექტრი ამ არჩევნებზე უფრო სტაბილურად გამოიყურებოდა და გაცილებით უფრო სოლიდური შედეგებიც აჩვენა, ვიდრე ადრე, რაც ყაზახეთის სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაზე და განვითარებაზე მიუთითებს.

    არჩევნების დღეს დედაქალაქ ნურ-სულტანსა და ალმატიში გამართული საპროტესტო გამოსვლები იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის გარკვეულ ფენას სურს უფრო სწრაფი რეფორმები და ცვლილებები ქვეყანაში, მათ შორის დემოკრატიული ტრანზაქციის მიმართულებით.

    ყაზახეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა აწარმოოს დიალოგი ყველასთან - მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთანაც.

    არჩევნებზე წარმოდგენილი იყო დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც მონიტორინგს ქვეყნის მთელი მასშტაბით ახორციელებდნენ. ყაზახეთში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან ეუთოს მისიის 300-ზე მეტი დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს.

    არჩევნების პროცესზე დაკვირვება ყაზახეთის დედაქალაქსა და რეგიონებში ხორციელდებოდა და საერთაშორისო სტანდარტებთან საარჩევნო პროცესის შესაბამისობას ითვალისწინებდა.

    ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიას გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა: "ეს არჩევნები წარმოადგენდა მნიშვნელოვან მომენტს ყაზახეთის საზოგადოებისთვის, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი არჩევნებში არ მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ შვიდი კანდიდატი იყო, მათ შორის პირველად ქალი, საარჩევნო პროცესმა აჩვენა, რომ არსებობს რეალური დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და სამართლებრივი რეფორმების საჭიროება" - განაცხადა გიგი წერეთელმა, ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ არჩევნების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, საერთაქშორისო და ადგილობრივი მედია ესწრებოდა.

    "ახალმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, გააძლიერონ ინსტიტუტებისადმი ნდობა და გაამართლონ ხალხის მოლოდინი. ეუთო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ყაზახეთთან ამ ნაბიჯების გადასადგმელად" - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

    მთლიანობაში აშკარაა, რომ პოლიტიკური კონკურენციის ნიშნები იკვეთება ყაზახეთში, რაც შესაძლებლობას მისცემს ოპოზიციას კიდევ უფრო სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს მმართვეს პარტიას 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved