სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აკაკი გვიმრაძე
    18.06.2019

     მაისობა ვენაში - უპირველეს ყოვლისა ეს არის ევროპის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მედიაკონგრესი, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს ევროპის არისტოკრატული დედაქალაქის მერიის ისტორიულ და დიდებულ შენობაში იმართება.

    500-მდე მედიამენეჯერს, რედაქტორსა და ჟურნალისტს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა ერთ რათჰაუზქვეშ შეკრებილიყვნენ და 3 დღის განმავლობაში თანამედროვე მედიის ყველაზე მწვავე პრობლემებზე ღიად დისკუსია გაემართათ, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება, ეკამათათ, ემსჯელათ... ექეიფათ.

    კომპანია JTI-ის (JTI რეალურად ზრუნავს ქართული მედიის განვითარებაზე) და მისი უკეთილშობილესი კომუნიკაციების მენეჯერის ანა სხილაძის გულისხმიერი დახმარებით მედიადელეგაციას საქართველოდან ამჯერადაც (ისევე, როგორც ყოველ წელს) მიეცა უნიკალური შესაძლებლობა ყოფილიყო განუყოფელი ნაწილი ამ უმნიშვნელოვანესი ფორუმისა.

    ქართული მედიის ვარსკვლავები: გიორგი შარაშიძე, მაიკო წერეთელი და ანა კობაიძე - აი ამ ხალხთან ერთად მქონდა პატივი მიმეღო მონაწილეობა კონგრესში და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პანელი სწორედ გიორგი შარაშიძის მოდერატორობით გაიმართა, სადაც განსჯის მთავარი თემა ეგრედ წოდებული "ფეიკ ნიუსის" (ყალბი ინფორმაციის) პრობლემა იყო აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოურ სივრცეზე.

    გიორგის მოდერატორობამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რომელმაც განაპირობა კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და დამაინტრიგებელი პანელის წარმართვა (გრინცინგის მადლი აღარ მღირსებოდეს, თუ რამეს ვაჭარბებდე).

     ვენის მედიაკონგრესის მასშტაბურობის და მნიშვნელობის დამადასტურებელი ისიც იყო, რომ ის თავად ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა მედიის მნიშვნელობასა და როლზე სახელმწიფოს დემოკრატიულობის უზრუნველყოფის პროცესში.

    ვთვლი, რომ ვენის კონგრესის უნიკალურობა ისიცაა, რომ აქ დიდი მედიაჰოლდინგების და ცნობილი გამოცემების პარალელურად, თავის წარმოჩენის შესაძლებლობა პატარა, რეგიონალურ მედიებსაც ეძლევათ, რომლებიც ღიად საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე და მედიისთვის ამ მძიმე პერიოდში თავის გადარჩენის და განვითარების განსხვავებულ მოდელებს გვთავაზობენ.

    საკვანძო და საღერძო თემა კი, რომელიც ბოლო წლების ევრომედიის მთავარი სადარდებელია - სამყაროს ტოტალური დიჯითალიზაციის პირობებში, როგორ შევძლოთ ოქროს შუალედის მოძებნა და ბალანსის დაცვა ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებს შორის.

    წარმატების 100%-იანი რეცეპტი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგანაც ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს, ყოველ წელს რაღაც იცვლება, ტექნოლოგიური განვითარების ტემპი უბრალოდ კოსმიურია და ჩვენც სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ყოველ წელს ერთად, რომ ერთმანეთს მოვეფეროთ, დავეხმაროთ და რამე ვურჩიოთ - მედია ხომ ბოლოს და ბოლოს ერთი დიდი ოჯახია.

    ამ დიდი ოჯახს მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმის JTI-ის კორპორაციული განვითარების უფროს ვიცე-პრეზიდენტს სიუზან ვაიზს, რომელმაც საქართველოს და ქართული მედიის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოიჩინა და დაკავებულობის მიეხადავად ჩვენთან სასაუბროდ მოიცალა. ექსკლუზიურ ინტერვიუს ძირითადი მომენტები, რომელსაც გიორგი შარაშიძე უძღვებოდა, ასეთია.

    - მოდით შევეხოთ JTI-ს თანამშრომლობას ევროპულ საგამომცემლო კონგრესთან. რატომ გადაწყვიტეთ, მედიის განვითარების მხარდაჭერა?

    სიუზან ვაიზი: ეს გამჭვირვალობას უკავშირდება. თუ ვამბობთ, რომ ვაპირებთ ამ პრობლემების გადაჭრას, მზად უნდა ვიყოთ გადაჭრის გზებზე ღიად სასაუბროდ. ამისათვის კი აუცილებელია ძლიერი მედია, რომელიც ამ ყველაფერს პროფესიონალურად გააშუქებს.

    კავშირი ნათელია: ჩვენთვის, როგორც თამბაქოს კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას. მოგეხსენებათ, თამბაქოს ინდუსტრიას, სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად ბლოკავენ სხვადასხვა ფორუმებზე. ჩვენ, როგორც ლეგალურ ბიზნესს, რომელიც აქტიურადაა ჩაბმული მდგრადი განვითარების საკითხებში, გვეთქმის სიტყვა და უნდა გვქონდეს საშუალება საჯაროდ ჩვენი მოსაზრების დასაფიქსირებლად.

    - თქვენი კომპანიის ახალი სტრატეგია ეხება მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

    სიუზან ვაიზი: ვფიქრობ, კომპანიის მდგრადობა და პასუხისმგებლობა წლებია, არის მთავარი ღერძი, რასაც ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა. ნაწილობრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ვართ იაპონური კომპანიის შვილობილი კომპანია. დღესაც კი, იაპონია ოდნავ მეტი გრძელვადიანი ხედვით გამოირჩევა სხვა ქვეყნებთან შედარებით.

     ასე რომ, პასუხისმგებლობა და მდგრადობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო Japan Tobaco-სთვის და იაპონიისთვის და სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება მთელი გუნდისთვის საერთაშორისო მასშტაბით. ცხადია, პირველ რიგში, ჩვენ ვართ ბიზნესი. ცხადია, გვინდა, რომ ვიყოთ მომგებიანი და წარმატებული ბიზნესი, თუმცა არა ყველაფრის ფასად.

    JTI-ში ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორი ქმედებაა. სადაც უნდა მოხვდეთ, ჩვენი ბიზნესის ნებისმიერ ერთეულში, ყველგან წააწყდებით ამას: ადამიანებს გულწრფელად სურთ, რასაც აკეთებენ, იყოს სწორი, იქნება ეს მომხმარებლისთვის, აქციონერებისთვის თუ ფართო საზოგადოებისთვის. ეს, ფაქტობრივად, ჩვენი ბიზნესსტრატეგიის საფუძველია.

    - ჩემი შემდეგი კითხვა სწორედ JTI-ის გამჭვირვალობას ეხება: რამდენად გამჭვირვალეა კომპანია ამ მიმართულებით? აქვეყნებთ თუ არა წლიურ ანგარიშებს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს კომპანია მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად?

    სიუზან ვაიზი: აქამდე არსებული პრაქტიკით, კომპანიები აშუქებდნენ სთკ აქტივობას ზკ-ის მიზნით. თუ გულისამაჩუყებელ ისტორიას გააშუქებ - ვთქვათ, კომპანია დაეხმარა შიმშილის პირას მყოფ აფრიკელ ბავშვებს - ამით ბრენდი პოპულარული გახდება. თუმცა, თანდათან თავმომწონეობას უნდა შევეშვათ და გულწრფელად ვაღიაროთ, რა პრობლემები და გამოწვევებია ბიზნესის წინაშე მდგრადობის მიმართულებით - ადამიანების უფლებები, მიწოდების ჯაჭვი თუ ნებისმიერი სხვა. უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რის გაკეთებას ვაპირებთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

    - არ შემიძლია არ დაგისვათ კითხვა ჯანდაცვასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, SDG 3 ეხება საყოველთაო ჯანმრთელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფას. რა პასუხი გაქვთ, როგორც თამბაქოს ბიზნესს, ამ წინააღმდეგობრივ მიზანზე?

    სიუზან ვაიზი: ამ შეკითხვას ორ ნაწილად ვუპასუხებ. პირველი საკითხი - თამბაქოს კონტროლის აქტივისტები გაშმაგებით აპელირებენ SDG 3-ზე იმისათვის, რომ გამოგვთიშონ ამ თემებთან დაკავშირებული ყველანაირი დებატიდან. მცდელობაა, რომ გაგვაჩუმონ და არ მოგვცენ საშუალება, ვილაპარაკოთ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

    ზოგიერთი არსებული პრობლემა კი ენდემურია თამბაქოს ინდუსტრიისთვის - მაგალითად, ბავშვთა შრომა. ეს პრობლემა ფართოდაა გავრცელებული აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც ჩვენ თამბაქოს ნედლეულს ვყიდულობთ. იქ ოჯახურ, ფერმერულ მეურნეობებში ბავშვების შრომა, სკოლაში სიარულის ნაცვლად, ჩვეულებრივი ამბავია. JTI-ის აქვს პროგრამა (ARISE), რომელიც ამ პრობლემას წარმატებით ებრძვის. ამ პროგრამის წყალობით, 50 000-ზე მეტი ბავშვი მიუბრუნდა სკოლას.

    თუმცა, მიუხედავად ამისა, თამბაქოს კონტროლის აქტივისტები აცხადებენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ხმის ამოღების უფლება და ჩვენი გამოცდილება სათვალავში არ არის ჩასაგდები; რადგან საყოველთაო ჯანმრთელობაზე არ გვაქვს დადებითი გავლენა ე.ი. სხვა პრობლემების მოგვარებაც არ შეგვიძლია. ეს კი, უბრალოდ, მორალურად არასწორია.

    რაც შეეხება მეორე მხარეს - ჩვენ, როგორც თამბაქოს კომპანია, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, რომ ჩვენს პროდუქციაში გამოიყენება ისეთი ინგრედიენტები, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენ ამას აბსოლუტურად ღიად ვაფიქსირებთ და ვაფრთხილებთ მომხმარებელს პოტენციური რისკების შესახებ.

    ამასთანავე, გვჯერა, რომ ინფორმირებულ, ზრდასრულ მომხმარებელს შესწევს უნარი თავად მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი. გარდა ამისა, სულ უფრო მეტ რესურსს ვდებთ ალტერნატიულ, ე.წ. ნაკლები რისკის მქონე პროდუქტებში, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტის სახეობები. გვჯერა, რომ ნაკლები რისკის მქონე პროდუქტების განვითარება ერთ-ერთი გზაა SDG 3-ის მისაღწევად. ეს ფაქტორები უნდა გვაძლევდეს ხმის უფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან, მათ შორის სამთავრობო უწყებებთან, მთელ რიგ საკითხებზე, როგორიცაა ალტერნატიული პროდუქტების რეგულირება, ბავშვთა შრომის აღმოფხვრა თუ სხვა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×