სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    30.07.2019

     ბატონო პრემიერ-მინისტრო,

    თქვენდამი ეს ღია მიმართვა 20 ივნისის წინ დაიწერა, როდესაც განათლების, მეცნიერების, კულ¬ტუ¬რი¬სა და სპორ¬ტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, გაახმოვანა რამდენიმე „ფუძემდებლური“ მოსაზრება, რომლებსაც, როგორც ჩანს, უნდა დაეყრდნოს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის მორიგი ტალღა. ბუნებრივია, ქვეყანაში განვითარებული ვნებათაღელვათა „კასკადის“ გამო მიმართვის გამოქვეყნება გადავდეთ. თუმცა ვთვლით, რომ ახალგაზრდა თაობის განათლების საქმე და საამისო სისტემა ქვეყნის მომავლისა და მისი რაობისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის,  ფუნდამენტური პრობლემაა - განათლების კრახი ერის კრახია. თქვენგანაც მოველით შესაბამის შეფასებასა და რეაგირებას.  

    მინისტრის მოადგილის მიერ გახმოვანებული თეზები უგულებელყოფს ახალგაზრდის განათლების მიღებისა და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესების მრავალპლასტიან ბუნებას, ამ ხილული თუ სიღრმისეული პლასტების პირდაპირ და ირიბ ურთიერთკავშირებს. მეტიც, ისინი განათლების ცნებას არსს აცლიან და იგი დაჰყავთ მის სუროგატულ შემცვლელზე - მომავალი თაობის ტრენინგზე ბავშვობის ასაკიდან. ამაზე მეტყველებს ქალბატონი ირი¬ნა აბუ¬ლა¬ძის საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები. თვალსაჩინოებისათვის საკმარისია, გავიაზროთ მისი ორი შეხედულება: 

    1. „რეფორმის მიზანია, რომ მოსწავლეებმა მომავალში არ აიღონ ისეთი ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ვერ შეასრულებენ“. 

    2. „21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი, იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები, ან კიდევ - ფიზიკის. უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული“.

    გაუგებარია, როგორ შეიძლება განათლების რეფორმის მიზანი იყოს რაიმე კონკრეტული ჩვევის გამომუშავება? განათლება ახალგაზრდას შთაგონებას უნდა უძლიერებდეს, ჰორიზოტს უნდა უფართოებდეს და კრიტიკული აზროვნების უნარს უყალიბებდეს, კონკრეტული ცნებების (მათ შორის, მათემატიკის კონკრეტული ფორმულებისა და ფიზიკის კონკრეტული კანონების) ანალიზით მის ტვინს მრავალწახნაგოვნად „ლესავდეს“ და ავარჯიშებდეს. სწორედ ასეთ ფუნდამენტურ ინსტრუმენტებზე დაფუძნებული სოციალური და ყოფითი (მათ შორის, ფინანსური) აქტივობა  იქნება ღირებული; სწორედ ასეთი, აზროვნების კულტურის მქონე, ადამიანების ერთობას შეუძლია შექმნას ქმედითი, თავის-უფალი (ანუ - არა სხვისი უფლობისათვის განწირული) სახელმწიფო 21-ე საუკუნეში. 

    ზედმეტი არ იქნებოდა, რომ მინისტრის მოადგილეს კონკრეტული ევროპული მაგალითები მაინც შეესწავლა და გაეთვალისწინებინა. დასავლეთში ახალგაზრდების ბიზნესში ინტეგრირების საკმაოდ გავრცელებული, აპრობირებული გზაა  პირველ ეტაპზე ღრმა მათემატიკური და ფიზიკური განათლების მიღება (ანუ - მინისტრის მოადგილის ლექსიკით - „მათემატიკური ფორმულებისა და ფიზიკის კანონების“ საფუძვლიანი შესწავლა), ამ მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომის შესრულება და მხოლოდ ამის შემდეგ გადასვლა ფინანსურ და საწარმოო საქმიანობაზე. ბუნებრივია, ასეთი განათლების მქონე ახალგაზრდა/მოქალაქე არის ქმედობაუნარიანი, „გაც¬ნო¬ბი¬ე¬რე-ბუ¬ლი აქვს სა¬კუ¬თა¬რი როლი სა¬ზო¬გა¬დო¬ე¬ბა¬ში“, ნამდვილად შესწევს  უნარი, „შეასრულოს ფინანსური ვალდებულებები“ და მეტიც - იყოს საზოგადოების ფინანსური, საწარმოო და პოლიტიკური ცხოვრების გამწევი ძალა. ცხადია, დასკვნა ტრივიალური და ბანალურია, მაგრამ მინისტრის მოადგილის ლოგიკა სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს და იძულებულნი ვართ, გავახმოვანოთ იგი:  ახალგაზრდის „სა¬ზო¬გა¬დო¬ე¬ბა¬ში სა¬კუ¬თა¬რი როლის გაც¬ნო¬ბი¬ე¬რე-ბისა“ და „ფინანსური ვალდებულებების შესრულების“ უნარები გამომუშავდება არა უშუალოდ ამ საკითხებში ტრენინგით (რაზეც, ფაქტობრივად, დადის მინისტრის მოადგილის განცხადებები), არამედ - საფუძვლიანი განათლებით.   

    თუკი  „ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის მორიგი ტალღა“  მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეა დაფუძნებული, მაშინ ეს ეჭვქვეშ აყენებს  როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე ქვეყნის მომავალს, მის ბედს. ამდენად, თუკი მსგავსი „აზროვნების“ ხელმძღვანელთა ქმედებები დროულად არ შეჩერდება, ეს „რეფორმა“  საბედისწერო აღმოჩნდება, ვინაიდან  წინასწარვე ცხადია, ასეთ „ტალღაზე“  (ანუ - პრიმიტიული ტრენინგული სულისკვეთებით) „აღზრდილ“ ადამიანთა ერთობა გლობალიზაციის  რთულ ეპოქაში  ვერავითარ სახელმწიფოებრიობას ვერ შეინარჩუნებს;  ჩვენი ქვეყნის თავის-უფლება ფორმალურადაც მიილევა და ჩვენი „სახელმწიფოებრიობა“ დავა სხვათა ნების უპირობო აღსრულებაზე. ეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის აბსურდული, მაგრამ სევდიანი აღსასრული იქნება. 

    ეს მოვლენათა დრამატიზება არ არის - ვაი მას, ვინც ვერ ხვდება ფუნდამენტური განათლების გადამწყვეტ მნიშვნელობას ჩვენი მომავლისათვის, საქართველოს სუვერენულ ქვეყნად დარჩენისათვის. მიუხედავად ქართული საზოგადოების ღონეგამოცლილობისა, გვწამს, რომ მისი თვითგადარჩენის ინსტინქტი მოვლენათა ამგვარ მსვლელობას არ შეეგუება და შეაჩერებს მას, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ჩვენი ისტორიის გარდამტეხ ფაზებში. ბუნებრივად გვესახება, რომ საქართველოსადმი კეთილგანწყობილ ადამიანთა ერთობა, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი, მოვლენათა ასეთ მომაკვდინებელ მსვლელობას უნდა აცნობიერებდეს და ამას არ უნდა უშვებდეს. ამ მხრივ, ყველაზე მეტი მოგეთხოვებათ თქვენ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფალთ, მით უმეტეს, რომ დეკლარირებული გაქვთ უახლოეს მომავალში განათლების სისტემის დაფინანსების აქამდე არნახული ზრდა.

    ნუთუ თავისთავად ცხადი არ არის, რომ განათლების მორიგი „რეფორმისათვის“ დაფინანსების ზრდას, მით უმეტეს - სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მეოთხედის გამოყოფას, წინ უნდა უძღოდეს სტრატეგიის ჩამოყალიბება?! არ უნდა ვიცოდეთ,  კონკრეტულად რა ამოცანების გადაწყვეტას უნდა მოხმარდეს სხვა სფეროებისათვის ჩამოკლებული და განათლებისათვის მობილიზებული სახსრები? რაში დაიხარჯება ეს ფული  -  მინისტრის მოადგილის მიერ გახმოვანებული ზრახვების რეალიზაციაში, ანუ - ქვეყნის დაქცევაში? საუბედუროდ, შექმნილ სიტუაციას ესადაგება ვაიმარელი ბრძენის ნააზრევი: „ქმედით უმეცრებაზე უფრო დიდი საშინელება არაფერია“. მით უმეტეს, როდესაც ეს საშინელება საქვეყნო მასშტაბისაა და მის მომავალს წამლავს.

    მოგმართავთ მოწოდებით: მოუსმინეთ პროფესიონალებს, მეცნიერებს, ფართო კულტურული ჰორიზონტისა და აზროვნების მქონე ადამიანებს! საფუძვლიანად გაიაზრეთ განათლების სტრატეგია - ნუ გახდით მას ნაცმოძრაობის დაბალი რანგის მოხელეებისა და, ასევე, მათ წიაღში აღზევებული უსახური პიროვნებების განსასჯელად და განსაკარგავად!  

     

    „ქართული აკადემიის“ სახელით: 

    გოგი ანთელავა

    გიგა ბათიაშვილი

    თემურ გოცაძე

    აველინა დავითულიანი

    გელა დოლიძე

    ივანე კიღურაძე

    ჯემალ მებონია

    ზაზა მრელაშვილი

    თემურ ნანეიშვილი

    გოგი ქავთარაძე

    დავით ქარქაშაძე

    გიორგი ჩაგელიშვილი

    ნინელი ჭანკვეტაძე

    ალექსანდრე ხარაზიშვილი

    კოტე ჯანდიერი

    თამაზ ჯოლოგუა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×