სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.08.2019

     9 აგვისტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მორიგ კანდიდატს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ქალბატონ ნინო ქადაგიძეს გაესაუბრა. თავი ვალდებულად ჩავთვალე მის შესახებ ინფორმაცია, საზოგადოებასთან ერთად, იუს წევრებისთვისაც გამეცნო. 

    2017 წლის იანვარში პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი იუს არამოსამართლე წევრის ასარჩევი კონკურსის ბათილად ცნობას თაობაზე შევიტანე. ვთვლი, რომ კანონდარღვევით ჩატარდა, ვინაიდან კონკურსი პარლამენტს უნდა გამოცხადებინა და არა პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის რეგლამენტში მოცემული კონკურსის პირობა წინააღმდეგობაშია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნასთან, კანდიდატები ა(ა)იპ–ს „კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს“ ნაცვლად, „კოლეგიური ორგანოს ხელმძღვანელებმა“ წარადგინეს და არც წარმდენი ორგანიზაციების სამართალწარმოებაში მონაწილეობა დასტურდება... 

    ბუნებრივია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე კონკურსის შეჩერება მოვითხოვე, რაზეც საქალაქო სასამართლომ უარი მითხრა. კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში სწორედ ნინო ქადაგიძემ განიხილა („ზეპირი მოსმენის გარეშე“) და არ დამიკმაყოფილა, რაც მეტად „ორიგინალურად“ დაასაბუთა. თურმე, „წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე არაპირდაპირ, მაგრამ, ფაქტობრივად, ცდილობს შეაჩეროს საკანონმდებლო აქტის – პარლამენტის რეგლამენის 209–ე მუხლის მოქმედება, რაც წინამდებარე სარჩელის საფუძველზე არამიღწევადია. ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბევრად პრინციპულია ის გარემოება, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც კი არ ქმნის მოსარჩელის უფლებებში აღდგენის მექანიზმს და არ წარმოადგენს მოსარჩელის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის სამართლებრივ საშუალებას, რამეთუ იუს წევრობის კანდიდატის წარდგენის, კონკურსის გამოცხადების წესსა და პირობებს ადგენს არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პარლამეტის რეგლამენტი“...

    მიუხედავად იმისა, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტიც ადასტურებს, რომ გრამატიკული განმარტებით რეგლამენტის სადავო ნორმა არ შეესაბამება ორგანული კანონის მოთხოვნას, ხოლო კონკურსის შეჩერებას სხვა არსებითი დარღვევების გამოც ვითხოვდი, მოსამართლე ქადაგიძემ, ფაქტობრივად, მხოლოდ იმიტომ მითხრა უარი, რომ „არაპირდაპირ, მაგრამ, ფაქტობრივად, შევეცადე საკანონმდებლო აქტის მოქმედების შეჩერებას“... სწორედ, ადგილობრივი მართლმსაჯულების და დასაბუთების ასეთი „ნაციონალური სპეციფიკის“ შედეგია, რომ პარლამენტთან დავა დღემდე ვერ გასცდა სააპელაციო ინსტანციას, თუმცა 2 წლის წინ თანამდებობებზე კანონდარღვევით (ფაქტობრივად, გაყალბებული კონკურსებით) გამწესებული იუს არამოსამართლე წევრები, ქალბატონ ნინოსთან „გასაუბრების“ შემდეგ, მას იმავე პარლამენტს წარუდგენენ უზენაეს სასამართლოში ასარჩევად...

    მაინტერესებს, რუსეთიდან ჩამოსული ვინმე ოსტაპ ბენდერის ნეიროქირურგის თანამდებობაზე თბილისში დანიშვნა რომ გასაჩივრებულიყო სასამართლოში და ნიუ ვასიუკიში გაცემული მისი დიპლომის ნამდვილობაში შეეტანათ ეჭვი, მოსამართლე ქადაგიძე არც მას შეუჩერებდა უფლებამოსილებას და საშუალებას მისცემდა ჩვენი მოქალაქეებისთვის ოპერაციები წლების განმავლობაში უპრობლემოდ ეკეთებინა?! 

    იმავე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ქალბატონმა ნინომ ვერც თბილისის მერიისა და შპს „სი–ტი პარკის“, ფაქტობრივად, სრულად აშკარა თაღლითურ და კორუფციულ გარიგებაში დაინახა რაიმე მიუღებელი, თუმცა დედაქალაქის ახალმა მერმა (მითუმეტეს არაიურისტმა...), ფაქტობრივად, არჩევისთანავე, შეწყვიტა ხელშეკრულება არსებითი დარღვევების გამო... 

    ქალბატონი ნინო უზენაეს სასამართლოში მუშაობის პერიოდშიც იღებდა, ფაქტობრივად, აშკარად მიკერძოებულ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, როგორც მახსოვს, „ვარდების რევოლუციის” მეორე დღესვე, სწორედ მან სცნო გაყალბებულად მხოლოდ პროპორციული სიებით ჩატარებული არჩევნები, ხოლო მაჟორიტარების არჩევის პროცედურაში დარღვევები ვერ შენიშნა (ფაქტობრივად, „ნაციონალურ ინტერესები“ გაითვალისწინა...). ამასთან, არჩევნების კანონიერების საკითხი, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად გადაწყვიტა, ვინაიდან გვერდით კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი (ფაქტობრივად, კომუნისტებისდროინდელიდან შემორჩენილი...) ორი „სახალხო მსაჯული” ედგა.... ამასთან, მანვე, ვერც 2003 წლის 30 დეკემბრს, საქართველოს სახელით განჩინების გამოტანისას შენიშნა, რომ კანონით გაუთვალისწინებელი 5–ჯვრიანი დროშა, ფაქტობრივად, უკვე ყველა სახელმწიფო დაწესებულებებზე ფრიალებდა და `ზეპირი მოსმენის გარეშე” თქვა უარი იუსტიციის სამინისტროდან, ფაქტობრივად, პარტიული („ნაციონალური“) სიმბოლოს ჩამოხსნის თაობაზე 2000 წელს შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე... 

    რამდენიმე კითხვა კანდიდატის მიერ იუს ვებგვერდზე ატვირთული ავტობიოგრაფიის გაცნობის შემდეგაც გამიჩნდა. როდესაც, საქმეებით გადატვირთულობის გამო, მოსამართლეები ვადებში ვერ ეტევიან, ხოლო თბილისში ასეულობით სამართლის დოქტორი და დოქტორანტია (მხოლოდ თსუ–შია 400–ზე მეტი...), როგორ ახერხებს, აკადემიური ხარისხის არმქონე მოსამართლე რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში სალექციო კურსების კითხვას?! ამასთან, როდესაც 10 წელი უზენაეს სასამართლოში წერდა გადაწყვეტილებებს და იუსტიციის უმაღლეს სკოლაშიც ასწავლის მომავალ მოსამართლეებს ადმინისტრაციულ სამართალს, როგორ შეიძლება საკუთარი ავტობიოგრაფია ვერ შეადგინოს გამართულად და რედაქციული ხარვეზებით, ხელმოუწერელი, თარიღის მითითების გარეშე და მესამე პირში შევსებული წარადგინოს საპასუხისმგებლო კონკურსზე?! ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძესავით, იმ უნივერსიტეტის დასახელებაც ვერ მიუთითოს სწორად, რომელმაც, ფაქტობრივად, „სამართლიანობის აღდგენის“ უფლებამოსილება მიანიჭა...

    ამდენად, მიმაჩნია, რომ ქალბატონი ნინო სრულიად შეუსაბამოა მოსამართლის თანამდებობისთვის, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მის პიროვნულ და პროფესიულ თვისებებს იუს წევრები უმაღლესი ქულებით შეაფასებენ...

    ავთანდილ კახნიაშვილი

    სამართლის დოქტორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×