სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     საქართველოს მოქალაქეებმა კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ ჩვენი „ურყევი ნება დავამკვიდოთ სამართლებრივი სახელმწიფო“, რაც, პირველ რიგში, ქვეყანაში რეალურად დანაწილებული ხელისუფლებების შექმნას გულისხმობა. ამდენად, თუ ქართული სასამართლო არ ჩამოყალიბდა კანონმდებლისგან რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუტად, ვერც ადამიანის უფლებებს დავიცავთ ეფექტურად და არც ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად გვაღიარებენ. სწორედ სასამართლო უნდა აკონტროლებდეს პარლამენტს და კანონმდებლობაში „გაპარულ შეცდომებზე“ ან უკანონო ქმედებებზე მიუთითებდეს.

    ცნობილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლსაჯულებისთვის“ წამოიწყო კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“, რომლის მიზანია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების წარმოჩენა. შესაბამის ვებგვერდზე რეგულარულად ქვეყნდება კრიტიკული შენიშვნები იუს–ში ბოლო დროს მიმდინარე პროცესების თაობაზე. გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR)ს ანგარიშიც, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ახლახან კი პარლამენტის წინაშე სახალხო დამცველიც წარსდგა ანგარიშით და დეპუტატებს იმ სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნა, რაც მართლმსაჯულების გამნახორციელებელი უმაღლესი ინსტანციის არაგონივრული პროცედურით დაკომპლექტებას შეიძლება მოჰყვეს.

    მივიჩნევ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ქართულ სახელმწიფობრიობას იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება კვლავ მოქალაქეთა ერთი ჯფუფის მიერ მართული დარჩება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანიას საქმის განხილვისაც შენიშნა და გადაწყვეტილებაში ვერ დამალა გაოგნება თუ გაოცება დეპუტატებისა და მოსამართლეების „კოორდინირებული მოქმედების“ გამო...

    მიუხედავად ამისა, არც სახალხო დამცველს, არც ადგილობრივ არასამთავრობოებს და არც საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ყურარადღება არ გაუმახვილებიათ იმ ფაქტზე, რომ იუს–მა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ისე შეარჩია, თავად საბჭოს არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერებაა სადავო... 

    ვინაიდან 2017 წელს არამოსამართლე წევრთა ასარჩევი კონკურსები პარლამენტმა არსებითი დარღვევებით ჩაატარა, მათი გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელები იქნა შეტანილი. მესამე პირებად სასამართლომ არამოსამართლე წევრები ჩააბა. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურები, ფაქტობრივად, წინასწარ შეთანხმდნენ კვოტებისა და ასარჩევი კანდიდატურების თაობაზე... შესაბამისად, გასაგებია, რატომ არ დაესწრნენ ქვედა ინსტანციებში სასამართლო სხდომებს მესამე პირები და რატომ არ არის დავა დღემდე დასრულებული...

    ფაქტია, რომ პარლამენტის ვიცესპიკერმა (ჩუგოშვილმა) დეპუტატებს იუს–დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა შესთავაზა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მესამე პირების არჩევისას დაშვებული შეცდომები . ახლახან კი, უკვე იუს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იუს არამოსამართლე წევრები ფარული გარიგების საფუძველზე მოხვდნენ პარლამენტში, როდესაც საჯაროდ განაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდესო... 

    2019 წლის 16 ივლისს კი სასამართლოში უკვე უშუალოდ იუს წინააღმდეგ შევიდა სარჩელი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურის (კონკურსის) შეჩერებაა მოთხოვნილი... ლოგიკურია, სასამართლომ არც ამ შემთხვევაში დააკმაყოფილა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ხოლო საქმის განხილვა 6 ნოემბერს ჩანიშნა. 

    როგორც ჩანს, მესამე ინსტანციაში ამ საქმესაც საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ „მესამე პირების“ დახმარებით ახლახან შერჩეული კანდიდატები უკვე მოპასუხის მიერ უვადოდ გამწესებული მოსამართლეების რანგში დახვდებიან ... ცხადია, მათ შორის მოსამართლე ქადაგიძეც იქნება, რომელმაც 2 წლის წინ უარი თქვა სარჩელის უზრუნველყოფის სახით პარლამენტის მიერ გამოცხადებული არამოსამართლე წევრების ასარჩევი კონკურსის შეჩერებაზე... 

    ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც 23 სეტემბრიდან თითოეული კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს... თუმცა, კომიტეტს, როგორც ჩანს, აღარ ახსოვს, რომ დღემე არ განუხილავს, არა მარტო იუს არამოსამრთლე წევრებსის, არამედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კრიტერიუმებისა და პროცედურის დაზუსტების აუცილებლობის თაობაზე შეტანილი საკანონმდებლო წინადადებები... 

    ამდენად, თუ საზოგადოება არ გააქტიურდა და იუს მიერ მანკიერი პროცედურით შერჩეული 20 კანდიდატი პარლამენტმა ისევე გაამწესა „უზენაესში“, როგორც არამოსამართლე წევრები იუს–ში, ტერიტორიული მთლიანობაც რომ აღვიდგინოთ, სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, ისევ პლუტოკრატიული ტირანია (ძალადობაზე, თვითნებობაზე და ტყუილებზე დაფუძნებული რეჯიმი) შეგვრჩება ხელში. 

    ავთანდილ კახნიაშვილი,

    სამართლის დოქტორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×