სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.10.2019

     საარსებო მინიმუმი ფრიად მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური კატეგორიაა. ის წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, ცხოვრების დონის სოციალურ სტანდარტს, რომელიც გამოიყენება გასაცემი ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური დახმარებების ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის სრული ღირებულება შედგება, შრომის უნარიანი ადამიანის ნორმალური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტებისა.

    (ე.წ სასურსათო კალათა) და ასევე პირველადი მოხმარების არასასურსათო ნაწარმისა და მომსახურების მინიმალური რაოდენობის ხარჯებისაგან (საბაზრო ფასებით).

    ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან (1991წ) დღემდე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო რომ საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში არასრულფასოვნად იკვებება, რაც დაბალი სოციალური პირობებითაა გამოწვეული (მოსახლეობის 71% ღარიბ-ღატაკია) ვერ ახერხებს რეალური ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად შედარებით ძვირადღირებული პროდუქციის: ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების, თევზის, ხილის, ბოსტნეულის შესყიდვა-მოხმარებას და ძირითადად იაფფასიანი პროდუქტით - პურით, იკმაყოფილებს მოთხოვნილებას საკვებზე, რაც რაციონის 60%-ს აჭარბებს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი რაციონში 12-15%-ია. ყოველივე ამის გამო, მოსახლეობა წლების განმავლობაში განიცდის ცილოვან დეფიციტს, ვიტამინებისა და მიკრო ელემენტების ნაკლებობას რაც მთელ რიგ პათოლოგიურ დაავადებებს იწვევს, რაზეც ბოლო წლების სტატისტიკაც მეტყველებს. საყურადღებოა ისიც, რომ მეცნიერების დასკვნებით დაავადებათა 55% გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. უნდა აღინიშნოს რომ წინა ხელისუფლების დროს უარესი მდგომარეობა იყო: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით 45% იყო ღარიბი და 35% ღატაკი, ანუ 

    1,3 მილიონი ადამიანი. 2016 წლისთვის 13% ანუ 500 ათასი ადამიანი ამოვიდა ღატაკების ფენიდან და დარჩა 22% ანუ 800 ათასი ადამიანი, ღარიბებიდან კი 9% გადავიდა საშუალო ფენაში, რამაც საბოლოოდ 18% შეადგინა რაც მაინც ძალიან მცირეა, რადგან ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში იგი 60-65%-ს შეადგენს და ამიტომაც არის საქართველო ისევ უღარიბესი ქვეყნების რიგებში.

    აღსაღნიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2003 წლის თებერვალში საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის არასრულფასოვანი კვება NATO-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის კომიტეტმა, ჩემი, როგორც NATO-ში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის მოხსენების საფუძველზე საგანგაშოდ მიიჩნია და მიიღო ქმედითი ზომები თავისი მოვალეობისა და შესაძლებლობის ფარგლებში მისი გამოსწორებისათვის: სხვადასხვა ქვეყნების ჩარევით გამოგზავნილ იქნა ჰუმანიტარული სასურსათო პროდუქტები, გადმოირიცხა თანხები სოციალური პროგრამების განსახორციალებლად და საქართველოს ხელისუფლებას მიეთითა ღონისძიებების გატარების შესახებ. მაშინდელმა ხელისუფლებამ, იმავე წლის მაისში, ყოველგვარი საბიუჯეტო ხარჯების გაღებისა და სოციალური დახმარების ღონისძიებების გატარების გარეშე „იპოვა გამოსავალი“ და რეალური სურათის დაფარვის მიზნით „კორექტივები“ შეიტანა საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზებულ საქართველოს მოსახლეობისათვის დადგენილ ფიზიოლოგიურ ნორმებში. კერძოდ, შეამცირა ძვირადღირებული პროდუქციის ნორმა: ხორცის მოხმარების მაჩვენებელი 80გრ/დღ ჩათვალა ნორმად, რომელიც 2.5-ჯერ ჩამორჩება რეალურ მაჩვენებელს (200გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შეამცირა 4.5-ჯერ - 960გრ-დან 215გრ-მდე, ბოსტნეულის გაანახევრა - 370გრ-დან 182გრ-მდე, შაქარი შეამცირა 100გრ-დან 55გრ-მდე, ხოლო იაფფასიანი პროდუქტის- პურის ნორმა (350გრ/დღ) რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა საერთაშორისო სტანდარტს (200გრ/დღ) და მისი მაღალი ყუათიანობის გამო 

    (100 გრ პური იძლევა 220კკალ, ხორცი კი ორჯერ ნაკლებს თანაც პური მინიმუმ 10-ჯერ იაფია ხორცზე) გაზარდა 400გრ-მდე რის შედეგადაც საკვები რაციონის თითქმის ნახევარი პურზე მოდის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უსახსრობის გამო მოსახლეობის უმრავლესობა არც ამ რაოდენობაზე ჩერდება და ფაქტიურად 650-700გრ-მდე მოიხმარს რაც საკვებ რაციონში 60-65%-ს აღწევს, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში პურის მოხმარება საკვებ რაციონში 12-15%-ს არ აღემატება.

    აღნიშნული ოპერაციის ჩატარების შედეგად საკვებ რაციონში ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების: ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობაც მნიშვნელოვნად შეკვეცილია, კერძოდ ცილა უნდა იყოს 100-120გრ/დღეში და არის 72გრ/დღ, ცხიმი 90-100გრ/დღ და არის 72.2 გრ/დღ, ნახშირწყლები 400-450გრ/დღ და არის 334.3გრ/დღ., თანაც მათ მიერ რეკომენდირებული ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 2300კკალ/დღ, რაც სრულიად შეუსაბამოა FAO-ს მიერ დადგენილ ნორმებთან, რომლის თანახმად 2500კკალ-ზე დაბალი მაჩვენებელი არასრულფასოვან კვებად ითვლება და იგი დასაშვებია მხოლოდ ქვეყნის საგანგებო მდგომარეობის დროს, თანაც 

    ხანმოკლე პერიოდით. (2003 წლისათვის სასურსათო კალათამ 126 ლარი, შევაჭრების კოეფიციენტზე გამრავლებით 108 ლარი, საბოლოოდ საარსებო მინიმუმმა (საკვები პროდუქტების და სხვა ხარჯების შეჯამებით) კი 154 ლარი შეადგინა)

    აღნიშნული ფარსი განხორციელებული იქნა სასურსათო კალათის ღირებულების შესამცირებლად, რათა რაც შეიძლება მეტად შემცირებულიყო ის უზარმაზარი განსხვავება, რაც რეალურ კალათასა და პენსიებს, შემწეობებსა და არსებობისათვის საჭირო თანხებს შორის არსებობდა (და სამწუხაროდ დღესაც არსებობს). ამ ღონისძიებით ხელისუფლება შეეცადა დაეფარა სურსათის მოთხოვნა-მოხმარების შორის არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამოებანი და შეექმნა ნორმალურ მდგომარეობასთან მიახლოებული ვიზუალური სურათი. 

    რაც შეეხება ე.წ „შევაჭრების კოეფიციენტს“ (0.86%), იგი შემოტანილია 2003 წლიდან და მასზე მრავლდება სასურსათო კალათის ღირებულება, ფაქტიურად ამ უკანასკნელის ფასის კიდევ უფრო დაწევის მიზნით. რეალურად არავითარი შევაჭრება სასურსათო პროდუქციაზე (განსაკუთრებით ქალაქის მოსახლეობისათვის) არ არსებობს და არ უნდა ჩაითვალოს მართებულად მისი გათვალისწინება. ე.წ „შევაჭრების კოეფიციენტზე“ მეტად გასათვალისწინებელია ის, რომ სასურსათო პროდუქციის დიდ უმრავლესობას გააჩნია დანაკარგები საკვებად გამოყენებამდე მექანიკური თუ თერმული დამუშავების პროცესში, ამიტომ უპრიანი და მართებულიც იქნება ამ დანაკარგების გათვალისწინება, რაც გაზრდის სასურსათო კალათის ღირებულებას. „ახალი ფიზიოლოგიური ნორმების“ აშშ-ის მოქალაქეებისათვის დადგენილ ნორმებთან შედარებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს საშუალო ასაკის შრომის უნარიანი მამაკაცისათვის (31-50წ) განსაზღვრული ნორმები ბევრად ჩამორჩება არა მარტო იგივე კატეგორიის აშშ-ის მოქალაქისათვის რეკომენდირებულ ნორმებს, (კერძოდ ხორცზე-3.2-ჯერ, რძის პროდუქტებზე 3-ჯერ, ხილზე 2.3-ჯერ, ბოსტნეულზე 2-ჯერ) არამედ მნიშვნელოვნად ნაკლებია 4 წლის ბავშვის ნორმებზედაც კი, რასაც აბსურდამდე მივყავართ.             

     სამწუხაროდ, ამ დანაშაულებრივი ღონისძიების გადახედვით და გამოსწორებით არც ერთი მომდევნო ხელისუფლება არ დაინტერესებულა და 2003 წლიდან დღემდე სასურსათო კალათას და მისგან გამომდინარე საარსებო მინიმუმს ამ ნორმებით ანგარიშობენ. 

    უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე აღიარა რომ განსაზღვრული საარსებო მინიმუმი არარეალურია და შეცვლას ექვემდებარება, თუმცა ჯერჯერობით საარსებო მინიმუმის არარეალური, აბსურდული მაჩვენებელი (2013წ- 148 ლარი, 2014წ-160 ლარი, 2015წ- 163 ლარი, 2016წ-160, 2017წ-170 ლარი, 2018წ-175 ლარი, 2019წ-180 ლარი) დაფუძნებული ე.წ შეკვეცილ ფიზიოლოგიურ ნორმებზე, ფორმალურად ისევ შენარჩუნებულია, ქვეყნდება სხვა და სხვა ანგარიშებში, ინტერნეტის გვერდებზე, ტელევიზიით, რის შედეგადაც იქმნება მცდარი სურათი მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის საკმარისობის შესახებ, რაც მოსახლეობაში ქმნის ილუზიას რომ მისი საკვები რაციონი (რომელიც სრულიად აცდენილია რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებს) ნორმალურია და ფაქტიურად ისინი სხვადასხვა მძიმე დაავადებების მსხვერპლნი ხდებიან (გავიხსენოთ, რომ მსოფლიოში გავრცელებული არაინფექციური დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია). ასევე არარეალური, დაბალი მაჩვენებლები დგინდება ქვეყანაში საჭირო სასურსათო პროდუქციის რაოდენობის შესახებ, რაც ხელშემშლელ გარემოებას ქმნის აგრარული სექტორის სხვა და სხვა სექტორში. 

    ნუთუ უხერხულობას არ უქმნის სტატისტიკის სამსახურს ის ფაქტი, რომ „ახალ ფიზიოლოგიურ ნორმებზე“ დაყრდნობით მათ მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ სასურსათო ბალანსებში, იმის გამო რომ არარეალური „ახალი ნორმების“ საფუძველზე უწევთ სურსათის თითოეული სახეობისათვის ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის მინიშნება არასწორ, ცრუ ინფორმაციას აქვეყნებენ. ამის საფუძველზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ქვეყნისთვის ბევრად ნაკლებია საჭირო სურსათის ესა თუ ის სახეობა, ვიდრე რეალურად გვჭირდება. მაგალითად, 2018 წლის სასურსათო ბალანსებში ხორცით თვითუზრუნველყოფა მითითებულია 67% და თითქოს ქვეყნის მოსახლეობისათვის საჭიროა 108 ათასი ტ/წ, მაშინ როცა რეალური თვითუზრუნველყოფა 27%-ია და საჭიროა 270 ათასი ტ/წ, რძე და რძის პროდუქტები თითქოს საჭიროა 290 ათასი ტ/წ და რეალურად კი 1,3 მილიონი ტ/წ და ა.შ. ყოველივე ზემოდაღნიშნული ფაქტორები დაუშვებელია, აფერხებს ქვეყნის განვითარებას და რაც შეიძლება მალე უნდა გასწორდეს.

    საყურადღებოა ისიც, რომ განახლებულ საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათის ღირებულების წილი 70%-ია, ხოლო არასასურსათო ხარჯები 30%, რაც თავისთავად მოსახლეობის სიდუხჭირესა და ცხოვრების დაბალ დონეზე მიუთითებს (განვითარებულ ქვეყნებში პირიქითაა, საარსებო მინიმუმში მხოლოდ 30% უჭირავს საკვების ღირებულებას) თანაც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სასურსათო კალათის რეალური ღირებულება 275 ლარია რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული, საქართველოსთვის დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით იქნა გაანგარიშებული თითოეული სასურსათო პროდუქტის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. იგი 2-ჯერ და მეტჯერაც აღემატება 2003 წელს დადგენილ და დღემდე ოფიციალურად მიღებულ არამარტო სასურსათო კალათის დღევანდელ (126 ლარი), არამედ საარსებო მინიმუმის (180 ლარი) მთლიან ღირებულებას, რაც ამ უკანასკნელის აბსურდულობას ამტკიცებს. ასეთი არაადეკვატური საარსებო მინიმუმის დატოვება არ შეიძლება და ის რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს. 

    საარსებო მინიმუმი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევამციროდ სურსათის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები, სასურსათო კალათის მინიმალიზება (გაიაფება) შესაძლებელია მხოლოდ პროდუქციის სახეობების შერჩევით. 

    საყურადღებოა ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ცნება „საარსებო მინიმუმი“ არ არსებობს, იქ არის რაციონალური სამომხმარებლო კალათა, რაც სასურსათო კალათაში მოცემული პროდუქციისა და არასასურსათო ხარჯების ასევე პირველადი მოხმარების საგნების მომსახურების სხვა და სხვა სახეობის საჭიროების რაციონალურ ჩამონათვალს მოიცავს. 

    რეალური საარსებო მინიმუმის დადგენისათვის საჭიროა:

    1. აღვადგინოთ და დავეყრდნოთ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებულ, საქართველოს მოსახლეობისათვის დადგენილ რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებს.

    2. ამ ნორმების საფუძველზე სასურსათო კალათის შედგენისას გამოვიყენოთ დღევანდელი ფასების გათვალისწინებით სურსათზე გასაწევი რეალური ხარჯების დადგენილი მაჩვენებელი - 275 ლარი.

    3. საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათას უნდა დაეთმოს არა 70% (რაც ყოველად მიუღებელია) არამედ 50% და სასურსათო მინიმუმში საკვები პროდუქტებისა და სხვა ხარჯების თანაფარდობა უნდა იყოს არა 70/30-ზე არამედ 50/50-ზე, რაც საბოლოოდ მოგვცემს 550 ლარის ღირებულების საარსებო მინიმუმს (ვფიქრობ, ეს წინადადება პირველი ნაბიჯისათვის მისაღები და მისაწვდომი უნდა იყოს ხელისუფლებისათვის).

    რასაკვირველია უმჯობესი იქნებოდა სასურსათო და არასასურსათო ხარჯების შეფარდება 30/70-ზე ყოფილიყო ისე როგორც უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებშია, მაგრამ ეს მოგვცემდა საარსებო მინიმუმის ისეთ ღირებულებას რომელიც ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნისათვის მიუწვდომელი იქნებოდა (916 ლარი).

    550 ლარის ღირებულების საარსებო მინიმუმის რეალურ ცხოვრებაში გასატარებლად საჭირო გახდება ხელისუფლების მეტი მონდომება და სოციალური პროგრამების აქტიური გატარება: ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ხელფასების, პენსიების, შემწეობების მომატება, გადასახადებზე შეღავათების დაწესება და სხვა. ეს გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს, გააუმჯობესებს მათ მსყიდველობით უნარს, ხელმისაწვდომობას სურსათზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, მომსახურების სხვა და სხვა სფეროებზე. ყოველივე ამის იმედს იძლევა ის სოციალური პროექტები რომელთა განხორციელება დაიწყო 2013 წლიდან და გრძელდება დღესაც. 

    ვიმედოვნებ, ხელისუფლება გაითვალისწინებ სხვა მრჩევლებისა და ჩემს წინადადებას, რასაც 16 წლის განმავლობაში სხვადასხვა პუბლიკაციებითა და საჯარო გამოსვლებით მოვითხოვდი და სათანადო რეაგირებას გააკეთებს მოსახლეობის ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დამაბრკოლებელი არაადეკვატური საარსებო მინიმუმის შეცვლის თაობაზე.  

    შოთა ჩხეიძე 

    ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

    საქ. საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი,

    საქ. ოფიციალური წარმომადგენელი 

    NATO-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის კომიტეტში (1999-2005წ), 

    ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×