ია აბულაშვილი
23.01.2020

"ევროპული საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს კონცენტრირება მოახდინონ ივანივშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე. "საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევნებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ბიძინა ივანიშივლის რეჟიმი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ღირებულებებითა და სტრატეგიით განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ვალია ამ ამოცანის გადაჭრაზე კონცენტრირება. მოვუწოდებთ ყველას ვკონცენტრირდეთ ეროვნულ ამოცანაზე- ივანივშილის ხელისუფლების ჩამოცილებაზე" - ნათქვმია "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ევროპული საქართველოს" ამ მოწოდებაში სიახლეს ვერ ხედავენ ოპოზიციური პარტიები. როგორც "რეზონანსთან" პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ამოცანა დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და ამიტომაც მოხდა გაერთიანება, რომლის მიზანიც არის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.

პარტია "ლელოს" წევრის კახა კოჟორიძის განცხადებით, ხელისუფლებას არა აქვს ხედვა და არც სურვილი ქვეყნის განვითარების, ამიტომ, პარტიის მიზანია, რომ არჩევნების გზით მოხდეს ხელსუფლების შეცვლა.

"ეს განცხადება არ წამიკითხავს და კომენტარს პარტიის სახელით ვერ გავაკეთებ, მაგრამ როგორც მოქალაქე და ამ პარტიის წევრი მოგახსენებთ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც არა აქვს ხედვა და არც სურვილი ქვეყნის განვითარების ის უნდა შეიცვალოს და ამ აზრს იზიარებს პარტია "ლელოში" გარეთიანებული ათასობით ადამიანი.

"ჩვენი მიზანია, არჩევნების გზით მოხდეს ხელისუთლების შეცვლა და მიზნის მისაღწევად ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის"- განაცხადა "რეზონანსთან" კახა კოჟორიძემ.

"რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, ამ განცხადებაში სიახლე არ არის და ოპოზიციის ამოცანაც ის არის, რომ 2020 წლის არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება.

" ამ განცხადებაში ახალი არფერია და არ ვიცი რას ნიშნავს შეერთება, ეს არის უბრალოდ დადასტურება, რადგან ოპოზიციის ამოცანაც ის არის, რომ 2020 წლის არჩევნებით მოხდეს ხელისუფლების ცვლა"- აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

"ივანიშვილი რომ უნდა წავიდეს, ეს ჩვენ გულზე დიდი ხანია გვაქვს ამოტვიფრული, რადგან ივანიშვილი ქვეყნის განვითარებას კი არ აფერხებს, უფსკრულში მიექანება. ის, რომ უნდა წავიდეს, ამას განცხადებები არ სჭირდება, აბა რისთვის იკრიბებიან და დაიარებიან "ლეიბორისტულ პარტიაში". გინდა ეროვნული ამოცანა დაარქვი და რაც გინდა ის, ეს არის მთავარი და რა თქმა უნდა ჩვენი პარტიის მიზანია ივანიშვილი ჩამოცილდეს ხელისუფლებას"- განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, ეს ამოცანა პარტიის წინაშე ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დგას და ამაში სიახლეს ვერ ხედავს.

"ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ და აქ სიახლეს ვერ ვხედავ. ეს ამოცანა პარტიის წინაშე ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დგას, ამიტომაც გაერთიანდა ოპოზიცია და შევიმუშავეთ გეგმა

"ყველა ერთის წინააღმდეგ", რომელიც მოქმედებს. ფაქტია, რომ ივანიშვილი დარჩა მარტო რამდენიმე სატელიტ პარტიასთან ერთად. საზოგადოების დიდი ნაწილი მას მხარს არ უჭერს, ამომრჩეველი, რომელიც მისი მომხრეა, საკმაოდ მცირეა ხელისუფლების შესანარჩუნებლად"- განაცხადა "რეზონანსთან" რომან გოცირიძემ.

პოლიტოლოგ პაატა ზაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მოწოდება იქნება სწორი, თუ იგულისხმება არჩევნების გზით ხელისუთლების შეცვლა, რადგან დემოკრატიული ქვეყნისთვის სხვა გზა მიუღებელია.

"ეს განცხადება არ წამიკითხავს, იმედია, რომ გულისხმობენ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას, რადგან დემოკრატიული ქვეყნისთვის სხვა გზა არ არსებობს. თუ სხვა ფორმით აპირებენ, ანუ რევოლუციური გზით ხელისუფლების გასტუმრებას, ეს მოწოდება სწორი არ არის.

"სწორი არის მოწოდება არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება და საზოგადოებრივი აზრიც ამ მიმართულებით უნდა წაიყვანონ"- განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×