ვიზიტორების ყურადღებას ბუნებრივი გარემო და რელიეფთან ჰარმონიაში მყოფი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იპყრობდნენ და არა ლითონის ბრჭყვიალა კონსტრუქციები...
რეზონანსი
09.02.2020

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ, ე. წ. რიყის დოქებისთვის ფუნქციის მოძებნის მიზნით, მათი აუქციონის გზით გაყიდვა გადაწყვიტა, რაც ამ ნაგებობის ადგილზე დატოვებასაც არ გამორიცხავს. ეკონომიკის მინისტრის ინიციატივას დედაქალის მერმაც დაუჭირა მხარი.

თავი ვალდებულად ჩავთვალე, მათთვისაც და საზოგადობისთვისაც ჩემი თვალსზრისი გამეცნო: მიმაჩნია, რომ „რიყის დოქები (მილები)“ ურბანული ვანდალიზმის მკაფიო ნიმუშია და მათი ამოქმედება კი არა, რიყიდან მოცილებაა აუცილებელი. არაგონივრულია, რიყის კიდევ ერთი მინა-ლითონის კონსტრუქციით გადატვირთვა, აგრეთვე, უშუალოდ ბარათაშვილის აღმართის იერსახის დამახინჯებასთან ერთად, აღმართიდან და მიმდებარე ქუჩებიდან თბილისის ულამაზესი ხედების შეზღუდვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტი და უნიკალური ისტორიული ძეგლები უნდა დომინირებდნენ. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლებოდა, „რიყის დოქების“ აუქციონის გზით გაყიდვაც გვეცადა და, თუნდაც სიმბოლური ერთი ლარითაც დაგვეწყო, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ დაინტერებული პირი, მათ საკუთარი ხარჯით დაშლიდა და გაიტანდა, ხოლო, თუ უახლოეს პერიოდში ასეთი არავინ გამოჩნდება და რამდენიმე აუქციონი უშედეგოდ დასრულდება, ნაგებობის დემონტაჟი ბიუჯეტის ხარჯზე უნდა განხორციელდეს. 

გონივრული იქნებოდა, სანამ ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, სახელმწიფოსა და დედაქალაქის მესვეურებს გარემოსთან აშკარად შეუსაბამო და 8 წლის განმავლობაში დაუმთავრებელი ამ „დოქებისა“ თუ „მილების“ ბედიც გადაეწყვიტათ. ყველა შემთხვევაში, ბარათაშვილის აღმართის მხრიდან ნაგებობაში შესასვლელი კიბეები უნდა მოიშალოს, რაც ტროტუარისა ან/და საავტომობილო გზის გაფართოების საშუალებას მოგვცემდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „დოქების“ ამოქმედების შემთხვევაში, პრობლემებს, ავტობუსებისთვის განკუთვნილ სამოძრაო ზოლზე („ბასლაინზე“) გაჩერებული ავტომობილებიც შექმნიან... 

იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის მიერ დაპროექტებული 

 საკონცერტო დარბაზი, თავისთავად, შესაძლებელია, შედევრია და უთუოდ დაამშვენებდა ნებისმიერ გარემოს, სადაც სხვა არაფერია ღირშესანიშნავი, მაგრამ ძველი თბილისის გულში, მითუმეტეს, ბუნებრივ ლანდშაფტურ ძეგლს, ბარათაშვილის აღმართის „ვერტიკალურ ბაღსა“ და ანჩისხატის ათასწლოვან 

ტაძარს შორის, აშკარად, ზედმეტია. 

ამდენად, აუქციონის გზით გასხვისებული წაქცეული დოქების თუ მილების ფორმის თანამედროვე ნაგებობა ახალმა მესაკუთრემ, შეიძლება, მაგ., დიღომში, გლდანში, კახეთის გზატკეცილზე, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბაკურიანში, ბიჭვინთაში, ცხინვალში, ბაქოსა თუ ერევანშიც კი განათავსოს, მაგრამ რიყეზე მისი დატოვება დაუშვებლად მიმაჩნია. ამ ტერიტორიაზე მყოფი პირის („ვიზიტორის“) ყურადღებას ბუნებრივი გარემო და რელიეფთან ჰარმონიაში მყოფი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იპყრობდნენ და არა, სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად (ფაქტობრივად, თვითნებურად...), ჩადგმული ლითონის ბრჭყვიალა კონსტრუქციები...

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი, თდასუ-ს ასოცირებული პროფესორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×