(ბატონ ამირან გამყრელიძეს და კორონავირუსთან მებრძოლ გუნდს)
რეზონანსი
09.03.2020

 საქართველო ბევრ განვითარებულ სახელმწიფოზე უკეთ და გონივრულად შეხვდა წლევანდელ გამოწვევას - კორონავირუსის „ეპიდემიას". სიამაყით ვამბობ. რატომ? ქვემოთ მოგახსენებთ.

ტყუილად არ ჩამისვამს ტერმინი „ეპიდემია" ბრჭყალებში - ის ჯერ კიდევ არ გადაზრდილა ეპიდემიაში და, იმედი ვიქონიოთ - მას შესაბამისი დარგის პროფესიონალების ბრძოლა და მოქმედება აძლიერებს - არც გადაიზრდება.

უნდა გავიმეორო, და ამას დიდის სიამოვნებით ვაკეთებ - ჩემი ქვეყანა ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ძლიერი აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველგვარი ისტერიისა და ხმაურის გარეშე, ჩუმად, საქმის პროფესიონალური ცოდნით მუშაობს ყველა, ვისაც ევალება ჩვენი მოსახლეობის დაცვა ინფექციის გავრცელებისგან.

ნათქვამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ორ მაგალითს მოვიტან.

პირველი - ჩემს ქვეყანას არ დაუმალავს ინფიცირებული პაციენტი და ამით ინფექციის რისკის ქვეშ არ დაუყენებია საკუთარი მოსახლეობა;

და, მეორე - ჩემს ქვეყანას არ განუცხადებია საკუთარი მოსახლეობისათვის, პირზე კოცნას და ხელის ჩამორთმევას შეეშვითო. ბევრად უფრო ეფექტური საშუალებები გააცნო მოსახლეობას.

აქ მოტანილი ორივე მაგალითი მსოფლიოს უაღრესად განვითარებული სახელმწიფოებიდანაა - ისინი სამედიცინო მომსახურების დონით მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან.

მე პირადად, როგორც რიგითი მოქალაქე, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით - ჩემი ქვეყანა ნორმალური, საკუთარ მოქალაქეებზე მზრუნველ ქვეყნად ყალიბდება.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს უზრუნველჰყო.

საერთოდ, მთავრობის ქებისგან შორს ვარ (საქართველოში არასოდეს იქნება მთავრობა, რომელსაც, განსხვავებით ზოგიერთი ჩემი თანამემამულისაგან, ფანატიკურ სიყვარულს გამოვუცხადებდი. ღმერთმა დამიფაროს ასეთი ფანატიზმისგან!), თუმცა მისი მოქმედება დადებითად რომ შევაფასო ნამდვილად არ მიჭირს და ვაფასებ კიდეც.

უშუალო შემსრულებლები კი მადლიერების გრძნობით რომ არ ვახსენო, ნამდვილად არ შემიძლია - ქალბატონი მარინა ეზუგბაია, ბატონები თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და სხვები და სხვები...

მაპატიეთ ძვირფასო მეგობრებო, ყველას ჩამოსათვლელად საგაზეთო გვერდები არ მეყოფა.

განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა და სიამაყე მიჩნდება ჩვენი „უსახელო ჯარისკაცების" მიმართ - ისინი აკეთებენ ყველაფერს, მათ მხრებზე გადადის სამუშაოსა თუ ბრძოლის სიმძიმე. გმადლობთ დებო და ძმებო და შვილებო!

ახლა კი, ერთ, ჩემი ქვეყნისთვის მეტად მტკივნეულ პრობლემას უნდა შევეხო. ზემოთჩამოთვლილ ადამიანებს შორის ერთს, მეტად დაუმსახურებლად ესროლეს ლაფი. თავის იმით დამშვიდება, რომ ღვარძლიან, მცირე სულის ადამიანებს სხვა რა შეუძლიათო და წაყრუება არ მიმაჩნია მართალ საქმედ.

მხედველობაში მყავს ბატონი ამირან გამყრელიძე. ბატონ ამირანს არ ვემახსოვრები, ალბათ - ბევრი წელი გავიდა - ჩვენ, ერთ დროს ახალგაზრდებს, ვისაც 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული ჯანდაცვის სისტემასთან შეხება ჰქონია, ემახსოვრება, ჩვენზე უფროსი, სიმპატიური ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყოველთვის და ყველას უღიმოდა. მერე, იმ ავადმოსაგონებელი წლების ერთ დღეს ამ კაცისთვის დაღამდა. დაღამდა, ალბათ ისევე როგორც ბევრ ოჯახს დაუღამდა სულ რაღაც წამების განმავლობაში. მაშინ ორ ოჯახში ერთდროულად დაღამდა.

ამ ადამიანმა ცხოვრება დიდ ტკივილთან ერთად გააგრძელა.

როგორ?! ეს მხოლოდ მან და მის ბედში მყოფმა კაცებმა იციან. ჩვენ ვერ გავიგებთ - ღმერთმა ნუ გამოგვაცდევინოს... ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს!

მაპატიეთ, ბატონო ამირან, თუ ამ გახსენებით ჭრილობაზე მარილის დაყრასავით გამომდის, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. ჭრილობა ხელახლა გაგიხსენითო, ვერც თქვენ და ვერც სხვას, თქვებედში მყოფს ვერ ვაკადრებ.

ხეპრე და ქვეგამხედვარეებს ზოგიერთი ტელევიზიიდან თქვენ გარკვევით უთხარით - ამაზე მეტი დარტყმაც მიმიღიაო. არა მგონია მათ გაეგოთ ან შეეგნოთ.

თქვენი არ იყოს, მეც მტკივა, რომ ჩემს ქვეყანაში მოისპო ისეთი ჯანსაღი დარგი, როგორიცაა ტელეჟურნალისტიკა. ორიოდე ჟურნალისტი, აქა-იქ რომ ჯერ კიდევ ღარღილებს, ვერც დარს ქმნის და ვერც საერთო დონეზე ახდენს გავლენას.

ეს მეტად დასანანია, რადგან ჟურნალისტიკა ერთ-ერთია ქვეყნის წინ მამოძრავებელ ყველაზე მნიშვნელოვან ძალთა შორს.

ქართული ტელევიზიების ზოგადი დონე ისე მტკივნეულად დაბალია, რომ, ღმერთო დამიფარე და, წინსვლის, მომავლის იმედის, ოპტიმიზმის, სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგიერ ქვენა გრძნობებით ნაკარნახევ დაძაბულობას და ისტერულ ფსიქოზს აღვივებს.

უმრავლესობა ტელეეთერში მოკალათებული ადამიანებისა, თავი რომ ჟურნალისტები ჰგონიათ, ცდილობენ, მუდმივ ტერორში ჰყავდეთ მოსახლეობა. ისინი მოქმედებენ პრინციპით, „რაც უარესი - მით უკეთესი!"

ეს არ ეხება მხოლოდ იმ ერთ არხს, რომელიც აშკარად გამოირჩევა საკუთარი ხალხის სიძულვილით და რომელიც ხმამაღლა აცხადებს - „თუ მისი ხელისუფლება არ დაბრუნდება, წყალს და მეწყერს წაუღიაო ყველაფერი!"

დიახ, ეს არ ეხება მხოლოდ ერთ ან ორ არხს. მეტნაკლებად, თითქმის ყველა არხი სცოდავს. რამდენიმე კი, განსაკუთრებით სცოდავს - მათი ეკრანებიდან ღვარძლი და სიძულვილი იფრქვევა. სიძულვილი ჩემი ხალხის, ჩემი თანამემამულეების მიმართ.

ბატონებო, მეტად შემაშფოთებელი ტენდენციაა ეს. ჩემს ქვეყანას არ გააჩნია გაცხადებული, ნორმალურად განვითარებადი ქვეყნის იდეოლოგია. ისინი ვინც ფიქრობენ, რომ ცენზურის ან იდეოლოგიური განყოფილების ხელახლა შემოღების მომხრე ვარ, ცდებიან.

ამერიკას არ აქვს იდეოლოგიის სამინისტრო. აბა, კარგად დააკვირდით, როგორი ძლიერი იდეოლოგია გააჩნიათ!... იგი სახელმწიფო რანგში აქვთ აყვანილი და ყოველნაირად ცდილობენ იდეოლოგიური დონე არ დასწიონ. მერე რა, რომ საერთოდ არ ხმარობენ ამ ტერმინს?! მე ვიტყოდი, ზედმეტადაც კი აქვთ განვითარებული იდეოლოგიური დონე - საშუალო ამერიკელი, ვისაც შეხება გქონიათ, დამეთანხმებით, მსოფლიოს პატრონად და აღმზრდელად გრძნობს თავს. არასოდეს არ ამბობს, მაგრამ ყველაფერში ეტყობა, ძვალსა და რბილში რომაქვს გამჯდარი.

რეფლექსების დონეზე მოაზროვნეებს ვთხოვ, ნუ ჩამითვლიან ამას ამერიკელების კრიტიკად. არავითარ შემთხვევაში. სწორედ მათი იდეოლოგიის დამსახურებაა ზე-სახელმწიფო რომ შექმნეს.

და, მათ ეს შექმნეს ტელევიზიის, რადიოს, გაზეთის და, არ შემეშინდება, ვთქვა, კინოს საშუალებით. ჩვენთან კი რა ხდება?!...

ხდება უიმედობის კულტივაცია. უხამსი ცილისწამება და ბინძური შეურაცხყოფა სახელმწიფოს სამსახურში მდგარი ადამიანების მიმართ. ყოველივე ქართულის უხამსი განქიქება. ყველაფრის უაღრესად უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა.

ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, სადაც, ყველაფერი თქვით და, ადრე ხვალინდელი დღის იმედს და ოპტიმიზმს ვერ წაართმევდით რიგით ადამიანებს. ადამიანებს, რომელთაც შეიძლება თავზე საყრელი არ ჰქონდათ, მაგრამ ნორმალურად ცხოვრობდნენ და არც ხვალის იმედს, კიდევ უფრო უკეთესი ცხოვრების იმედს არ ჰკარგავდნენ.

ომიანობისას, ბრძოლის წინ მოწინააღმდეგის სულიერად წახდენა, ბრძოლის და შემდგომ კი, ომის მოგების საწინდარი იყო ყოველთვის. ჩვენი „ტელეჟურნალისტები" კი, სწორედ საკუთარი ხალხის სულიერად წახდენას, ბრძოლის წინ მათი შემართების დამცრობა-დასუსტებას ცდილობენ. ომის დროს ასეთებს რას უწოდებენ და როგორ ეპყრობიან კარგადაა ცნობილი.

მიუხედავად ჩემი უკიდეგანო ოპტიმიზმისა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო - ჩემი ქვეყნისთვის მეტად მტკივნეულ შედეგებს მოვიმკით თუ საბოტაჟის მომქმედები, წინსვლის შემაფერხებლები, ბრძოლისას ჩვენთვის ზურგში მსროლელები არ დავაურვეთ და არ შევაჩერეთ. სახელმწიფოს, ხალხის სამსახურში მათ ჩაყენებაზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია. საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ მათ მიერ მოყენებული ზარალის მინიმუმამდე შემცირებაზე.

საპატრიარქოს მიმართ უხამსი მოპყრობა დასჯადია თუ არა?!

კითხვა სრულიად ლოგიკურია.

მე არ მინდა ისეთი ქვეყანა, სადაც საპატრიარქოს ასე უხამსად ეპყრობიან და ამას დემოკრატიად და გამოხატვის თავისუფლებად ნათლავენ.

არ მინდა ისეთი საქართველო, სადაც ადამიანებს, განსაკუთრებით კი მოზარდებს უიმედობით, სასოწარკვეთილობით, არასრულფასოვნების კომპლექსით აავადებენ და, მერე კი, ნიშნის მოგებით, ბედნიერები გვამცნობენ მოზარდმა თავი მოიკლაო, ადამიანმა ადამიანი მოჰკლაო.

საქართველო ერთ-ერთი ჩვეულებრივი ქვეყანაა და ქართველები ერთ-ერთი ჩვეულებრივი ერი ვართ - არაფრით სხვებზე აღმატებული და არც არაფრით სხვებზე დაბლა მდგომი. არაფერი ადამიანური - თვით უკიდურესი სიხარული და ბედნიერება, ან ძნელად ასატანი ტკივილი - არაა უცხო. ჩვენ ბევრი ტკივილისა და გაჭივრებისთვის გაგვიძლია. ისე გაგვიძლია, არ დაგვიკარგავს ადამიანური სახე, არ დაგვიკარგავს სიკეთის ქმნის, თანალმობის, გვერდში დგომის უნარი. არ დაგვიკარგავს გამარჯვების ჟინი და უნარი. არ დაგვიკარგავს სიკეთის დანახვის და დაფასების უნარი. არც დღეს დავკარგავთ, არც ხვალ. არ დავკარგავთ მანამ, სანამ დედამიწა იტრიალებს და დედამიწაზე იქნება ერთი რიგითი ქვეყანა სახელად საქართველო - მისი გულუხვი, მშვიდობის და შრომისმოყვარე ადამიანებით.

უარესებისთვის გაგვიძლია ძვირფასო მეგობრებაო - ამ „ფაროსანების" შემოტევასაც გავუძლებთ.

ქალბატონ მარინა ეზუგბაიას რომ არ მივმართო არ შემიძლია.

მე მშურს თქვენი ქალბატონო მარინა! მე თეთრი შურით მშურს თქვენი. თქვენსმიერ მოქალაქეობრივი პოზიციის უბოდიშოდ და როგორც მომენტის სიმძიმეს შეეფერება, ზუსტად ისე გამოხატვამ, იმედი გამიორმაგა.

მეტი მოქალაქე, უფრო ძლიერ საზოგადოებას ნიშნავს.

ძლიერი საზოგადოება კი ძლიერი ქვეყნის შემომქმედია.

დაგლოცოთ და მეტი კეთების უნარი და საშუალება მოგცეთ, ძვირფასო მეგობრებო, ყველას, ყველა ჩემს თანამემამულეს!

 

სოლომონ ნერგაძე (მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი,

ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტი,

პავიას უნივერსიტეტი) პავია, იტალია

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
:)   (15.03.2020)
ასე გააგრძელეთ, ყოჩაღ:)

მედეა   (10.03.2020)
ყველაფერში გეთანხმებით, გაიხარეთ ბატონო სოლომონ! ჩვენი ჟურნალისტები და არასამთავროები გვანან ხორციანი სადილის ხარშვისას ქვაბის ზედაპირზე წარმოქმნილ ქ ა ფ ს -- იხარშება ქართულ საზოგადოებაში დამოუკიდებლობის სასიკეთო კერძი, ის ქაფი გ ა ქ რ ე ბ ა დროთა განმავლობაში. მის გარეშე კერძი ვერ მომზადდება-დ ა დ ე ბ ი თ ი შეისრუტავს უარყოფითს, ეს გარდაუვალია!" წყალნი წავლენ და წამოვლენ-ქვიშანი დარჩებიანო" გამოვიარეთ სამოქალაქო სისხლიანი დაპირისპირება, 2008 წლის 5 დღიანი კატასტროფით დასრულებული ომი რუსეთთან---ეს ყველაფერი რომ ქაფს წარმოქმნიდა- გასაკვირია?! ძლივს ფეხზე წამომდგარ ქვეყანას ახლაც მთელი ძალით უტევენ, რადგან --მომძლავრება თუ დააცადეს--მერე-კარგად იყავი, უფრო გაუძნელდებათ საქართველოს დაუფლება მერე!. ახლა აქვთ სახარბიელო დრო, სანამ სუსტია --ყელში უნდა წვდნენ---ასეთია მათი ჯიში და იდეოლოგია, რას ვიზამთ, უარესებს გავუძელით---გავუძლებთ ახლაც--უ ნ დ ა გავუძლოთ!

Aqauri   (09.03.2020)
Aswleulebi ki ara ataswleulebi midis kolxur - iberiuli da saertod kavkasiuri xalwebis mizanmimatruli daknineba, arasulfasovnebis kompleqis shemotana, shughlis da urtiertdapirisporebid shemotana! Radgan chven vart gansakutrebuli genetikis xalxi, rac iwvevs sxvebis gaghizianebas da chven winaamgdeg ganwyobas

მანანა   (09.03.2020)
100% ვეთანხმები!

ნანა   (09.03.2020)
ნანა ზუსტი შეფასებაა. რაც შეეხება იმ გარკვეულ პუნქტს ვიტყვი ერთს, გააჩნია ვინ გესვრის ტალახს, ვისი გორის არის და ვისი, გაზრდილი თუ არა, გვარის არის. სხვანაირად არ ველოდი. თუ ახსნა დაგჭირდა, პირადად გეტყვი სოსო.

დალი   (09.03.2020)
ზუსტი და ობიექტური შეფასებაა დღევანდელი დღის. მადლობა ბატონ სოლომონს!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×