ინტერვიუ პრემიერ მატეუშ მორავიეცკისთან მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით
რეზონანსი
11.05.2020

 

75 წლის წინ, 7 მაისს გერმანიამ და მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი მესამე რაიხის უსიტყვო კაპიტულაციით დაასრულა. აღნიშნული ისტორიული აქტი ძალაში მეორე დღეს შევიდა.

გამომდინარე იქიდან, რომ სტალინი ბერლინის გათავისუფლების საქმეში წითელი არმიის როლის ხაზგასმას ითხოვდა, 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის კაპიტულაცია კიდევ ერთხელ გაფორმდა. ამჯერად დოკუმენტს ხელი მარშალმა გიორგი ჟუკოვმა და ადმირალმა ვილჰელმ კაიტელმა მოაწერეს - ამ დროს მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო.

მაშინ როდესაც ევროპა და შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომის დასრულებას 8 მაისს ზეიმობენ, მოსკოვისათვის გამარჯვების დღე 9 მაისს, წითელ მოედანზე გრანდიოზული აღლუმით აღინიშნება.

იტალიურ La Stampa-სთან ინტერვიუში, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცკი თავისი ქვეყნისა და ევროპისათვისისტორიის გავლენა-მნიშვნელობაზე საუბრობს.

- ბატონო პრემიერო, კორონავირუსის პანდემიამ მოსკოვს გამარჯვების დღის საზეიმო ღონისძიებათა გაუქმება აიძულა, თუმცა პოლონეთის ხელისუფლებიდან არც არავინ იყო დაპატიჟებული. იქნებ იმიტომ, რომ ომის დაწყების 80-ე წლისთავზე, გასული წლის 1 სექტემბერს, რუსეთის მთავრობიდან არავინ მოგიწვევიათ?

მორავიეცკი: საზეიმო ღონისძიებებზე პოლონეთის არმიწვევა განპირობებულია მოსკოვის მიერ განსაზღვრული იმ პირობით, რომელიც სინამდვილეში ერთ რამეს ნიშნავს: ისტორიულ დებატებში მონაწილეობისათვის უნდა დაეთანხმოთ რუსულ ნარატივს. მაგრამ, პოლონეთისათვის ეს სიცრუის გაზიარების ტოლფასია.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი არის პირდაპირი მტკიცებულება პოლონეთზე ერთობლივი აგრესიის მომზადების, გავლენის სფეროების დაყოფისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების - ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის - ოკუპაციისა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მილიონობით მოქალაქეს მასობრივი რეპრესია შეეხო.

- რუსები გადანაშაულებენ, რომ თქვენ უპატივცემულოდ უყურებთ წითელი არმიის ჯარისკაცთა ხსოვნას, რომელთა დიდი ნაწილიც ნაცისტებთან ბრძოლაში დაიღუპა. რას უპასუხებთ ამ ბრალდებებს?

მორავიეცკი: წითელმა არმიამ პოლონეთში თითქმის 50 წელი დაჰყო. მათ დააწესეს რეჟიმი, შემოიღეს კომუნიზმი, რომელიც პოლონელთა უმრავლესობამ უარყო. ჩვენს მიწაზე წითელი არმიის მოქმედებები არ იყო განპირობებული პოლონეთისათვის დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილით, არამედ პირიქით - მისი მიზანი სუვერენიტეტის ხელახლა წართმევა იყო.დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის 1989 წლამდე მოგვიწია ლოდინი.

- მრავალი მონუმენტის დემონტაჟი მოხდა ...

მორავიეცკი: ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ მონუმენტების დემონტაჟი და მონუმენტების პოლონურ სამუზეომო ობიექტებად გარდაქმნა. ისევე როგორც, უნდა გამოვყოთ პოლონეთის დამონების სიმბოლოები, მაგრამ ამავდროულად პატივი მივაგოთ დაღუპულ წითელ არმიელებს.

პოლონეთის ხელისუფლება იცავს ჩვენს მიწაზე დაღუპული ყველა ჯარისკაცის განსასვენებელ ადგილს, მიუხედავად მათი ეროვნებისა. ყველა ეს საფლავი შენარჩუნებული და განახლებულია პოლონური ფინანსური სახსრებით. მე იგივეს ველი რუსეთისგანაც, განსაკუთრებით საბჭოთა რეპრესიებს შეწირულ პოლონელთა განსასვენებელ ადგილებში.

- მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, 1946 წლის 8 ივნისს, ლონდონში გამარჯვების აღლუმი გაიმართა, რომელზეც პოლონელები არ იყვნენ მიწვეულნი. წელსაც დაგეგმილი იყო მსგავსიღონისძიების ორგანიზება, თუმცა ამჯერად პოლონელი ვეტერანების მონაწილეობით. რითი ხსნით ამ დროით ინტერვალს?

მორავიეცკი: მეორე მსოფლიო ომის დროს, პოლონელებმა არა მხოლოდ შეასრულეს ალიანსის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში თავდაცვით ოპერაციებში მონაწილეობით, არამედ მოკავშირეებთან ერთად იბრძოლეს1939 წლიდან ომის დასრულებამდე.

ისინი განთქმულნი იყვნენ თავიანთი გმირობით მრავალ ფრონტზე გამართულ ბრძოლაში, მაგალითად თუნდაც გენერალ ანდერსის ჯარების მიერ მონტე კასინოს აღება გამოდგება ან ბრიტანეთისათვის ბრძოლაში პოლონელი მფრინავების ფასდაუდებელი წვლილი. სამწუხაროდ, ცივ ომში ევროპის ჩართულობისა და პოლონეთის სსრკ-ის გავლენის ქვეშ მოქცევის გამო, პოლონელი გმირები რეაბილიტაციას ვერ მოესწრნენ.

მრავალ მეთაურს, მაგალითად, გენერალ სოსაბოვსკის, გენერალ მაჩეკს მთელი ცხოვრება გადასახლებაში მოუწიათ ყოფნა, სადაც მათ უმძიმესი ფიზიკური შრომა უწევდათ. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს პოლონეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა, ხოლო მათ, ვინც პოლონეთში ცხოვრება გადაწყვიტა, როგორიც იყო კაპიტანი ვიტოლდ პილეცკი (რომელიც თავისი ნებით წავიდა აუშვიცისსაკონცენტრაციო ბანაკში, რათა მოკავშირეებისათვის იქიდან ცნობები მიეწოდებინა), კომუნისტურმა ხელისუფლებამსიკვდილით დასაჯა.

- როგორ ფიქრობთ, ევროპას პოლონეთის ისტორიისა და მეხსიერების სწორი აღქმა აქვს?

მორავიეცკი: ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა რუსეთის დანაშაულებმა მილიონობით უდანაშაულო სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლონელებმა კარგად იციან დაზარალებულთა ხსოვნის მნიშვნელობა, რომელთა კონკრეტული მაგალითიც ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიებზე აშენებული ნაცისტური გერმანიის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკებია.

პოლონეთის სახელმწიფო ინარჩუნებს და იცავს ისეთ ადგილებს, როგორებიცაა: აუშვიც-ბირკენაუ, ტრებლინკა და მაჟდანიკი. დიდი სიფრთხილითა და შეშფოთებით ვადევნებ თვალს სხვა ქვეყნებში მემორიალური ლოკაციების ბედს, მათ შორისაა ავსტრია შიგუსენის ბანაკის ნაშთები. ეს არის პოლონური ინტელიგენციის, პოლონელი და ევროპელი ებრაელების, ათასობით იტალიის მოქალაქის მასობრივი განადგურების ადგილი. მთლიანობაში, მაუტჰაუზენ-გუსენის ბანაკში 26-მდე ქვეყნის მოქალაქე დააპატიმრეს.

დღემდე, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის ღირებული ინიციატივებისა, ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ ქმედებებს ავსტრიის მხრიდან. სწორედ ამიტომ, მე მზადყოფნას გამოვთქვამ, შევიძინოთ ეს ტერიტორიები, იქ საგანმანათლებლო ცენტრის გასახსნელად, როგორც გაფრთხილება მომავალი თაობებისთვის, რათა აღარასდროს დავუშვათ ადამიანის ღირსების ამგვარი ფეხქვეშ გათელვა.

- ზოგი ამბობს, რომ რუსეთი და ჩინეთი ისარგებლებენ კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების მდგომარეობით - მაგალითად, იტალია შეგვიძლია მოვიყვანოთ - რათა თავიანთი პოლიტიკური პროპაგანდა აწარმოონ სამედიცინო დახმარების საბაბით. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

მორავიეცკი; კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სოლიდარობის პრინციპით, რადგან ვირუსმა არ იცის საზღვრები და იგი თავს ესხმის მთელ კაცობირიობას. თუმცა, არ შეიძლება გულუბრყვილოდ გვჯეროდეს, რომ საერთაშორისო დახმარების ყველა მანიფესტაცია, განსაკუთრებით კი ის, რომელიც მსოფლიო დომინაციაზე ორიენტირებული ისეთი ქვეყნებიდან მოდის, როგორიცაა რუსეთი ან ჩინეთი, მხოლოდ ალტრუისტული მოტივებითაა განპირობებული.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება უნდა იყოს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება,სამედიცინო გუნდების გამოცდილების გაზიარება, ყოველგვარი პირობების წამოყენებისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გარეშე. ჩვენ უნდა ვიყოთ უკიდურესად ყურადღებით, რომ არავინ გამოიყენოს პანდემიით გამოწვეული სისუსტე და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი, ჩვენი კავშირებისა და უსაფრთხოების შესარყევად.

- რუსეთი და ჩინეთი ევროპისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან: თქვენი აზრით, როგორია თანამშრომლობის პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა ევროპის ინტერესების გათვალისწინებით?

მორავიეცკი: კორონავირუსის პანდემიამ სასტიკად მოწყვლადი გახადა ჩვენი სოციო-ეკონომიკური წესრიგი. მან აჩვენა, თუ რამდენად არის დამოკიდებული ევროპა სხვა კონტინენტების სადისტრიბუციო ქსელებზე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობები ამ ქვეყნებთან, მაგრამ არა ჩვენი შიდა ევროპული სოლიდარობის ხარჯზე.

- რახან სოლიდარობა ვახსენეთ: არ ფიქრობთ, რომ პოლონეთი მიგრანტების მიღების თვალსაზრისით, მაინც და მაინც არ იყო ძალიან სოლიდარული იტალიისადმი?

მორავიეცკი: მიგრაციის კრიზისი ევროპის მმართველთა პასუხისმგებლობის ლაკმუსის ტესტი იყო. კრიზისის დასაწყისიდანვე ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ორმხრივი, პარალელური მოქმედებების აუცილებლობა: ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიმართულიყო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი რეგიონებისაკენ და უნდა გატარებულიყო ზომები ევროკავშირის საგარეო საზღვრის დაცვის კუთხით, უკანონო გადაკვეთების აღკვეთის მიზნით.

OECD-ის მონაცემებით, ბოლო წლებში პოლონეთმა მსოფლიოში ყველაზე მეტი ემიგრანტი მიიღო, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელია. ზოგი მათგანი ომს გაექცა. ჩვენ სოლიდარულები ვართ განსაცდელში მყოფთა მიმართ.

- მხარს უჭერს პოლონეთი ევროპის ერთობლივი თავდაცვის პოლიტიკას?

მორავიეცკი: პოლონეთში სერიოზულად აღვიქვამთ ჩვენი ქვეყნისა და მთელი ევროკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ომის დაწყება აღმოსავლეთ უკრაინაში და 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია აშკარა სიგნალია, რომ საფრთხე რეალურია.

ჩვენ ნატოს წევრ იმ რამდენიმე სახელმწიფოს შორის ვართ, რომელიც შეიარაღებული ძალების მშპ-ს2.0%-ით დაფინანსების ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ ვმონაწილეობთ ევროკავშირის ინიციატივებში, როგორც PESCO-სმიმდინარე სამხედრო სტრუქტურირებულ თანამშრომლობაში, ისე სხვა ფორმატებში. დიახ, ევროპამ უსაფრთხოებისსაკითხებზე ერთხმად უნდა ისაუბროს.

- ევროკომისიამ სასამართლო რეფორმის გამო, "ევროკავშირის შესახებ შეთანხმების" მეშვიდე მუხლის თანახმად, პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის ამოქმედება დაიწყო. როგორ იმოქმედებს თქვენი მთავრობა?

მორავიეცკი: ჩვენ ვინარჩუნებთ იმ პოზიციას, რომ სასამართლო ხელისუფლების ორგანიზება არის წევრი სახელმწიფოების სუვერენული გადაწყვეტილება. არსებული კონსტიტუციის შესაბამისად, პოლონეთი სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობისაკენ მიისწრაფვის.

ჩვენ ვიცით, რომ ყველა ვერ ამჩნევს ამას, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ამ საქმეში ჩვენ მარტო არ ვართ: სლოვაკეთის მთავრობამ ახლახანს იუსტიციის სფეროში რეფორმების პროგრამის შესახებ გამოაცხადა.

- როგორია პოლონეთის პოზიცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკებს უნდა მიეწოდოს?

მორავიეცკი: ჩვენ გვჭირდება ახალი "მარშალის გეგმა", რომელიც დაფუძნებულია ევროპულ ინვესტიციებზე, რაც ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს იძლევა. ევროკავშირის ეკონომიკებში არსებული განსხვავებები ნიშნავს, რომ შეუძლებელია ყველა ქვეყანაში ერთი მექანიზმის გამოყენება. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს სამხრეთის ქვეყნების მდგომარეობა, ისევე, როგორც ჩვენ ველით ჩვენი საჭიროებების საყოველთაო გააზრებას. უნდა შევიმუშაოთ ამბიციური ბიუჯეტი,რომელსაც რაც შეიძლება მალე მიიღებენ რთულ სიტუაციაში აღმოჩენილი მოქალაქეები.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×