თამთა ჩაჩანიძე
30.07.2020

კორონავირუსი კაცობრიობას უკვე დაუნდობლად ანადგურებს, შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან ყოველ ერთ წუთში ერთი ადამიანი იღუპებოდა, ვითარება ბრაზილიაშიც და ინდოეთშიც უკიდურესად გამწვავებულია.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მათგან 700 ათასამდე ადამიანი კი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა რაოდენობის თვცალსაზრისით, პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც 4,5 მილიონი კოვიდინფიცირებულია, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, აქ ინფიცირებული 2,4 მილიონი ადამიანია, მესამე ადგილზე კი 1,5 მილიონი ინფიცირებულით ინდოეთია.

შეერთებული შტატების კოვიდ-მონაცემებზე საგენტო „როიტერი" შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს, ბოლო ორი თვის განმავლობაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების ტემპი აჩქარდა, სააგენტოს გათვლებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ ერთ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპებოდა.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული კოვიდ-19 თან დაკავშირებული რთული სიტუაცია გასაკვირი არაა, რადგან მისი თქმით, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე რაც უფრო მეტჯერ გადაეცემა, მით უფრო ძლიერი ხდება.

„კორონავირუსმა მუიტაცია განიცადა თუ არა, ამას მიკრობიოლოგები და ვირუსოლოგები გვეტყვიან, თუმცა ფაქტია და მანამდეც ვამბობდი, რომ ვირუსი რაც უფრო მეტჯერ გადაეცემა, უფრო მეტად ძლიერი ხდება, ამიტომ ეს გასაკვირი არაა.

„ასევე ნუ გვავიწყდება ისიც, რომ ამერიკაში ისედაც მოსახლეობა ძალიან დიდია და ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც თანხმლები დაავადებები აქვთ, კორონავირუსი კი ძირითადად ამ ადამიანებს ურტყამს, მერე აქ შედის ნარკოტიკის მომხმარებლებიც და ასევე ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი, რომლების ვირულენტობის მაჩვენებელი გაზრდილი ვირუსის ფონზე უფრო მაღალია.

„საინტერესოა და კიდევ კარგი კვლევა უნდა ჩატარდეს იმაზე, რომ მაგალითად ამერიკაში, საფრანგეთში და საქართველოში მოქმედი ვირუსები რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, აღსანიშნავია, რომ ვირუსმა საფრანგეთშიც და ესპანეთშიც მოიმატა, ამიტომ ეს ყველაფერი გასარკვევი და შესასწავლია, ის თუ რამდენად განსხვავდება მაგალითად ამერიკაში და საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა იმუნიტეტი, იმიტომ, რომ დადგინდეს ვირუსებს შორის ხომ არ არის განსხვავება.

„მსოფლიო ვაქცინამდე ვერანაირად ვერ მივა, სანამ გარკვეული დრო არ გავა და სანამ არ დარწმუნდება სახელმწიფო, რომ ვაქცინა მავნებელი არაა და იმაზე უარესს არ იზამს, რასაც თვითონ კორონა.

„ნუ გვავიწყდება, რომ ვაქცინა წამალი არაა, ესაა უცხო ცილა, რომელიც ორგანიზმში სხვადასხვა სახით შეჰყავთ, ესაა ან ცოცხალი დასუსტებული მიკრობები, ან უკვე გამზადებული ანტიგენი, მაგრამ რას გამოიწვევს, კაცმა არ იცის.

„თუ ვაქცინა მოუმზადებლად გაკეთდა, ამან შესაძლოა დაავადება თვითონ გამოიწვიოს, ამიტომ ჩვენ ვირუსის ზემოქმედებისგან რაც არუნდა მძიმე შედეგები მივიღოთ, ჩვენ ვაქცინის აუცილებელ ტესტირებას მაინც უნდა დაველოდოთ."- განაცხადა ხმალაძემ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გენომის ანალიზმა, რომელიც ვიეტნამში გამოვლინდა აჩვენა, რომ ეს კოვიდ-19-ის ახალი ტიპია, რომელიც უფრო გადამდებია - ამის შესახებ ინფორმაცია ვიეტნამის მთავრობის ოფიციალურმა გაზეთმა გამოაქვეყნა.

ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის თქმით კი აღნიშნული ვირუსის შტამი უფრო გადამდებია და უფრო სწრაფად გავრცელება შეუძლია, თუმცა ჯანმრთელობისთვის მისი საფრთხის დონე კორონავირუსის სხვა შტამებისგან არ განსხვავდება.

სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, ზემოაღნიშნული შტამი აქამდე დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ბანგლადეშში დაფიქსირდა, თუმცა, როგორ მოხვდა ის კორონავირუსის გამო ჩაკეტილ ვიეტნამში დაუზუსტებელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×