ელზა პაპოშვილი
30.07.2020

რა ინფორმაციას ატარებს 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი, ამას უკვე ამერიკელი გამომძიებლები დაადგენენ. ოჯახის სურვილით, ისევ ხელახლა დალუქულ კომპიუტერს, რომლის სკანირებაც ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში უკვე დასრულდა, დალუქავენ და ამერიკელ გამომძიებლებს დაელოდებიან, რომლებიც იქ არსებულ ინფორმაციას შეისწავლიან. მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციისთვის საქმის გადაცემას მიესალმებიან და ამბობენ, რომ გამოძიების უკეთ წარმართვისთვის ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. 

შინაგან საქმეთა მინისტროს გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან“  აცხადებს, რომ გარდაცვლილის ოჯახს ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ ნდობა დაკარგული ჰქონდა, ამიტომაც სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ საქმე ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადაეცა. 

„ნდობა აღარ ჰქონდა ოჯახს ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ. ახლა მათ ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, ყველა კითხვას რამდენად გაეცემა პასუხები, რამდენად დააკმაყოფილებს ოჯახს და აღადგენს იმ სამართლიანობის განცდას, რაც უნდა არსებობდეს. უნდა დადგინდეს, რას და ვის შეეწირა ამ ულამაზესი გოგონას სიცოცხლე", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

მისივე თქმით, პროგრამისტის პირადი კომპიუტერის კლონირება დასრულდებულია და ის დალუქულია. ოჯახის ადვოკატმაც უკვე მიმართა ამერიკელ ექსპერტებს, რომლებმაც უნდა დაადგინონ, იყო თუ არ კომპიუტერი გახსნილი იმ შუალედში, ვიდრე მას ოფიციალურად გახსნიდნენ.

რამიშვილის თქმით, დალუქული კომპიუტერი აღარ გაიხსნება. ადვოკატი ამერიკელ გამომძიებლებს ელოდება.

„კლონირება დასრულდა, ახლა მიმდინარეობს დეშიფრაცია. კომპიუტერი ჩემ თვალწინ დაილუქა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მე ვაპირებ ამ კომპიუტერის გადამოწმებას, რომ ვთქვათ, 28 ივლისამდე ხომ არ მომხდარა მისი ჩართვა“, - აცხადებს ადვოკატი.   

ოჯახის განცხადებით კი, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში საქმის გადაცემა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.  თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ახლა  გამოძიებას დაელოდებიან. ის ფიქრობს, რომ ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას საქმის გახსნა არ უნდა გაუჭირდეს. 

„მარტივი იქნება მათთვის ამის გახსნა, პროფესიონალები არიან, კარგი ხალხი მუშაობს მანდ. ველოდებით დასკვნას და მერე ვნახოთ“, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორი  მამუკა ჭელიძე საქმის ადვოკატთან შეხვედრას გეგმავს.  კრიმპოლს საქმე მას მერე გადაეცა, რაც ბაჩალიაშვილის ოჯახმა პოლიციის მაღალჩინოსნები დაასახელა, რომლებიც მათ აშანტაჟებდნენ. ოჯახის ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ პოლიციელთა საქმიანობით გენერალური ინსპექცია უნდა დაინტერესდეს.    

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საქმის ცენტრალური კრიმინალური პოლიციისთვის გადაცემას ისიც დადებითად აფასებს. მისი თქმით, ეს არის  ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგანაც, ქვემო ქართლი პოლიციის სამმართველოს მიმართ მათ უნდობლობა თამარის დაკარგვის პირველივე დღიდან გაუჩნდათ. თუმცა ბიძა ამბობს, რომ ისინი სრულიად ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, რადგანაც მათ გამოძიება არანაირ ინფორმაციას არ აწვდის. ისინი მხოლოდ მედიისა და ადვოკატის იმედად არიან და რაც იციან, მხოლოდ  მათი მეშვეობით გაიგეს. 

„ჩვენი  და ადვოკატის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ საქმე კრიმინალურ პოლიციას გადასცემოდა. პოლიციის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა მათი მუშაობიდან გამომდინარე გაგვიჩნდა. ეს ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. 

“რაც შეეხება „ფესიბუკის“  გვერდის წაშლას, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. არც სამართალდამცველების მხრიდან ვიცით რამე. თავად ადვოკატმაც არ იცის, რა არის ამის მიზეზი. არავინ არაფერს ამბობს. იმ დღიდან, რაც თამარი დაიკარგა, ბურუსით მოცული კითხვები ბევრი გვაქვს. 

“ეჭვი და ვერსია ბევრია,  თუნდაც ავიღოთ მაღალჩინოსნის  მუქარა: „თქვენი შვილი შარშია“ და შემდეგ ამ ინფორმაციის უარყოფა. ადვოკატი გამოძიების პირველივე დღიდან დრონის  ჩანაწერებს ითხოვს, დრონმა რა ტერიტორია გადაიღო და რა ხანგრძლივობით ეძებდნენ. 

“კვირა საღამოსაც რომ გაეშვათ დრონები, როცა თამარი დაიკარგა, უფრო მალე გავარკვევდით,  რა სიტუაციაში იყო. ცხედართან ოჯახმა დამშვიდობებაც ვერ მოვახერხეთ. ამიტომაც აღარ ვენდობით ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს. არ ვიცით, დრონი როდის და რა დროს გაუშვეს. ამის არანაირი განმარტება არ გვაქვს. ამ ეტაპზე ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. თუ რამე ვიცით, მხოლოდ მედიით ან ადვოკატის მეშვეობით“, - ამბობს კობა თამაზაშვილი. 

მისივე თქმით, სოფელ მაწევარში გოგონა თუ მეორე დღეს ისევ ცოცხალი დაინახეს, მაშინ კიდევ უფრო ბევრი კითხვა ჩნდება. სად გაათია თამარმა ღამე? ვისთან ერთად იყო და რატომ ჰქონდა ტელეფონი გათიშული? ოჯახს რატომ არ დაუკავშირდა? თუ ეს ვერსია რეალობას შეესაბამება, ბიძა ფიქრობს, რომ გამოძიებამ ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს. კობა თამაზაშვილი ამბობს, რომ არც ის არის გამორიცხული, სოფელ მაწევარში მცხოვრებ გოგონას თამარის დანახვის დღე და დრო არეოდა. ამიტომაც გამოძიებამ ყველა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. 

„ერთი ხელის მოსმით რომ პირდაპირ სამსახურზე ვისაუბროთ და კომპანია „ზეგი“ რამეში დავადანაშაულოთ, ასე არ არის. უბრალოდ, ყველაფერი საეჭვოდ დაემთხვა. ჩვენ აქამდე ამ კომპანიის არსებობის შესახებ არაფერი არ ვიცოდით. 

“მას შეყვარებული არ ჰყავდა და არც პირადი მტერი ჰყავდა. თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავთ, თუმცა თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით თუ წავიდა საქმე, მაშინ უფრო მეტი მტკიცებულებაა საჭირო. მის გარდაცვალებას მაინც საქმიანობას ვუკავშირებთ, ამიტომაც ამ მიმართულებით გამოძიებამ აქტიურად უნდა იმუშაოს“, - ამბობს ბიძა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ეკა   (30.07.2020)
ფეისბუქის გვერდს თამარის გარდა ვერავინ წაშლიდა, გარდა ფეისბუქის ადმინისტრაციისა. თუ რისთვის, ამაზე იფიქროს ოჯახმა. საწყალი გოგო, სიმართლის დადგენა აქ შეუძლებელია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×