მარიამ ნებულიშვილი
11.08.2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტილი მესტიის მუნიციპალიტეტიდან ტურისტები და დამსვენებლები საკარანტინე სივრცეებში გადაჰყავთ.

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩასული 518 ტურისტი საკარანტინე სივრცეებში უკვე გადაიყვანეს. მათგან 343 ადგილობრივ სასტუმროში, 171 კი აჭარის საკარანტინე სივრცეებშია განთავსებული. მათ ორ-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შემდეგ მესტიაში საკარანტინე სივრცედ 20 სასტუმრო გადაკეთდა. ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯამში 340 ნომერი დაჯავშნა, საიდანაც 182 დაკავებულია. სვანეთში დასასვენებლად ჩასულ 215 ადამიანს სასტუმროს შეცვლა არ მოუწია, 128 კი საკარანტინე ზონად გადაკეთებულ სასტუმროში გადაიყვანეს.

„ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში მობილიზება მოხდა ტრანსპორტის მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანას. საჭიროების შემთხვევაში სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება.

ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები: ბანგურიანი, თეთნულდი, ჩუბუ, ელიტჰაუზი, პლაზა მესტია, ოლდჰაუზი, ფოსტა, სვანსეტი, სვანეთი, უშბა, რივერსაიდი, სანთაუერი, სანსეტ ტერასა, ნინო რატიანი, გერა, დავით ჟორჟოლიანი, მანონი, ბაპშა, შალე, ელტური. ამ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში სულ 340 ნომერია, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, ხოლო 158 თავისუფალია", - ვკითხულობთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში მყოფ მოქალაქეებს და ტურისტებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს, 144-ს, რათა ისინი აღრიცხონ და ორგანიზებულად გადაყვანონ საკარანტინე სივრცეში.

„მიმდინარეობს კონტრაქტების გაფორმება სასტუმროებთან საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც შეიძლება, საკარანტინო სივრცე მოეწყოს, ან მათ გადაიყვანენ სხვა რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში. მოვუწოდებთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს, შიდა ტურისტებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინე ზონაში", - ამბობს ქვრივიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ტურისტების პირველი ნაკადი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია საკარანტინე ზონაში.

მესტიის მუნიციპალიტეტი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც 10 აგვისტოს კორონავირუსის 17 დღიური შემთხვევა დაფიქსრდა.

მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა აკრძალულია ყველასთვის, გარდა ადგილობრივი მცხოვრებებისა, თუმცა ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც დატოვებს მესტიას, გადაყვანილი იქნება ორ-კვირიან სავალდებული კარანტინში. ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

გარდა ამისა, იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით აღნიშნული შეზღუდვები მინიმუმ 28 დღე შენარჩუნდება.

„რაც შეეხება საკარანტონო პერიოდს, ისევე როგორც ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავსი აფეთქება მოხდა, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინე პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს. ამ ეტაპისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ის, რაც მოწოდებულია მსოფლიო გაიდლაიენებით, 28 დღის ვალდებულება არის, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რა დასკვნებს გააკეთებენ ეპიდემიოლოგები, დამატებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინო დღედ", - ამბობს ტიკარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×