მარიამ ნებულიშვილი
13.08.2020

ახალი სასწვალო წლიდან მოსაწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სავალდებული იქნება პირბადეების ტარება, ხელების დამუშავება სპეციალური ხსნარით და სოციალური დისტანციის დაცვა. ამ ყველაფერს კლასის დამრიგებლები გააკონტროლებენ. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საკლასო ოთახებში ერთდორულად მაქსიმუმ 20 პირი დაიშვება. ეს პრობლემებს უქმნის სკოლებს, რადგანაც მათ კლასების დასაყოფად ინფრასტრუქტურული რესურსი არ ჰყოფნით.

ახალი სასწავლო წელი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან იწყება. განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო პროცესი დისტანციური არ იქნება და მოსწავლეები თუ სტუდენტები სასწავლებლებში სიარულს შეძლებენ. თუმცა. ამავე დროს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შემოღებული იქნება უსაფრთხოების საგანგებო წესები.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო სწავლების რამდენიმე მოდელზე მუშაობს.

„განათლების სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან, თუმცა სწავლის დაწყების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, ვინაიდან დღევანდელი ეპიდვითარება ჩვენ ამის საფუძველს არ გვაძლევს. საუბარია სხვადასხვა მოდელზე, მას შემდეგ რაც განათლების სამინისტრო დააზუსტებს, საჭირო დროს ჩვენს მოქალაქეებს აცნობებს. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სწავლა უნდა იყოს ჩვენი ბავშვებისთვის უსაფრთხო და რა თქმა უნდა, ჩვენმა ბავშვებმა უნდა შეძლონ და მიიღონ შესაბამისი განათლება",- თქვა ტიკარიძემ.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში „რეზონანსს" განიცხადეს, უახლოს დღეებში ამ საკითხზე საგანგებო პრესკონფერენცია ჩატარდება, სადაც საზოგადოებას საწავლო პროცესთან დაკავშირებით ყველა დეტალს გააცნობენ. მანამდე კი ისინი კონკრეტულ დეტალებსა და რეკომენდაციებზე არ საუბრობენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში კი „რეზონანსს" განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე საყოველთაო წესებს იცავენ, რაც გულისხმობს, თერმოსკრინინგს, დეზობარიერს, სოციალურ დისტანცირებასა და ხელების დამუშავებას.

„ამ ეტაპზე არის რეგულაციები, რომ ყველა ადამიანი, ვინც შემოდის უნივერსიტეტის შენობაში, უნდა ატარებდეს პირბადეს, უნდა გაიზომოს სიცხე, დაიმუშაოს ხელები, გაიაროს დეზობარიერი და რა თქმა უნდა, ყველა სივრცეში, სადაც არიან, უნდა იყოს დისტანცირება.

„მაგრამ სასწავლო პროცესი იწყება ერთი თვის შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ ერთი თვის შემდეგ როგორი ეპიდსიტუაციაც და როგორი რეგულაციებიც იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც. ჯერჯერობით სამინისტროსგან სხვა უფრო კონკრეტული რეკომენდაციები არ მიგვიღია", - ამბობენ თსუ-ში.

რაც შეეხება საჯარო სკოლებს, თბილისის სკოლებში ამბობენ, რომ საჭიროა სისტემური ცვლილება მოხდეს თორემ სკოლას კლასების გადანაწილებისთვის ინფრასტრუქტურული რესურსი არ ეყოფათ. ჰიგიენურ ნორმების დაცვას კი დამრიგებლები გააკონტროლებენ.

„ჯერჯერობით ოფიციალურად განათლების სამინისტროდან რეკომენდაციები არ მიგვიღია. მსჯელობა მიდის იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სასწავლო პროცესი. თუმცა ამ ეტაპზე ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული.

„ჰიგიენურ ნორმების დაცვას, პირბადეების მოხმარებას, დისტანცირებას გააკონტროლებენ დამრიგებლები, რომლებსაც აუცილებლად დაევალებათ ჰიგიენის კონტროლი.

„კლასების გაყოფასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იქნება გადანაწილებული გაკვეთილების ცხრილი - იქნება ჰიბრიდული სწავლება, თუ მოსწავლეების რაღაც ნაწილი მოვა სკოლაში და რაღაც ნაწილი დისტანციურად ისწავლის, ეს ჯერ არაა გადაწყვეტილი.

„თუ იქნება გარკვეული ცვლილებები ამ მიმართულებით, უნდა იყოს სისტემური ცვლილება და არა მხოლოდ გაკვეთილების გაყოფა. თუ გაკვეთილები გაიყოფა, მაშინ სწავლის რეჟიმიც უნდა შეიცვალოს, სხვანაირად უნდა იარონ ბავშვებმა სკოლაში, თორემ ვერცერთი სკოლა ვერ გააორმაგებს ან გაასამმაგებს კლასების რაოდენობას, ამის ინფრასტრუქტურული რესურსი არცერთ სკოლას არ აქვს", - ამბობს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×