თამთა ჩაჩანიძე
13.08.2020

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის წინაშე საჩოთირო მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მისმა თანაშემწემ ახრა ავიძბამ ფსოუს გამშვები პუნქტის ჭიშკარი საკუთარი ავტომობილით შეამტვრია და რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ამის შედეგად შევიდა.

როგორც „კავკაზსკი უზელ" წერს, ინციდენტი 7 აგვისტოს მოხდა, როდესაც რუსეთიდან მომავალმა ბჟანიას თანაშემწემ ფსოუს გამშვები პუნქტი საკუთარი ჯიპის ტიპის ავტომობილით ძალით შეამტვრია. ჟურნალისტებს თავად ახრა ავიძბამ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთში მის სახელზე ფიქსირებული დავალიანებების გამო რუსმა მებაჟეებმა ავიძბა 5 საათი ალოდინეს და საბოლოოდ, რუსეთის დატოვების უფლება არ მისცეს.

ავიძბა ამბობს, რომ მას დიპლომატიური პასპორტი აქვს და დავალიანების არსებობის პირობებშიც გამშვებ პუნტზე უნდა გაეშვათ.

მოგვიანებით „კავკაზსკი უზელს" რუსეთის კრასნოდარის მხარის სასამართლოს აღმასრულებელთა ფედერალურ სამსახურში განუცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბამ 10 აგვისტოს სრულად დაფარა დავალიანებები - 300 ათასი რუბლის (დაახლოებით 12 600 ლარი) სხვადასხვა ჯარიმები და 600 ათასი რუბლი (დაახლოებით 25 100 ლარი) საგადასახადო დავალიანება, რის შემდეგაც მას რუსეთის ტერიტორიის დატოვებაზე დაწესებული შეზღუდვები მოეხსნა.

აფხაზური მედიის ცნობით, მომხდარის გამო რუსეთში ავიძბაზე საქმეც აღიძრა. 10 აგვისტოს ჟურნალისტმა იზიდა ჩანიამ „ფეისბუქში" შესაბამისი დადგენილების ასლი გამოაქვეყნა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მას ეს ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მიიღო, რომელშიც ვკითხულობთ, რომ რუსეთში ავიძბას წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს.

როგორც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრეს სამსახურმა 11 აგვისტოს განაცხადა, „აფხაზეთის ხელისუფლება რუს კოლეგებთან ერთად ვითარებას სწავლობს და ინციდენტზე რეაგირებას გამოძიების დასრულების შემდეგ მოახდეენენ".

„აფხაზეთის ხელმძღვანელობის პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, რომ ნებისმიერი პრობლემა, მათ შორის ის პრობლემები, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით წარმოიქმნა, ორივე ქვეყნის ამჟამინდელი კანონმდებლობის ფარგლებში, ცივილიზებული დიალოგის გზით მოგვარდება," - ციტირებს ბჟანიას პრესსამსახურის განცხადებას სააგენტო „სპუტნიკ აბხაზია".

კრასნოდარის ოლქის რეგიონულ ადვოკატთა ასოციაციის იურისტი ნატალია ბაიანოვა აღნიშნავს, რომ „საზღვარზე" მომხდარი ინციდენტი უპრეცენდენტო იყო. მისი აზრით, რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.დიპლომატიურ პასპორტებს აღიარებს, თუმცა ავიძბა რუსეთის მოქალაქეა და მას რუსული დიპლომატიური პასპორტი არ აქვს.

იურისტისვე განმარტებით, დიპლომატიური პასპორტი მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანების შემთხვევაში გამოიყენება, ავიძბა კი ამ შემთხვევაშიაფხაზეთში პირადი მიზნებისთვის მიდიოდა. რუსი იურისტი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დიპლომატიური პასორტი სუბიექტს არ აძლევს იმის უფლებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსი და დე ფაქტო აფხაზეთის „კანონები" დაარღვიოს.

შეგახსენებთ, რომ ავიძბა იყო, იმ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლების შედეგადაც აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×