ასახავს თუ არა რეალურად სოცილოგიური კვლევები საზოგადოებაში არსებულ განწყობებს
თამთა ჩაჩანიძე
13.08.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, რეიტინგების ომი დაიწყო. ორმა ორგანიზაციამ სოცილოგიური კვლევების შედეგები მიყოლებით გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვნად განსხვავებული რეიტინგები უფიქსიდებათ, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამი თვე, რაც არჩევნებთან გვაშორებს, ძალიან დიდი დროა და დღეს კვლევის შედეგებით ტენდენცია უფრო იკვეთება, ვიდრე რეალური პროცენტული რეიტინგი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს ამომრჩეველთა 33% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემს, ხოლო ოპოზიციას - საერთო ჯამში 37%.

ორგანიზაციამ კვლევები 2020 წლის 4 ივნისი-2 ივლისის პერიოდში ჩაატარა, კვლევებში მონაწილეობა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500-მა რესპოდენტმა მიიღო.

მომდევნო კვლევა სოციოლოგიური კვლევების ბრიტანულმა კომპანიამ „სურვეიშენ" ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევების შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცებას" ხმას ამომრჩეველთა 52% აძლევს, „ნაცმოძრაობას" - 19%, „ევროპული საქართველო" - 8%, „პატრიოტთა ალიანსს" -5%, „ლელოს" -5%, პარტიას „ახალი საქართველო" - 4%, სხვა პარტიებს - 7 %.

ამ კვლევაში გამოკითხულია საარჩევნო ასაკის მქონე 1200 პირი მონაწილეობდა, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნების გარდა, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.

ორგანიზაცია „სურვეიშენის" სოცილოგიური კვლევის შედეგებს ოპოზიცია ეჭქვეშ აყენებს, რასაც „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძეც გამოეხმაურა.

„100 ადამიანიდან თუ 90 არ სცემს პასუხს და თუ 90-ვეს ალოკაციას უკეთებ ერთ რომელიმე პარტიაზე, შეგიძლია მიიღო, რომ 100-დან 90% მხარდაჭერა აქვს ვიღაცას, მაგრამ ეს ხომ უნდა ვიცოდეთ. მე ახლა ხომ არ გამოვიცნობ როგორი იყო ალოკაცია, ეს რიცხვები ცნობილი არ არის.

„კომპანია, რომელმაც ჩაატარა, ჩემთვის უცნობია, პირველად გავიგე საერთოდ. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ შევაფასო, ვთქვა, ვენდობი თუ არ ვენდობი, უბრალოდ წარმოუდგენელია, სანამ არ მეცოდინება დეტალები," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს აყენებენ ეჭვქვეშ.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების შედეგები ხშირად ნიშვნელოვნად სცდება არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგებს..

„სამწუხაროდ, კვლევები და რეალობა ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება ხოლმე, ესეც არ იქნება ალბათ გამონაკლისი. ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ჩატარებულმა არჩევნებმა ამაში დაგვარწმუნა და მაგალითი დაგვიდო. ვნახოთ, დანარჩენი რეალურად ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება, ანალოგიური კვლევები გარკვეულწილად დამოუკიდებელ ორგანიზაციებსაც აქვთ ჩატარებული და საკმაოდ განსხვავებული ციფრებია, გარკვეულწილად ადამიანებს თავიანთი პოზიცია აქვთ ხოლმე და კონკრეტულ ორგანიზაციასაც თავისი პოზიცია აქვს, თუმცა ბევრჯერ, სამწუხაროდ, ეს კვლევები იმ რეალობას არ ასახავდა, რომელიც ამ ქვეყანაში იყო", - აცხადებს კობალაძე.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ზემოაღნიშნულ სოციოლოგიურ კვლევებში გამოკითხულთა რაოდენობა ეცოტავება და ამბობს, რომ რეალური შედეგისთვის მათი რიცხვი მინიმუმ 3000 ადამიანამდე მაინც უნდა იყოს.

„სანდოობასა და პროცენტებზე ვერ ვისაუბრებ. ფაქტია, რომ რესპოდენტების რაოდენობა 1200 კაცზე კითხვებს ბადებს. ეს რაოდენობა საკმარისი არაა და მინიმუმ 3000 კაცი მაინც უნდა იქნას გამოკითხული.

„თუმცა, ტენდენციას დავადასტურებ - რომ ხელისულების პოზიცია უფრო ძლიერია, ვიდრე ოპოზიციის, აქ ორი აზრი არაა. სხვა საკითხია, თუ ეს პროცენტებში როგორაა გამოხატული.

„სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ტენდენცია გრძელდება და არის მცდელობა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სოციოლოგია პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენონ და ეს ძალიან სამწუხარო ტენდენცია. ამით არა მხოლოდ პროცესის, არამედ თვითონ სოციოლოგიის, როგორც მეცნიერების დისკრედიტაცია ხდება", - ამბობს ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, წინასაარჩევნოდ ჩატარებული მსგავსი კვლევები საზოგადოების აზრის ფორმირებაზე გარკვეულწილად მოქმედებს.

„კვლევები საზოგადოებრივ აზრზე გავლენას გარკვეულწილად ახდენს. არსებობს რაღაც მოწყვლადი ამომრჩევლის სეგმენტი, რომელიც, როგორც წესი, ძალისკენ იხრება, ან თუ ვიღაც არ მოსწონს, ითრგუნება და სკეპტიკურ განწყობაზე დგება, ბრძოლისუნარიანობას კარგავს. ეს კრიტიკული გავლენა არაა, მაგრამ გარკვეულ გავლენებს ახდენს. ზუსტად ამიტომაა ეს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ქცეული," - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე არა რეალურ შედეგებზე, არამედ მხოლოდ ტენდენციებზე შეიძლება საუბარი, რის მიხედვითაც, მისი აზრით, ლიდერი პარტია „ქართული ოცნებაა".

„არჩევნებამდე სამი თვით ადრე მხოლოდ ტენდენციებზე შეიძლება ლაპარაკი და არა იმაზე, თუ რეალურად ვის რამდენი პროცენტი აქვს. შესაბამისად, ტენდენციები როგორც ერთ ისე მეორე კვლევაში სწორადაა გამოსახული - რომ დღეს „ქართული ოცნება" ლიდერი პარტიაა. არ ვგულისხმობ იმას, რომ ის 52%-ს ან მეტს მიიღებს, მაგრამ პოლიტიკურ ძალებს შორის მას ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს.

„რაც შეეხება იმას, რომ ერთ-ერთ კვლევაში ოპოზიციას ჯამურად მეტი აქვს, შესაძლოა ჯამურად მეტი ჰქონდეს, მაგრამ ეს ზოგადად ოპოზიციას რას აძლევს, ნამდვილად არ მესმის. ჯამური ოპოზიციური ხმები სულაც არ ნიშნავს, რომ მას მთავრობის დაკომპლექტების უფლება მიეცემა. ეს ასე არ იქნება.

„ISI-ს კვლევებს თუ ავიღებთ, „ქართულ ოცნებას" 33% აქვს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" 16%-ს რომ დავუმატოთ ამ გაერთიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ „ევროპული საქართველოს" 5%, ამათი ჯამი 20-21%-ია და სხვა ძალებს რომ ითვლიან, ეს ასე მარტივად არაა - ეს ძალები მოინდომებენ კი „ნაცმოძრაობასთან" ალიანსს? თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთ ვარიანტში პრემნიერად ალბათ სააკაშვილი მოიაზრება... ასე რომ, ჯამური ბევრს არაფერს არ ნიშნავს", -განაცხადა ძაბირაძემ.

მისი აზრით, წინასაარჩევნოდ სოციოლოგიური კვლევების შედეგები საზოგადოების განწყობებზე გავლენას თითქმის არ ახდენს.

„არ მგონია, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი კვლევები ასე დიდ გავლენას ახდენდეს. ეს ძირითადად პიარის ელემენტია, მაგრამ ქართული რეალობიდან გამომდინარე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამ შეფასებებით ძირითადად საექსპერტო წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეგობარი ქვეყნების პოლიტიკური ელიტა და პოლიტიკური პარტიები თუ ინტერესდებიან", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×