მარიამ ნებულიშვილი
14.08.2020

სკოლებსა და სხვა სასწავლებლებში სწავლა ზუსტად ერთ თვეში 15 სექტემბერს იწყება. განათლების სამინისტრომ კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით სკოლებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები საკლასო ოთახებში უსაფრთხოდ სწავლას შეძლებენ. სკოლაში შესული ყოველი პირისთვის, გარდა მოსწავლეებისა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ხოლო თუ მოსწავლეს სკოლაში მაღალი ტემპერატურა, ან სხვა რაიმე რესპირატორული სინდრომი დაუდასტურდება, დროებით იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით, მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დაშორება აუცილებელია. სკოლაში შესვლამდე ყველა პირმა უნდა გაიაროს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და დაიმუშაოს ხელები სპეციალური ხსნარით.

განათლების სამინისტრო სკოლებს ავალდებულებს, რომ ჰქონდეს პირბადეების მარაგი, ყოველი დასვენების შემდეგ სანიტარულად დაამუშაოს და გაანიავოს სველი წერტილები და საერთო სარგებლობის სივრცეები, როგორებიცაა დერეფანი, კიბის უჯრედი და ა.შ.

ამ საერთო სარგებლობის სივრცეებში ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე, გარდა მოსწავლეებისა.

ასევე, სავალდებულოა ყოველი გაკვეთილის შემდეგ საკლასო ოთახების განიავება და ხშირად შეხებადი ზედაპირების სანიტარული დამუშავება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებმა თავადვე უნდა უზრუნველყონ სანიტარულ-ფიგიენური ნორმების დაცვა.

„სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის, პირველ რიგში, ხელის ჰიგიენაა მნიშვნელოვანი, სკოლების პასუხისმგებლობა იქნება უზრუნველყონ შესაფერისი სადეზინფექციო საშუალებები. ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება არის ის საშუალება, რომელიც რეკომენდებულია ასეთ შემთხვევაში ხელების დამუშავებისთვის და ასევე სანიტარული კვანძების დასუფთავება რეგულარული წესით, შესვენებების პერიოდში. ასევე მნიშვნელოვანია, გაკვეთილებსა და ცვლებს შორის შესაბამისი ინტერვალის დაცვა, რაც დეტალურად იქნება გაწერილი სასკოლო მუშაობის განრიგში იმისთვის, რომ მოესწროს საკლასო ოთახებისა და სკოლის გარემოს განიავება, სადაც მოსწავლეები იქნებიან", - ამბობს გაბუნია.

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის თქმით, განათლების სამინისტრო სკოლებს ჰიგიენურ-სანიტარული საშუალებებით მოამარაგებს.

ახალი რეგულაციებით განათლების სამინისტრომ სკოლებს უფლება მისცა თავად განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა, თუმცა გაკვეთილი მინიმუმ 30-წუთიანი მაინც უნდა იყოს.

სკოლებმა უნდა განსაზღვრონ ცვლები, რაც შეეხება ერთცვლიან სკოლებს, საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა გაზარდონ ცვლების რაოდენობა.

სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, სკოლებს უფლება აქვთ სასწავლო დღედ გამოიყენონ შაბათი.

იმ შემთხვევაში თუ სკოლას არ ჰყოფნის ინფრასტრუქტურა, შესაძლებელია მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დანერგოს შერეული ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად. თუმცა I-IV კლასის მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა არ შეეძლებათ. V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII - XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×