მარიამ ნებულიშვილი
10.09.2020

„ამაზე უკეთესო სიტუაცია იმისათვის, რომ არჩევნები ჩაატაროს, ხელისუფლებას არ ექნება", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე არანაირი საშიშროება არ დგას, რომ არჩევენბი გადაიდოს, რადგანაც ეს უმთავრესად მმართველ გუნდს არ აწყობს.

„არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მმართველი გუნდის მხრიდან არჩევნების გადადების სურვილი. ამაზე უკეთესო სიტუაცია იმისათვის, რომ არჩევნები ჩაატაროს, ხელისუფლებას არ ექნება. როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური პროცესი, დღეს ოპოზიცია არის სრულიად დაშლილი, დაქსაქსული გარკვეულწილად დემორალიზებული, ჩამოუყალიბებელიც კი. უკვე არჩევნები მოვიდა და მთავარ ოპოზიციურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ, მაჟორიტარების ნახევარიც კი არ დაუსახელებია.

„თუ არჩევნები გადაიდება, მიუწევთ მისი ჩატარება დავუშვათ, გაზაფხულზე, რომლიც იქნება კატასტროფა ხელისუფლებისთვის. ერთი წლითაც რომ გადადოს არჩევნები, ოპოზიცია ჩაყალიბდება, ბოლოს და ბოლოს მოხდება მათი კონსოლიდაცია. ამიტომ არა მგონია, რომ ხელისუფლებას უნდოდეს არჩევნების გადადება, პირიქით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ გადადოს."

მისივე თქმით, ხელისუფლებისგან ზომების რადიკალურად გამკაცრებას არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს უმთარესად მის ინტერესებში არ შედის. იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება დაინახავს, რომ მმართველი გუნდი ვერ უმკალვდება პანდემიის პროცესს და მართვის სადავეები ხელიდან გაექცა, უარყოფითი რეაქცია ექნება.

„კორონავირუსის ფაქტორის გამოყენება შეუძლია ხელისუფლებას და იყენებს კიდეც, როცა ამბობს, რომ არის წარმატებული და ა.შ.

„ეს აფეთქებაც კი ხელს არ აძლევს, თითქოს უკვე სადავეები სადღაც გაურბის და ეს არ აწყობს, არათუ იმის აღიარება, რომ მეორე ტალღაა. ხელისუფლებას დოზირებული, მაგრამ სტაბილური კორონვირუსი აძლევს ხელს, რათა ეს შემდეგ კარგად გამოიყენოს პიარისთვის.

„ნებისმიერი გამკაცრება და აღიარება, რომ საქმე ცუდად მიდის, ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. იმიტომ, თუ ის დღეს რაიმეთი ამაყობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მიაღწია წარმატებას. თუ პირიქით წავიდა საქმე და ვითარება გაუარესდა, ეს თემა იხსნება პიარიდან და არანაირად არ აწყობს ხელისუფლებას რადიკალური ზომების მიღება. გამკაცრება იქნება, გარკვეულწილად, მაგრამ დახურვა, ჩაკეტვა და საგანგებო მდგომარეობა არ იქნება. გაგრძელდება მუდამ ზეწოლა ფსიქოლოგიური, რომ კორონავირუსია და ფრთხილად უნდა ვიყოთ და ამას საფუძველიც აქვს", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×