თამთა ჩაჩანიძე
14.09.2020

ზუგდიდში როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას გამარჯვების იმედი აქვს - ამ ოლქში „ქართულ ოცნებიდან" მაჟორიტარ კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიცია კი კანდიდატს კვირის განმავლობაში დაასახელებს.

ზუგდიდის ოლქში „ევროპული საქართველოდან" მაჟორიტარ კანდიდატი გიგი უგულავაა, ხოლო „ლელომ" ამავე ოლქში თამარ ბელქანია წარადგინა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდის ოლქზე საუბრისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

"იმდენად არის ოპოზიციაში არეულობა, რომ ისინი ვერ ახერხებენ კანდიდატების დასახელებას რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, ერთ- ერთი არის ზუგდიდი. ეს არის შიდა დაპირისპირების შედეგი.

„არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა ამას საბოლოოდ და შეჯერდებიან თუ არა კანდიდატთან დაკავშირებით. ვინც არ უნდა დაასახელონ, მათ ამ არჩევნებში, ბუნებრივია, ყველა მათგანი იქნება განწირული მარცხისთვის. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ირაკლი ჩიქოვანი დამაჯერებლად მოიგებს ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებს პირველ ტურში, ამაში ვარ დარწმუნებული," - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადების საპასუხოდ, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზუგდიდისა და დარჩენილი ოლქების მაჟორიტარ კანდიდატებს პარტია ამ კვირის განმავლობაში დაასახელებს, მისივე თქმით, მათი კანდიდატი ზუგდიდის ოლქში პირველ ტურშივე მოიგებს.

„ამ კვირის განმავლობაში ყველა მაჟორიტარს დავასახელებთ - კობახიძე ეტყობა ცუდ მკითხავთან დადის, კარგ მკითხავთან თუ მივა, ის ეტყოდა თუ ზუგდიდში ვის რა შანსები აქვს.

„როგორც ყოველთვის ზუგდიდში ძალიან ძლიერი პოზიცია გვაქვს და ახლაც ასე იქნება, ჩვენს კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვების შანსები აქვს." - განაცხადა გოცირიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვინც არუნდა დაასახელოს, ირაკლი ჩიქოვანი „უალტერნატივოა".

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ასეთი ოპოზიცია ჰყავს, როცა ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. თუმცა, რაც შეეხება ზუგდიდს, ვფიქრობ, რომ ირაკლი ჩიქოვანი უალტერნატივო კანდიდატია, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს, მას დიდი და მსუყე ბიოგრაფია აქვს - ესაა სართაშორისო ურთიერთობები, კომუნიკაცია თუ პროფესიონალიზმი.

„ჩემი სუბიექტური შეფასებით, ჩიქოვანი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ოპოზიცია აბსოლუტურად ჩამოშლილია, რაც ქვეყნისთვის ძალიან სამწუხაროა, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჰყავდეს, რომელიც მმართველ გუნდს ოპონირებას გაუწევს.

„არ ვიცით ამჯერად გიული ალასანია იქნება, „გიული დეიდა", (როგორც გიგი უგულავამ მოიხსენია) თუ სანდრა რულოვსი - მნიშვნელობა არ აქვს, მმართველი გუნდი გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ხალხი საქმეს და დაპირებების შესრულებას მიეჩვია და ოპოზიცია თუ ვერ შეთანხმდა, მშვიდობას ვუსურვებ იმიტომ, რომ ძალიან ჩამოშლილები არიან.

„სამეგრელო რაღაცა სპეციფიური რეგიონია, რომელიც ძალიან მიყვარს, ასევე სპეციფიური რეგიონია ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მაგრამ დარწმუნებით, ჩემი შეფასებით ვამბობ, რომ ირაკლი ჩიქოვანი გაიმარჯვებს" - განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" საუბარში მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სამეგრელოში მაღალი რეიტინგი აქვს, მისივე აზრით, ამ ოლქში შესაძლოა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი წარადგინოს, რადგან რულოვს პოლიტიკაში მეტი გამოცდილება აქვს.

„ზუგდიდში „ნაციონალურ მოძრაობას" მაღალი რეიტინგი აქვს, მე სანდრა რულოვსის კანდიდატურასთან დაკავშირებით ვფიქრობდი, თუმცა, ვნახოთ, გამოჩნდება დაუპირისპირებენ თუ არა ჩიქოვანს ქალბატონ რულოვსს. ჩემი აზრით ეს შესაძლებელია, იმიტომ, რომ რულოვსმა ერთხელ არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო და პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩართულია, ამიტომ, გამორიცხულია არაა.

„ირაკლი ჩიქოვანს პირადად ვიცნობ, წინა ხელისუფლების დროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო, ნატოს კოლეჯში გაგზავნეს და ბოლომდე დიპლომატიურ სამსახურში გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში იყო, იგი 2009 წელს ჩამოვიდა და ოპოზიცია მერე გახდა, იგი ე.წ. სისხლიანი რეჟიმით მერე აღშფოთდა და არა ვთქვათ 2007 წლის 7 ნოემბერს.

„ჩიქოვანი 2016 წელს, როდესაც ალასანიას გუნდში „თავისუფალ საქართველოში" იყო, აცხადებდა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებსო და როცა „თავისუფალი საქართველო" დამარცხდა, შემდეგ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და ხელისუფლებამაც მიიღო არა მხოლოდ ის, არამედ სხვებიც, სამწუხაროდ ჩვენთან ყურადღებას აქცევენ არა პიროვნებას, არამედ იმას თუ რომელ ნომრითაა იგი წარდგენილი.

„ჩემის აზრით, ზუგდიდიში არჩევნების დროს დაპირისპირებები იმიტომ ხდება ხოლმე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ამ ოლქში საკმად მაღალი რეიტინგი აქვს, აქ მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ. ეს მხარდაჭერა შესაძლოა იმის მიზეზი იყოს, რომ თავის დროზე სამეგრელო შევარდნაძის მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, რადგან ეს რეგიონი მხარს გამსახურდიას უჭერდა.

„სააკაშვილი კი ითვლება ადამიანად, რომელმაც შევარდნაძე დაამხო, ანუ ის ადამიანი, ვინც მათი საყვარელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია განდევნა, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ სამეგრელოში სააკაშვილის რეიტინგი რომ მაღალი იყოს, გარდა ამისა ვიცით, რომ „ვარდების რევოლუცია" სამეგრელოდან დაიწყო, იკარუსი, რომელიც თბილისის მიმართულებით სამეგრელოს რეგიონიდან გავიდა" - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
1234   (14.09.2020)
ეს ჩიტაძე 20 წლის არის თუ ქვევრში იჯდა. გამსახურდია შევარდნაძეს არ დაუმხია. დაამხო რუსეთმა კიტოვანის და სიგუას მეშვეობით. სააკაშვილი კი კიტოვანის ხუნტის ჩინოვნიკი იყო. ასე რომ როცა კიტოვან-იოსელიანის ბანდები სამეგრელოს აოხრებდნენ, სააკაშვილი სიგუა-კერვალიშვილის მსახური და პროტეჟე იყო; შემდეგ შევარდნაძის ერთერთ ფავორიტი და მოქკავშირის ლიდერი პარლამენტში. ასე რომ სანამ უძღები შვილი "მამას" განუდგებოდა, სამეგრელოც ცალ ფეხზე ეკიდა და ზუგდიდიც. არც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუჭერია არც კიტოვანი, არც სიგუა და არც შევადნაძე. ამის იურიდიული საფუძველი საკმაო იყო - სახელმწიფოს ღალატი. რა კავშირი აქვს 80 წლის გიულის ზუგდიდთან? იქ ცხოვრობს თუ მოღვაწეობს? კანონი უნდა შეიცვალოს და მაჟორიტარობის კანდიდატად არ უნდა დაარეგისტრირონ პირი თუ ის იმ ოლქის მკვიდრი არ იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში მაინც. ზუგდიდი ზუგდიდელმა უნდა წარმოადგინოს და არა ბელადის 80 წლის თბილისელმა დედამ.

--   (14.09.2020)
"თითოეული კომისიის წევრი, რომელიც შეირჩა საუბნო საარჩევნო კომისიაში, არის მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვისაც მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა. სხვა შემთხვევაში არც ერთი ადამიანი არ არის შერჩეული. ეს თვალნათლივ მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" დღეს იწყებს შექმნას ისეთი გარემო, რომელიც იქნება მისთვის სახარბიელო. მე მოვუწოდებ ყველა ოლქს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ჩემს კოლეგებსაც, ჩაატარონ ანალოგიური ანალიზი და ნახონ თუ ვინ არის შერჩეული საუბნო-საარჩევნო კომისიებში" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

--   (14.09.2020)
ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც უცხოეთში ან სამხედრო-შეიარაღებულ ძალებში იმყოფებიან, რათა მოხდეს მათი მობილიზება „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი შედეგის მისაღწევად.

--   (14.09.2020)
„როგორც ნაციონალურ მოძრაობას არ ჰქონდა უფლება, ისე არც ქართულ ოცნებას არ აქვს და არც მომავალში უნდა ჰქონდეს უფლება მოპაროს ქართველ ხალხს საკუთარი არჩევანი“ - განაცხადა „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

--   (14.09.2020)
დღეს პირდპირ შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ოცნება იწყებს არჩევანის მოპარვას ზუგდიდელებისთვის. მივმართავ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, ნუ ჩაერთვებიან ამ ბინძურ თამაშში. 8 ოქტომბერიც გაივლის, 9 ოქტომბერიც გაივლის და მათ საზოგადოებას უნდა ჩახედონ თვალებში. მათ არ უნდა მოპარონ არჩევანი ჩვენს ამომრჩევლებს. ეს არის ხელწერა, რომელსაც იყენებდა ნაციონალური მოძრაობა, დღეს განაგრძობს ქართული ოცნება და როგორც ჩანს, ამგვარ ფაქტებს ადგილი აქვს სამეგრელოს სხვა რაიონებშიც". –ამბობდა ჩიქოვანი 2016 წლის 22 აგვისტოს.

--   (14.09.2020)
2001-2004წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, იურისკონსულტი, განყოფილების უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დეპარტამენტის დირექტორი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×