ელზა პაპოშვილი
15.09.2020

ოკუპანტებმა შიდა ქართლში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ახალი ფაქტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სამშაბათს დილიდან ოკუპანტებმა მუშაობა განაახლეს ხურვალეთშიც. ატოცში საოკუპაციო ხაზთან დადგმულია სათვალთვალო კოშკი, ზემო ნიქოზში უკვე არსებულ გამყოფ ღობესთან 5-10 მეტრში ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავლებულია ახალი მავთულხლართი.

ოკუპანტების გააქტიურებას „რეზონანსთან“ ატოცის, ზემო ნიქოზის და ხურვალეთის მცხოვრებლებიც ადასტურებენ. მათი თქმით, თუ აქამდე ოკუპანტები ტექნიკით მხოლოდ პატრულირების მიზნით გადაადგილდებოდნენ, ბოლო დღეები ისინი სამშენებლო მასალით გამოჩდნენ. მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან მიახლოებას ერიდება. 

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყველაზე მძიმე სურათი ხურვალეთშია, რადგანაც სოფლის ორი სახლი, სავარაუდოდ, მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდება. მისივე ცნობით, ბატონიშვილების ოჯახის ბაღში ოკუპანტები უკვე გადაადგილდებიან და მოსახლეობა საკმაოდ შეშინებულია. რუსები ტექნიკით დასახლებულ პუნქტთან ისე ახლოს მუშაობენ, რომ მოსახლეობა ქვეყნის ოკუპაციას პირდაპირ საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ადევნებს თვალს. 

რაც შეეხება ატოცს და ზემო ნიქოზს, ქაცარავა აცხადებს, რომ აქ ოკუპანტებმა ორმაგი მავთულხლართები გააბეს. ანუ უკვე გავლებულის გარშემო კიდევ ახალ მავთულხლართებს აკეთებენ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ნელ-ნელა იწევენ. 

„ხურვალეთში ბორდერიზაცია უკვე მესამე დღეა მიდის. როგორც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ისინი სახლებს უმიზნებენ. ვვარაუდობთ, რომ 2 სახლი მაინც ხაზის შიგნით მოყვება. ერთ-ერთი იქნება ის სახლი, რომელშიც შარშან 15 მარტს რუსები შეიჭრნენ. დღეს ჩვენ გადავიღეთ კადრები, რომ ეს ხაზი ზემოთ მათ საგუშაგოს უკავშირდება. სავარაუდოდ, რაღაცა სტრატეგიული მიზნები აქვთ და ფაქტობრივად სოფელს ალყაში აქცევენ. 

„ბატონიშვილების ბაღში ოკუპანტები უკვე გადაადგილდებიან. მოსახლეობა ამ საშინელებას საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ადევნებენ თვალს და შეშინებულები არიან, რომ მათი კარმიდამო ღობის მიღმა არ მოხვდეს. რაც შეეხება ზემო ნიქოზს და ატოცს, აქ გავლებულ მავთულხლართების გარშემო კიდევ ახალს ამატებენ და თან ნელ-ნელა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიისკენ იწევენ“, - აცახდებს „რეზონანსთან“ დავით ქაცარავა. 

მისივე თქმით, ოკუპანტები როგორც კი ჟურნალისტებს და მედიას დაინახავენ, მაშინვე ტერიტორიას ეცლებიან. თუმცა სიტუციის ჩაწყნარებისთანავე ისევ ჩნდებიან. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უფრო მკაცრი განცხადებები გააკეთოს და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ ოკუპანტები 12 სექტემბრის შემდეგ სოფლის ქედზე ძელებს ამონტაჟებენ და მათზე მავთულხლართებს აბამენ. ადგილობრივი მცხოვრები ლუდა სალია ამბობს, რომ შეიარაღებული პირები სოფლის საძოვარს ღობავენ, სადაც ასევე ხურვალეთის სასაფლაოც არის. მისი თქმით, რუსებმა ძველი გამყოფი ხაზი სოფლის სიღრმისკენ გადმოწიეს.

„სოფლის სიღრმისკენ მოიწევენ, 12 სექტემბრიდან ყოველდღიურად მუშაობენ. დიდი ალბათობით, რასაც თვალს ვადევნებთ, ღობის მიღმა სასაფლაო, საძოვარი და რამდენიმე სახლი მოხვდება. ქედი, სადაც შეიარაღებული პირები მუშაობენ, სწორედ სასაფლაოს და სკოლას ესაზღვრება. გვეშინია, რადგანაც ქართული პოლიციის საგუშაგოს სიახლოვეს გამოჩდნენ. იქვე ახლოს მცხოვრები ხალხი კი პირდაპირ ფანჯრებიდან ადევნებენ თვალს როგორ იღობება მათი ადგილები. 

„აქ საქართველოს მოქალაქეებს ისედაც ყოველდღე იჭერდნენ და ახლა საერთოდ საქონლის საძოვრად გამოყვანასაც ვეღარ შევძლებთ. ეგ კი არა, სკოლაში უკვე ბავშვების მიყვანის შეგვეშინდა. სკოლის პირდაპირ შეიარაღებული ოკუპანტები დადიან. ბოძებზე უკვე მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. არავის და არაფერს ერიდებიან, როგორც უნდათ და რასაც უნდათ იმას ღობავენ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ სალია. 

საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკვე გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (17.09.2020)
ესეიგი, დავუწყოთ ო მ ი რუსეთს? გაერო გვიშველის, თუ ტრამპი? მზირალი---რა ინიციატივას იღებთ? სროლაზე-სროლით რომ უპასუხა მ ი შ ა მ (რომელსაც მხარს უჭერდა ბუში)რაც მივიღეთ ხომ ვიცით?! სწორედ ამიტომ აწყობს პროვოკაციებს, რომ წამოგვაგოს და კისერი მოგვატეხინოს, იყუჩე, თუ კაცი ხარ, მთელ მოსახლეობას ნუ გააწყვეტინებ 1 ატომური ბომბით--რა, ჭკუა დაუშლის,თუ მაგალითი არ აქვს ხიროსიმისა და ნაგასაკის 1945 წლიდან მოყოლებული-ამერიკას ეჯიბრება რუსეთი და ჩვენზე გინდა ჯოხი გადაატეხინო? ფინეთსაც წაართვა დიდი ტერიტორია, იაპონიასაც---რა,მერე? ვინც ითმინა--მან მოიგოო-ხომ გაგიგია. ასეთია ჩვენი ხვედრი, ვერაფერს შეცვლი!

mzirali   (15.09.2020)
უნდა გამოცხადდეს სამხედრო განგაში და ჯართან ერთად მთელი მოსახლეობა უნდა დაიძრას ამ ადგილებისკენ სადაც ოკუპანტები ახალ მავტულხლარტებს ავლებენ

ИНЦИТАТУС   (15.09.2020)
Самиве шемтхвевас гагебит моекидет амханагебо, га-ге-бит. Гоумарджос квела ертморцмуне дзмас да модзмес..! УРА амханагебо!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×