თამთა ჩაჩანიძე
15.09.2020

ბოლო წლებში წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევევების მონაცემების თანახმად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა ყოველთვის საკმაოდ დიდია. არჩევნებამდე ერთი თვით, ან სულაც ერთი კვირით ადრე ამომრჩეველთა ნახევარს და ზოგჯერ კიდევ უფრო მეტსაც გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას. სოცილოგების შეფასებით, თუ მოცემულ სურათს დასავლეთის პრაქტიკას შევადარებთ, ამაში უჩვეულო არაფერია. ხოლო 2016 წლის საპარლამენტო, 20017 წლის ადგილობრივი და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაქტიკამ კი, მათივე აზრით, აჩვენა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმების უმრავლესობას საბოლოოდ მაინც „ქართული ოცნება" იღებს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ NDI-სა და CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოკითხულთა 57%-მა არ იცოდა ვის მისცემდა ხმას.

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ, NDI-ის კვლევით, 60%-ს არჩევნებზე წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა მათ 75%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი ბიულეტენში ვის შემოხაზავდა.

2016 წლის საპარლამანეტო არჩევნებზე ამომრჩევლების აქტივობა 51.6%-იყო. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ" ხმების 48.68% მიიღო. რაც შეეხება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 59, 5% მიიღო, აქტივობა კი 46,74% იყო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი 59%-ია, ცოტა ხნის წინ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაკვეთითაც ჩატარდა და კომპანია „სურვეიშენის" მიერ ჩატარებულ კვლევაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 42%-ია.

რატომ ჭოჭმანობს ამომრჩეველი

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებში მისული გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უმეტესწილად ხმას „ქართულ ოცნებას", რადგან, მისივე თქმით, „ოპოზიციის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ".

„გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ეს რაოდენობა, დასავლეთის სტანდარტებს თუ შევადარებთ, არც ისე გასაკვირია. ამომრჩეველი ვალდებული არაა, რომ გავიდეს გამოკითხვაზე, რბილად რომ ვთქვათ, ზარმაცობს. თუ გამოკითხვაზე მაჩვენებელი 30%-ს გადასცდება ხოლმე, ითვლება, რომ ამომრჩეველი აქტიური იყო.

„ბოლო პერიოდში საქართველოში არჩევნებზე ურნასთან მისული ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა გადაწყვეტილება მიიღო და ხმები დაახლოებით ისე გადანაწილდა, როგორც მთლიან მოსახლეობაში - ანუ იმ პარტიაზე, ვისაც არჩევნებში მოსახლეობაში მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

„ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებში ურნასთან მისული გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უმეტესწილად ხელისუფლებას აძლევს ხმას იმიტომ, რომ ოპოზიციის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ.

„ამ არჩევნებზე პრეტენზია ძალიან ბევრ პარტიას აქვს. ეს სიმრავლე კი გადაწყვეტილების მიღებას თავისთავად ხელს უშლის. პარტიათა რიცხვი რაც უფრო დიდია, არჩევანის გაკეთება მით უფრო ძნელია. ბოლო პერიოდში ბევრისგან გავიგონებდით, რომ არც სახელისუფლებო და არც წამყვანი ოპოზიციური პარტიები არ უნდა და უნდა სხვა, მაგრამ ეს „სხვა" არაა საიმისოდ ძლიერი, რომ ადამიანს ხმის დაკარგვის შიში არ ჰქონდეს. ანუ არსებობს ბევრი საკითხი, რომ ამომრჩევლის ჭოჭმანი გასაგები იყოს, ეს ჭოჭმანი ბუნებრივია", - განაცხადა საყვარელიძემ.

ამომრჩეველთა ნაწილი გამოკითხვისას საკუთარ არჩევანს მალავს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ წლიდან წლამდე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა იზრდება, რადგან ამომრჩეველს რჩეული პარტია და მისი ლიდერები იმედებს უცრუებდნენ და ალტერნატიული მესამე ძალაც რეალურად არ ჩნდებოდა.

„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი წმინდა ფსიქოლოგიურ-ემოციურია - როდესაც ამომრჩეველი კონკრეტულ პარტიასთან და მის ლიდერთან გადაჭარბებულ ემოციურ კავშირს ამყარებს და შემდგომ, როდესაც პარტია და მისი ლიდერები იმედს უცრუებენ, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე.

„მეორე მიზეზი კი წმინდა სოციალურ-ეკონომიკური-პოლიტიკური პრობლემებია, რომელთა გადაწყვეტასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია ჰპირდებოდა, მაგრამ მან ეს დაპირებები ვერ შეასრულა ისე, როგორც ამას ამომრჩეველი მოელოდა. აქედან გამომდინარე, ეს მიზეზ-გარემოებების წყება განაპირობებს იმას, რომ ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ", როდესაც ხელისუფლებაში იყო, და ვერც „ქართულმა ოცნებამ", როდესაც ის მეორე ვადას ამთავრებს, ამომრჩევლის იმ რაოდენობის შენარჩუნება ვერ შეძლო, რაც მათ თავის დროზე ჰყავდათ.

„აქედან გამომდინარე, ამან განაპირობა ის, რომ თუ გამოკითხვებს თვალყურს მივადვნებთ, წლიდან წლამდე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა იმატებდა და კიდევ იმიტომაც იმატებდა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი, ალტერნატიული მესამე ძალა არ ჩნდებოდა, რომელიც მათთვის მისაღებ ალტერნატივას შესთავაზებდა. შესაბამისად, რადგანაც ასეთი ძალა არ ჩნდებოდა და სავარაუდოდ არც ახლა ჩანს, ამიტომაც ასეთ მაღალ პროცენტებს ვიღებთ.

„თუმცა, ნურავის ნუ მოატყუებს ის ციფრები, რაც მაგალითად „ენ-დი-აი"- ს გამოკითხვაშია. ეს ამომრჩეველი, ჩემი აზრით, მხოლოდ პირობითადაა გადაუწყვეტელი, ისინი უბრალოდ ამ ეტაპზე საჭიროდ არ თვლიან, რომ სოციოლოგიურ ორგანიზაციებს საკუთარი არჩევანი გაუზიარონ.

„ჩემი დაკვირვებით, არჩევნებზე ქართველი ამომრჩევლის ქცევა ფაქტოლოგიას ნაკლებად ეფუძნება. მის ელექტორალურ ქცევას უფრო მეტად ემოციური ფაქტორი განაპირობებს. ამიტომაც არის, რომ პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ძირითადად ცდილობენ, რომ ემოციური სიმართლე შეაჩეჩონ ხელში, ვიდრე ფაქტოლოგიაზე დაფუძნებული რაციონალური სიმართლე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამომრჩევლის ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ ის გადაწყვეტილებას არჩევნების ბოლო დღეს, ან საარჩევნო კაბინაში იღებს. იქ კი მის მოსაზრებებზე რა განწყობები დომინირებს, ამის გასაზღვრა ფაქტიურად შეუძლებელია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივ და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაუწყვეტელი ამომრჩეველის უმეტესობამ არჩევანი „ქართული ოცნების" სასაგრებლოდ იმიტომ გააკეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა აღარ სურდათ.

„ბოლო რვა წლის განმავლობაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი „ქართული ოცნებისკენ" იმიტომ წავიდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მძიმე კვალი დატოვა. მიუხედავად პირველი ორი წელი გარკვეული წარმატებისა, შემდგომში უკვე ეს ე.წ. აღმშენებლობის პროცესი რის ხარჯზე ხდებოდა, ეს მოქალაქეებს ძალიან კარგად ახსოვთ და მათ იმ დროში დაბრუნება ნამდვილად არ სურთ. აქედან გამიომდინარე, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც არჩევნების დღეს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის „ქართული ოცნების" საარჩევნო ყულაბაში გადადინებას განაპირობებს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა თანდათან იკლებს

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას" დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რეალური ოდენობა 30%-ია.

„ბოლო „ენ-დი-აის" კვლევების რიცხვი რაც დასახელდა (59%), ჩემის აზრით ცოტა უფრო მეტია, ვიდრე წარმომედგინა და ვიდრე სხვა კვლევებით ჩანს. ბოლოს განხორციელებული სხვა ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მიერ შეკვეთილ კვლევებში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის არსად ასეთი მაღალი პროცენტი არ დაფიქსირებულა.

„ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სადღაც 30%-ის ფარგლებშია, რაც ძალიან ნორმალურია და ევროპულ გამოცდილებას აბსოლუტურად შეესაბამება.

„ჩვენთან ყოველ ახალ არჩევნებზე ახალ ახალი პარტიები იქმნება და ეს პარტიები კი მმართველი, ან მთავარი ოპოზიციური პარტიებიდან გამოიყოფა. დღეს ჩვენ მივიღეთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი, სადაც ორი ძირითადი მიმართულებაა და ამომრჩევლის გადაუწყვეტელობაც სწორედ აქედან გამომდინარეობს.

„არჩევნების დღის მოახლოებისას გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა მცირდება. ასეთების რაოდენობა კი უშუალოდ საარჩევნო კაბინაში მთელი ამომრჩევლის 5%-ია, რომელიც უკვე კონკრეტულად კაბინაში იღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს, ეს შესაძლოა იყოს პოლიტიკური პარტიის წევრების საქციელი, ამა თუ იმ პარტიაზე გამოქვეყნებული კონკრეტული ინფორმაცია, კონკრეტული დაპირებები და სხვა", - განაცხადა გალუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×