
რა ვითარებაა ახლა ყარაბაღის ომში და მიდის თუ არა სომხურ-აზერბაიჯანული შეიარაღებული კონფლიქტი დასასრულისკენ? პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თუ სომხეთი გარკვეულ დათმობებზე წავა აზერბაიჯანთან, ომი დასრულდება.
„საერთო ფონით თუ ვიმსჯელებთ, ვვარაუდობ, რომ ომი დასასრულისკენ წავა. რუსეთი და თურქეთი არწმუნებენ მხარეებს, რომ ცეცხლი ბოლომდე შეწყდეს და „წითელი ჯვარი" ჩაერთოს დაღუპულების გადმოსვენებასა და ტყვეთა გაცვლაში.
„სამხრეთის მიმართულებით ჯაბრაილის რაიონში აზერბაიჯანი ჯერ კიდევ ცდილობს პოზიციების გამყარებას და დაახლოებით ასეთი ვითარებაა ახლა. მთელი მსოფლიო ელოდება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გადაიზრდება რეალურ ცეცხლის შეწყვეტაში.
„შესაძლოა უფრო სერიოზულად დაიწყოს მოლაპარაკებები როგორც ყარაბაღის სტატუსზე, ასევე იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ომის შემდეგ შეიქმნება. თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით როგორი იქნება, რადგან არაა დაზუსტებული აზერბაიჯანმა რა ტერიტორიები დაიკავა და შეეგუება თუ არა ამას სომხური მხარე. ასევე რამდენად აღიარებს ამას რუსეთი, რადგან ისაა წამყვანი ამ საკითხებში.
„ამ წუთშიც კი, თუ არ ვცდები, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერ კიდევ მოსკოვში იმყოფება და ჩემი აზრით, სომხეთზე მიმდინარეობს „მუშაობა", რათა მან აღიაროს და გაითავისოს, რომ გარკვეული ტერიტორიები დაკავებულია აზერბაიჯანის მიერ. რა ტერიტორიებია - არავინ არ იცის და მოსკოვში ახლა ალბათ სწორედ ამას ადგენენ.
„ამ ფონზე აზერბაიჯანი ძალიან მკაცრი და პრინციპულია, თურქეთიც მხარში უდგას და აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ ის ტერიტორიები, რომლებიც დაიკავა, მას უნდა დარჩეს," - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.