ქრისტინე კაპანაძე
14.10.2020

„უკონტროლო გადაცემის საშიშროება უკვე არსებობს. ეს რიცხვი შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს და ამისთვის საჭიროა ყველამ დაიცვას არსებული რეგულაციები", - არის თუ არა საგანგაშო კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა, საიდანაც 297 თბილისში დაფიქსირდა, ამ საკითხზე „რეზონანსს" ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ესაუბრა.

მისი თქმით, ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელი იყო და სერიოზული განგაშის საფუძველი არ არსებობს.

„ვირუსის მომატებას ჩვენ ველოდებოდით. სერიოზული განგაშის საფუძველი არ არის, მაგრამ ძალიან საყურადღებოა. დღევანდელი მდგომარეობით უკვე თბილისია საშიში ზონა, რაც მოსახლეობის სიმჭიდროვისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო", - აცხადებს ენდელაძე.

„რეზონანსის" კითხვას, თუ რატომ აღარ აცხადებენ დაინფიცირებულთა წყაროებს - თუ ვინ რომელი კლასტერიდაა და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვირუსის უკონტროლო გადაცემა დაიწყო, ენდელაძე გვპასუხობს, რომ არის შემთხვევები, სადაც წყაროები ცნობილი არაა, რადგან წყაროს მოძიება რთული პროცესია. ეს კი ნიშნავს, რომ ვირუსის მასობრივი უკონტროლო გავრცელება იწყება.

„არ ვამბობ იმიტომ, რომ ცოტა რთული დასადგენია. არის შემთხვევები, სადაც წყაროები არაა ცნობილი. ცხელებიანი პაციენტები უკვე ძალიან ბევრია. შესაბამისად, მე ინფიცირების წყაროებზე არ ვფლობ ინფორმაციას, რასაც მაწვდიან იმას ვაჟღერებ.

„უკონტროლო გადაცემის საშიშროება უკვე არსებობს. ეს რიცხვი შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს და ამისთვის საჭიროა ყველამ დაიცვას არსებული რეგულაციები. პირველ რიგში პირბადის სწორი გამოყენება, ხელების დაბანა, ჰიგიენა და ა.შ. ცხოვრების წესი უნდა გახდეს პირბადით სიარული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, სუპერმარკეტებში და ყველგან,"- ამბობს მარინა ენდელაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×