მარიკა ხორავა
20.11.2020

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. სირცხვილის დერეფნების გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის გადაწყვეტილება სწორია. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ იმ ამომრჩეველზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურს.

პარასკევს „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახი კალაძემ განაცხადა, რომ სირცხვილის დერეფნების მსგავსი სახის ზეწოლა სს დანაშაულია, რაზეც შსს შესაბამის რეაგირებას მოახდენდა.

„ამომრჩეველს აქვს კონსტიტუციური უფლება, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება. ამ ყველაფერზე ზეწოლა, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, სწორია ის გადაწყვეტილება, რომელიც საერთო ჯამში მიიღეს. თუ იქნებოდა ასეთი კონკრეტული ფაქტები, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვებოდა", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ხვალ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, მეორე ტური ტარდება თბილისის რვავე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში; რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში; მცხეთა-მთიანეთში; თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში; ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში; ქუთაისში; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში; ზუგდიდში; ბათუმში; ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს ოლქში.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილი იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვან კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისათვის.

„აქედან გამომდინარე, გვინდა მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით", - განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კრიზისი დაძლევადია, ვფიქრობ, ბარიერგადალახული პარტიები მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში განაგრძობენ მუშაობას. მისივე თქმით, „ქართული ოცნების" შეხვედრა ელჩებთან ჯერ არ ყოფილა.

„ისინი ხვდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. როგორც კი ჩაინიშნება შეხვედრა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ყველაფერი გახდება ცნობილი როგორც მედიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

„ვიმედოვნებ, რომ ბარიერგადალახული პარტიები მიიღებენ სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში განაგრძობენ მუშაობას. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის. დარწმუნებული ვარ, ასევე ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, (მინდა მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის) შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება", - ამბობს კალაძემ.

კალაძის თქმით, ის ოპტიმისტია იმედი აქვს, რომ ოპოზიციაში „ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას" მიიღებენ.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, თუ როგორი მომავალი პარლამენტის ხილვა სურს, სადაც ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, თუ ვინ და რა რაოდენობით უნდა შევიდეს პარლამენტში. ასე რომ, დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებებს", - თქვა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×