მარიკა ხორავა
21.11.2020

„ქართული ოცნების" მხრიდან ჩვენ ადეკვატური შემოთავაზება უნდა მივიღოთ, რომელიც ხალხს დააკმაყოფილებს - ასე აფასებს „რეზონანსთან" „სტრატეგია აღმაშანებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებს, მოლაპარაკების მესამე რაუნდის შესახებ.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია კომპრომისებისთვის მზარ არის, თუმცა სრულ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„ბოლო შეხვედრების შემდეგ ოპოზიციამ დავაფიქსირეთ, რომ რაციონალური კომპრომისისთვის მზად ვართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სრულად დავთმობთ ჩვენს პოზიციებს. ამიტომ, „ქართული ოცნების" მხრიდან ჩვენ ადეკვატური შემოთავაზება უნდა მივიღოთ, რომელიც ხალხს დააკმაყოფილებს. შეთანხმების მიღწევის სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ. როგორც კონსტრუქციულ ადამიანებს სჩვევიათ, მათ წინადადებას დაველოდები. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები საჯაროდ განვაცხადეთ. მათაც შეუძლიათ მოიტანონ და კონკრეტულად გვითხრან რისი სურვილი აქვთ", - განაცხადა ვაშაძემ.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შუალედური ვარიანტი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შესაძლოა მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოიკვეთოს.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ასეთი შუალედური ვარიანტი გამოიკვეთება მესამე რაუნდის ფარგლებში, რომელიც გაიმართება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ეს ალბათ, დახურული ინფორმაცია უნდა იყოს, შეიძლება გვქონდეს გარკვეული ვარაუდები, მაგრამ სჯობს, ეს ვარაუდები არ გავამხილოთ, ვიდრე არ შედგება მესამე რაუნდი, იმისათვის, რომ მოლაპარაკებებს ზიანი არ მივაყენოთ.

„დათმობაზე ან აქედან ან იქიდან რანაირად შეიძლება იყოს საუბარი, მე არ ვიცი. არჩევნები შედგა და რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა შევთანხმდეთ გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი. აქ დათმობაზე ვერ იქნება საუბარი, აქ იქნება საუბარი გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ერთად როგორც ჩვენი, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ეს საერთო ნაბიჯები უნდა შეჯერდეს და იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება," - ამბობს კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ როგორც კი ოპოზიცია პოზიტიური გაგებით წითელ ხაზს გადაკვეთს და ულტიმატუმებს მოხსნის დღის წესრიგიდან, მმართველი პარტიის მხრიდან იქნება შემხვედრი წინადადებები.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ფასილიტატორი ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი უკვე იყოს შედეგიანი. ჩვენ ვხედავთ მათ შესაბამის მოქმედებებს, ისინი უკვე ცალ-ცალკე ხვდებიან პარტიების წარმომადგენლებს. მგონი, ყველასთვის ცხადია ამ შეხვედრებიდან გამოსული პოლიტიკოსების განცხადებების პათოსი.

„ვფიქრობ, რომ ისინიც კომპრომისულ წინადადებებზე იფიქრებენ, იმსჯელებენ და პარლამენტში შემოვლენ იმისთვის, რათა თავისი პოზიცია დააფიქსირონ საპარლამენტო ტრიბუნიდან და ბოლოს და ბოლოს პატივს სცემენ თავიანთ ამომრჩეველს, რომლებმაც დაავალეს, რომ მათ მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა.

„როგორც კი წითელ ხაზს გადაკვეთენ, ამ შემთხვევაში, პოზიტიური გაგებით, ბუნებრივია, შემხვედრი წინადადებებიც იქნება ჩვენი მხრიდან. თუ ისინი იფიქრებენ და თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ამ ულტიმატუმის ჩახსნაში, ამ შემთხვევაში, უკვე ყველა ვხვდებით, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა", - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ბევრ თემას შეეხო და ყველა მათგანზე შესაძლებელია საუბარი, გარდა ქართველი ამომრჩევლის ნებისა და გადაწყვეტილების გადახედვისა.

„მე ვიმედოვნებ, მწამს და მჯერა, რომ ისინი ამ რადიკალური პოზიციიდან გამოვლენ და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაიდება ისეთი წინადადები, რომელზეც იქნება შესაძლებელი მსჯელობაც და გადაწყვეტილების მიღებაც," - აღნიშნავს მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ხატია   (22.11.2020)
ღმერთო, რა შტერი ოპოზიცია გვყავს! ახლა ან თუნდაც რამოდენიმე თვეში, რიგგარეშე არჩევნები იმას ნიშნავს, რომ პატარა პარტიები 5 %-იან ბარიერს ვერ გადალახავენ და ისევ ქოცების და ნაცების შოუს უნდᲐ ვუყუროთ კაცმა არ იცის კიდევ რამდენი წელი. ამას არ სჯობს შეხვიდეთ პარლამენტში და იქ დაახუროთ ოცნებას, ხალხს დაანახოთ ქუჩაში ბღავილის გარდა რა შეგიძლიათ და რიგგარეშე სამართლებრივად მოითხოვოთ? ნაცებს თუ არ უნდათ შემოსვლა, გადასარევია. ეყარონ ქუჩაში და კვალიფიკაციას როცა დაკარგავენ, მერე სენატორებსაც რუსეთის აგენტები ეძახონ. მოცილდით ნაცებს, შედით პარლამენტში, იქ ააწიოკეთ ქოცები და 2 წელიწადში რიგგარეშე სრულად პროპორციული მოითხოვეთ. თუ არა და, ვეთანხმები მარის, რეფერენდუმით დადგინდეს უნდა თუ არა ხალხს ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმის შედეგი ოპოზიციამ და ხელისუფლებამ აღიაროს ისე, როგორც ხალხი გადაწყვეტს.

მარი ცქიფურიშვილი   (22.11.2020)
ჩატარდეს რეფერენდუმი და ხალხმა დადგინოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღი.

ბარნაბა ხონელიძე   (21.11.2020)
მე მგონია ერთადერთი დათმობას,თუ ოპოზიცია შევა და ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩაატარებს 2,5 ან 3,5წლის შემდეგ!:(


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×