მარიკა ხორავა
21.11.2020

2020 წლის 19 ნოემბერს, გამოქვეყნდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წელს ბათუმში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმეზე. ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას ასევე დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

ევროპული სასამართლო ამ საქმეს 8 წლის განმავლობაში განიხილავდა, საქართველოში კი „სერჟანტ შავაძის საქმის" გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. უკვე 12 წელია ქართული პროკურატურა მოკლული სერჟანტის საქმეს სწავლობს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ" - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება") არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.

როინ შავაძის ქვრივმა, ციცინო შავაძემ „ბათუმელებს" უთხრა, რომ მისი მეუღლის მკვლელები და მათი მფარველები დღესაც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ და თანაც, საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე.

„15 წუთია გავიგე გადაწყვეტილების შესახებ. მითხრეს, რომ პასუხს სთხოვენ ჩვენს ქვეყანას. ძალიან ნაწყენი ვარ. რატომ უნდა სჭირდებოდეს ჩემს ქვეყანას მისი ქვეყნის მოქალაქეზე სხვამ მიუთითოს, რომ ეს ასეა. არ იცოდნენ, რომ ჩემი მეუღლე დამნაშავე არ იყო?! იცოდნენ, მაგრამ სათავეში ისევ მკვლელები და მათი მფარველები არიან. ოჯახს არანაირი მორალური ზიანი არ მიუღიაო - ჩემმა ქვეყანამ ეს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს. 12 წელია ეს საქმე საქართველოში არავის გახსენებია, ერთი სიტყვაც არ დაუძრავთ. მათ მოკლულს გამოიძიებენ?!" - ამბობს ციცინო შავაძე.

მან განაცხადა, რომ 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა და მთავრობაში „ქართული ოცნება" მოვიდა, მოლოდინი ჰქონდა, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, თუმცა ამაოდ.

„მეტიც, აჭარის მთავარი პროკურორი ვასილ როინიშვილი, რომლის დროსაც ციცინო შავაძეს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს 10 წლის ვადით. წარმოიდგინეთ, ეს კაცი ამბობდა, ხმა, კრინტი არ დამეძრა. ისინი არიან საკონსტიტუციო სასამართლოში და ფიქრობთ, რომ გამოიძიებდნენ საქმეს? ვფიქრობდი, ყველაფერს გააკეთებდა ეს მთავრობა, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ მთავრობას სჭირდება ეს მკვლელები, აბა, როგორ გავიგო?!" - აცხადებს ციცინო შავაძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის, გარდაცვალების ფაქტს.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა როინ შავაძე ბათუმში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა შემდგომ განაცხადეს, რომ როინ შავაძე სამართალდამცველთა მიერ სასტიკად იყო ნაცემი, მას „სახელმწიფოს მოღალატე" უწოდეს და წაიყვანეს მანქანით. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე დაიღუპა სასტიკი არასათანადო მოპყრობის შედეგად; გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა წამების აშკარა ნიშნები. მომჩივანი უთითებდა ვიდეომასალაზე, სადაც აღბეჭდილი იყო მისი მეუღლის დაზიანებები, მათ შორის, ფართო ღრმა ჭრილობები და დამტვრეული თითები", - წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდაცვლილის ქვრივი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არ ყოფილა არავითარი გაქცევის მცდელობა და, რომ სერჟანტი როინ შავაძე სამართალდამცველებმა მოკლეს შურისძიების მიზნით, როგორც გამყიდველი ჯარისკაცი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს თითქოსდა რუსეთის საოკუპაციო ნაწილებს საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამხედრო ნაწილების გადაადგილებისა და სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის შესახებ.

2008 წლის აგვიტოს ომის დროს სერჟანტი შავაძე სენაკის ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავად მსახურობდა.

ადვოკატი რამინ პაპიძეც ამტკიცებდა, რომ, სანამ მოკლავდნენ, სერჟანტი როინ შავაძე ცემით გამოიყვანა სახლიდან 20-მდე სპეცრაზმელმა შეძახილებით „მოღალატეა, მოღალატეო".

ციცინო შავაძის სარჩელის მიხედვით, როინ შავაძის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცული „სიცოცხლის უფლება". მოსარჩელის თანახმად, მისი მეუღლე, როინ შავაძე წამებით იქნა მოკლული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს, ხოლო მკვლელობის ფაქტი არაფექტიანად იქნა გამოძიებული ჯერ შს სამინისტროს, ხოლოდ შემდეგ საქართველოს პროკურატურის მიერ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ როინ შავაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელში გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს და მომხდარი ფაქტის შემდეგ გამოძიება იმავე ორგანომ დაიწყო და არა პროკურატურამ, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებდა:

„მოგვიანებით საქმე პროკურატურას გადაეცა, თუმცა გამოძიება ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ განხორციელებული პირველადი და ყველაზე გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები აშკარად არღვევდა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს. როგორც საქმეებში - „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ" და „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი, ამგვარი პროცედურული ხარვეზი არსებითად უშლის ხელს შემდგომი გამოძიების ეფექტურობას. ზემოაღნიშნულის გამო სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა მის გაჭიანურებაზე. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა".

გამოძიების ოფიციალური პოზიციის მიხედვით, სამართალდამცველებმა როინ შავაძის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს მისი უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილების მიხედვით, ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქართველოს მხარეს არ წარმოუდგენია.

სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ, მიუხედავად მომჩივნის, ციცინო შავაძის არაერთი მოთხოვნისა 2008-2011 წლებში, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, არ ჰქონდა წვდომა გამოძიების მასალებზე, მათ შორის, გარდაცვლილი მეუღლის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაზე.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, მხედველობაში მიიღო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა, რომელზეც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი დაზიანებები, რაც არ შეესაბამებოდა ოფიციალურ პოზიციას, რომ როინ შავაძისთვის სიცოცხლის მოსპობა მოხდა მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ძალის შედეგად. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება") არსებითი მხარის დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას ასევე დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონეს   (21.11.2020)
ისინი ნაგვები რომარის კი ვიცი მაგრამ ის პროკურორი და მოსამართლეები ამათმა რომ საკუთარ სამსახურში ჩაიყენეს ამაზე რა იტყვი

Saertod   (21.11.2020)
Usamarcxvinoesi faqti! Omidan dabrunebul Qartvels isev Qartvelebi rom chacxrilaven?! Phsiqologiurad gavichedet, gadatvirtva gvichirdeba mtel ers!

ჭორლეონე   (21.11.2020)
ეს ფული მე რატომ უნდა ვიხადო ვინ მეტყვის? სად არიან ეხლა ის მოსამართლეები განაჩენი ვინც გამოაცხო? დედა ამოუჟლიტეთ ახალაიებს და გივია ბლუ თარგამაძეს, ბლუ ბოკერიას ცოლი გაჟიმეთ აქოთებულ ანუსში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×