თამთა ჩაჩანიძე
24.11.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, დამატებით ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებს. საბჭოს წევრები გადაჭრით უარყოფენ სრულ ლოქდაუნს და მკაცრ წერტილოვან შეზღუდვებზე საუბრობენ. ეს კი შეიძლება იმას გულისხმომდეს, რომ სხვადასხვა ბიზნესის საქმიანობა თუ ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა გარკვეული გრაფიკის მიხედვით შეიზღუდოს და კვირის კონკრეტულ დღეებშჳ, ამ დღის კონკრეტულ საათებში იყოს აკრძალული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რეზონანს" განუცხადა, რომ საბჭოს წევრებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არაა, თუმცა კითხვაზე, განიხილება თუ არა კონსულტაციაზე სხვადასხვა ბიზნესისა და ტრანპსორტის მუშაობის გაჩერება კვირის კონკრეტული დღეების, ან დღის განმავლობაში კონკრეტულის საათების განმავლობაში განაცხადა, რომ ყველა საკითხი განიხლიება სრული ე.წ. ლოქდაუნის გარდა.

„ჯერ არ გადაწყვეტილა, კონსულტაციები მიმდინარეობს, ყველა ვარიანტი განიხილება, სრული ლოკდაუნის გარდა", - განაცხადა იმნაძემ.

მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აუცილებლია, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და დაემატოს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით, რა გადაწყვეტილებასაც, მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან" და პროფესიით ექიმი ლადო კახაძე ასევე აცხადებს, რომ საუკეთესო გამოსავალი, ასე ვთქვათ, შეზღუდვების გარკვეული გრაფიკის შემოღება, ან ერთგვარი მორიგეობითი შეზღუდვების დაწესება იქნება.

„ამაზეც მიდის მსჯელობა, რომ რომელიღაც დღე მაქსიმალურად გამოვათავისუფლოთ და ერთი დღე იყოს საშუალო დატვირთვის. მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებებზე. თუ სტაფში ასი კაცი ჰყავთ, ერთი დღე გასაკეთებელ საქმეს 50 კაცი უძღვება, მეორე დღეს მეორე ნახევარი შემოდის.

„რაც შეეხება სილამაზის სალონებს, ეს, მართალია, სასიცოცხლო მნიშვნელობის არაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ადამიანი ამით შემოსავალს ღებულობს. გავაკეთებდი სალონებში ჩაწერის ინსტიტუტს, რომ იქ ცოცხალი ადამიანი რომ მიდიოდეს, არავინ არავის არ ხვდებოდეს, ეს რაოდენობას შეამცირებს, მაგრამ უსაფრთხოებას გაზრდის. შესაძლოა ამის მთლიანი ლოქდაუნი არ მოხდეს, მაგრამ უმკაცრესი დაცვის პირობებში რიგები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

„კერძო მანქანით ინდივიდუალური საოჯახო გადაადგილება/შეზღუდული არ უნდა იყოს. რაც შეეხება საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ რაოდენობა მკაცრად უნდა იყოს დაცული. თუ ავტობუსი 50 კაცზეა გათვლილი, უნდა მგზავრობდეს არაუმეტეს 20 კაცისა. ეს უმკაცრესად უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება მოლებს, ასევე აქაც უმკაცრესი რეჟიმი უნდა იყოს, მაგალითად ჯერ ათი კაცი შევა, მერე ათი კაცი და ა.შ.

„ბაზრების თემა სოციალურ თემასთან ძალიან ახლოა, იქ გლეხი მიდის, ყიდის და უნდა დაუფასდეს. აქ ძირითადი დატვირთვა შაბათ-კვირაზე მოდის, აქაც სიხალვათე უნდა იყოს, ან მორიგეობა-მონაცვლეობა დავაწესოთ, დღეს ის მხარე იყოს შემოსული პროდუქტით და ხვალ - მეორე, რომ ადამიანების კონტაქტი მინიმალური იყოს. რესტორნებზეც ასევე დისტანციისა და მორიგეობის მონაცვლეობით.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შესაძლოა ავტობუსები დაემატოს. ან მიმოსვლა ორ დღეში ერთხელ იყოს, ყოველ შემთხვევაში ყველა სრული აკრძალვის წინააღმდეგია და რაღაც ფორმა უნდა გამოინახოს. რაც შეეხება ქალაქების ჩაკეტვას, თბილისში ინფიცირების ბევრი შემთხვევა გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიკეტავს.

„ეს არის რეკომენდაცია ერთი ჩვეულებრივი ლადო კახაძისგან, რამდენად გაითვალისიწინებს საკოორდინაციო საბჭო, ვერ გეტყვით", - განაცხადა ლადო კახაძემ.

ვირუსთან ბრძოლის გასხვავებულ, სლოვაკურ სცენარზე საუბრობს ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე. „რეზონანსთან" საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ შესაძლო დამატებითი შეზღუდვები ვირუსს ისე ვერ შეანელებს, როგორც კორონავირუსზე ტესტირების რაოდენობის გაზრდა და დადებითი პაციენტების იზოლაციაში მოქცევა.

„სრული ჩაკეტვა გამართლებულად არ მიმაჩნია იმიტომ, რომ ეკონიმიკურად არაა მზად ქვეყანა იმისათვის, რომ ჩაკეტილ ადამიანს საჭმელი და წამალი არ მოაკლდეს. სლოვაკეთის მაგალითს გეტყვით - ერთ დღეში სამი მილიონი მოსახლე მთლიანად იქნა გამოკვლეული და დადებითი ვინ იყო, ყველას იზოლირება გაუკეთედა, რითაც ჯაჭვი აბსოლუტურად გაწყვიტეს. იქ ახალი კოვიდის შემთხვევები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება.

„ამ შეზღუდვებს საერთო ჯამში ვიღაც მაინც დაარღვევს. ამიტომ მე არ ვიცი სხვა ისეთი პრევენციული ზომა, რომელიც დიდ ზემოქმედებას გამოიწვევს", - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება სხვადასხვა ბიზნესისა და ტრანპსორტის დღეების,ან საათების მიხედვით შეზღუდვა, ხმალაძემ განაცხადა, რომ: „იმაზე უკეთესია, დღეს რაც ხდება, მაგრამ რეალურად ვერ ვიტყვი, რომ ამ დროს გადაეცემა ადამიანს ინფექცია. ჩვენ რომ ვიცოდეთ რეალურად რა დროს გადაეცემა, მაშინ ასეთი შეზრუდვის ტიპი ქმედითი იქნება, მაგრამ „დღეს მოდი და ხვალ არ მოხვიდე" - ეს რამდენად ეფექტური იქნება, არვიცი.

„რაც შეეხება რესტორნებს, ეს მხოლოდ ქეიფი არაა, აქ არის უამრავი ადამიანია დასაქმებული, რომელიც ამ შემოსავალზეა დამოკიდებული და აქ რაოდენობრივი შეზღუდვა უნდა მოხდეს. თუ დისტანციას დაიცავენ და მოსმახურე პერსონალი პირბადით იქნება და ა.შ., ეს დასაშვებად მიმაჩნია", - განაცხადა ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×