თამთა ჩაჩანიძე
25.11.2020

„სამწუხაროდ, ეს სპეკულაციები, როგორც წესი, ნატოს ყოფილი თანამდებობის პირებისგან მოდის. სანამ თანამდებობაზე არიან, ამბობენ - „ჯერ არა, ჯერ არა"; თანამდებობიდან რომ გადადგებიან, ამბობენ, რომ ხვალვე მიგიღებთო. ეს მე არ მომწონს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი საგარეო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების ახალ შესაძლო სქემაზე.

როგორც ვერშბოუ აღნიშნავს, საუბარია საქართველოსა და უკრაინისათვის რაღაც ახალი, შუალედური სტატუსის შემოღებაზე, რასაც პირობითად შეიძლება ნატოს ასოცირებული წევრობა ეწოდოს. ამის პარალელურად კი რუსეთისათვის თანამშრომლობის ახალი პაკეტის შეთავაზებაზე, რათა ეს რუსეთის მხრიდან მტრულ ნაბიჯად არ იქნეს აღქმული.

„ნატო-ში რუსეთის წევრობის საკითხი სერიოზულად იყო განხილული კლინტონსა და ელცინს შორის. თუმცა, საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით.

„თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით უკრაინისთვის და საქართველოსთვის", - განაცხადა ვერშბოუმ.

ნატოს მინისტერიალის მოახლოების წინ, რომელიც 1-2 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება და სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, მსგავსი განცხადებები დასავლელი ოლიტიკოსებისა სამხედროების მხრიდან თვალსაჩინოდ გახშირდა. მაგალითად, სამშაბათს „ეურობსერვერმა" გამოაქვეყნა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტს ბენ ჰოჯესის ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ ყარაბაღის მოვლენების ფონზე აუცილებელია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევა გაეგზავნოს.

როგორც შარაშენიძე აღნიშნავს, მსგავსი განცხადებები ალიანსის ყოფილი თანამდებობის პირებისგან ხშირად ისმის, თუმცა მისივე თქმით, როცა თანამდებობაზე არიან „ვერაფერს ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ იქ საქართველოს გამო გერმანიასთან ჭიდაობა არ უნდათ".

„მართალი გითხრათ, არ ვიცი ეს ასოცირებული წევრის სტატუსი რას უნდა ნიშნავდეს, ძალიან ძნელია ეს სპეკულაციები. სამწუხაროდ, ეს სპეკულაციები, როგორც წესი, ნატოს ყოფილი თანამდებობის პირებისგან მოდის. სანამ თანამდებობაზე არიან, ამბობენ - „ჯერ არა, ჯერ არა"; თანამდებობიდან რომ გადადგებიან, ამბობენ, რომ ხვალვე მიგიღებთო. ეს მე არ მომწონს.

„ჩემთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვერაფერს ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ იქ საქართველოს გამო გერმანიასთან ჭიდაობა არ უნდათ. ესაა მნიშვნელოვანი, რომ გერმანიაა წინააღმდეგი. ამაზე უნდა ვიმუშავოთ ჩვენ და ამერიკელებმა. ესაა სერიოზული პრობლემა, თორემ ამერიკელები მომხრეები რომ არიან, გავიგეთ. ვერშბოუც მომხრეა და ყველა მომხრეა. ბენ ჰოჯესი ყოველ ორ კვირაში ერთხელ ამბობს, რომ საქართველო ნატოში უნდა მივიღოთო. ვერშბოუც ამერიკელია, ამერიკელები კი ნატოში ყველაფერს არ წყვეტენ, ამაშია საქმე," - განაცხადა შარაშენიძემ.

რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ეს განცხადებები 1-2 დეკემბრის ნატოს მინისტერიალს და უნდა ველოდეთ თუ არა ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელიდან რაიმე ახალ შეთავაზებას ან განცხადებას საქართველოსთვის? შარაშენიძე ამბობს, რომ ნატოსთვის „ამ ეტაპზე საქართველო მნიშვნელოვანი არაა, ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანია ბაიდენის მოსვლის შემდეგ ევროპასთან აშშ-ის ურთიერთობის დალაგება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×