ელზა პაპოშვილი
25.11.2020

სამედიცინო, ბიზნესისა და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, პრემიერი გახარია ხუთშაბათს გამოაცხადებს ახალი შეზღუდვების პაკეტს, რომელიც, მთავრობისა და სპეციალისტების აზრით, ეპიდემიის გავრცელების სიჩქარესაც დააგდებს და მეორეს მხრივ, ბიზნესსაც მინიმალურ ზიანს მიაყენებს. „რეზონანსისთვის“ სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა იმ აკრძალვების შესახებ, რომელიც ოფიციალურად უახლოეს დღეებში, მაქსიმუმ ორშაბათიდან ამოქმედდება.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დრო მკვეთრად შეიზღუდება და სავარაუდოდ დიდ ქალაქებში 18:00-ის შემდეგ საქალაქო ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს.

- შაბათ-კვირაობით სრულად დაიხურება ყველა მაღაზია, ბარები, კაფეები და რესტორნები, კვირის სხვა დღეებში მათ მუშაობაზე მკაცრი საათობრივი გრაფიკი დაწესდება (აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს).

- მუშაობას შეაჩერებენ დიდი სავაჭრო ცენტრები და დახურული ბაზრობები, ხოლო ღია ტიპის ბაზრები ჯერჯერობით მუშაობას გააგრძელებენ.

- 1 საათით გახანგრძლივდება ქუჩაში გადაადგილებაზე უკვე მოქმედი შეზღუდვა და 22:00-ის ნაცვლად 21:00-დან დაიწყება.

ეს ის აკრძალვებია, რომელთა ამოქმედებაც, „რეზონანსის“ წყაროების ცნობით, უკვე გადაწყვეტილია. თუმცა, დამატებითი კონსულტაციების შემდეგ, საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა ხუთშაბათამდე მათში მცირე კორექტივები კიდევ შეიტანოს.

მეტრო არ გაჩრდება

ცალკე თემაა თბილისის მეტროპოლიტენი, სადაც თანამშრომლებს შორის კორონავირუსი გავრცელდა. ცნობილი ხდება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში კოვიდ-19-ით ამ დროისთვის 25 თანამშრომელია ინფიცირებული, 50 კი ტესტის პასუხის მოლოდინშია. მემანქანეები სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ, რომ თანამშრომლებმა გრაფიკით იმუშაონ. მათი თქმით, მეტროში ვირუსის გავრცელების საფრთხე იმდენად დიდია, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში მეტროპოლიტინმა მუშაობა შეაჩეროს.

თბილისიის მერი კახი კალაძე კი აცხადებს, რომ მეტრო არ გაჩერდება და მგზავრებს შეუფერხებლად მოემსახურება.  მერმა განმარტა, რომ მეტროსადგურებში ხორციელდება მგზავრთა ნაკადის კონტროლი და როგორც მგზავრებს, ისე მეტროს თანამშრომლებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს.

„ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ყოველდღიური შემთხვევები შეიძლება 5000-ზე ავიდეს

სამედიცინო სფეროს ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 29 ნოემბრისთვის იქნება. ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 5 000 უნდა იყოს. ამავე პერიოდში აქტიური შემთხვევების რაოდენობას კი  თითქმის 38 000-ს პროგნოზირებენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დაადასტურა ის ფაქტი, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით მსჯელობა არის. მანვე განმარტა, რომ შეზღუდვების შემდეგ, იმ მაჩვენებელმა, რაც დღეში ფიქსირდება, საგრძნობლად უნდა მოიკლოს. 

„დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთის მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და დავამუხრუჭოთ, მეორეს მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ეს გადაწყვეტილებები ვიდრე დღეს არის, ბევრად გამკაცრებული და გაფართოებული იქნება, ამან კი შედეგი უნდა მოიტანოს. 

„შედეგი იქნება ის, რომ დღეს თუ 3 000 შემთხვევა გვაქვს, მისი ზრდა აღარ უნა იყოს სამი კვირის შემდეგ. მე ვადასტურებ, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით მსჯელობა არის,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

რა რეკომენდაციები ჰქონდათ სპეციალისტებს

ჯანდაცვის ექსპერტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელიც პრემიერთან ოთხშაბათს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გიორგი  გახარიამ სხვადასხვა სახის რეკომენდაციები მიიღო. მისი თქმით, იყო ისეთი მოსაზრებებიც, რომ სრული „ლოქდაუნი“ უნდა მოხდეს, თუმცა აქცენტი წერტილოვან შეზღუდვებზე გაკეთდა. 

ზოიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან გაიცა რეკომენდაციები, გადაადგილების საათობრივი შეზღუდვების დაწესებაზე. მაგალითად, 9 საათის შემდეგ ქვეყნის დიდ ქალაქში მობილობის შესამცირებლად გადაადგილება აიკრძალოს და ასევე სამუშაო საათები შემცირდეს. დაიხუროს შაბათ-კვირას რესტორნები და დიდი სავაჭრო ცენტრები. მოხდეს საზოგადოებრივი ტრასპორტის გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვა. 

„ქვეყანა კატასტროფის ზღვარზეა. თუ ასე გაგრძელდა და არ შემცირდა ინფექციის გავრცელების სისწრაფე, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს. თუ სასწრაფოდ შეზღუდვები არ დაწესდა, კიდევ ერთ კვირას და 10 დღეს ასეთ ციფრებს ვეღარ ავუვალთ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ახლა ინფექციის გავრცელების შეკავება და ამ აღმავალი ტენდენციის გადატეხა და დაღმავალზე წამოსვლა. ექიმები და პერსონალი არის ახლა ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მხრიდან იყო რეკომენდაციები, რომ მოხდეს ე.წ. საათობრივი შეზღუდვა. ანუ დიდ ქალაქებში, როდესაც მოსახლეობის აქტიურობა უფრო ღამის 9 საათიდან იწყება, აქამდე დავწიოთ შეზღუდვა. ასევე მოხდეს დიდი სავაჭრო ცენტრების და რესტორნების შაბათ-კვირას სრულად დახურვა. 

„მოსახლეობის მობილობა ყოვემხრივ უნდა შემცირდეს. დაწესდეს შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტის გადაადგილებაზე. პრემიერი ყველა ამ რეკომენდაციებს უსმენდა და საბოლოოდ მისი გადასწაყვეტია რა შეზღუდვებს მიიღებს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „რეზონანსთან“.

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმნეგოვი, რომელიც ასევე პრემიერთან შევედრას ესწრებოდა, „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ შაბათ-კვირას დიდი სავაჭრო ცენტრების და რესტორნების დახურვაზე საუბარი იყო. ასევე საუბარია ტრანსპორტის შეზღუდვაზეც. ის იმგვარი შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მიაყენებს და ასევე ეპიდემიის შეჩერების მიმართულებით შედეგსაც გამოიღებს. 

„როგორც ექიმი, მომხრე ვარ არაესენციალური ობიექტები შეიზღუდოს. არაესენციალურში ძირითადად იგულისხმება ის ობიქეტები, რომელიც არ არის სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული, ეს იქნება ტანსაცმლის თუ სხვა სახის სავაჭრო ცენტრები. 

„რაც შეეხება ტრანსპორტს, აქაც ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება - ან კონტროლი უნდა გავამკაცროთ, ან ავტობუსში ასული ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ და შეიძლება, საერთოდ მის გაჩერებაზე უარი ვთქვათ. იმიტომ, რომ ეს ძალიან აზიანებს საზოგადოებას. ესაა ძირითად რეკომენდაციები, რაც მე კონკრეტულად მაქვს. 

„ახლა რის ვაი-ვაგლახით ამ სტატისტიკას   ვუმკლავდებით, მაგრამ ეს ზღვარი ლიმიტირებულია, ეს ვერ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, თუ ახლა სად ვიმყოფებით. თუ ეს პიკია და სადღაც იქნება სტაბილიზაცია და დაღმავლობისკენ წამოვალთ, შეიძლება ქვეყანამ მინიმალური შეზღუდვებით გაუძლოს. 

„მე როგორც  შეხვედრაზე მოვისმინე, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ზოგადი ეკონომიური გავლენაც იყოს მინიმალური იმ წერტილოვანი შეზღუდვებით და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ,“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „რეზონანსთან“.

ამ დროისთვის, ქვეყანაში საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა 110 000-ს აჭარბებს. აქედან აქტიური შემთხვევა ჯერ დაახლოებით 20 000-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Luka   (26.11.2020)
Bankenic.gaacheret da xalxs daxmareba miecit cota ragac tu ara gamcardebian da gadagivluan

ბაჩანა   (26.11.2020)
მოგიტყანთ დედის მუტელი, მოლების დახურვა ამ დროს არის კატასტროფა!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×