თამთა ჩაჩანიძე
30.11.2020

იმ დროს, როდესაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბოლო ცდებს გადის, სამყარო კორონავირუსის კიდევ ერთი მწვავე ტალღის წინაშე დადგა - იზოლაცია და დისტანცია კი თავდაცვის ისევ ერთადერთი საშუალებაა.

საინტერესოა, რა კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე პანდემიის დროს ჩაკეტილობა, დაინფიცირებისა და ეკონომიკური პრობლემების შიში, რა დაავადებების პროვოცირება შეუძლია ამ პრობლემებისგან გამოწვეულ სტრესს და რა არის გამოსავალი.

რა კვალს ტოვებს პანდემიური სტრესი ადამიანის ფსიქიკაზე

როგორც ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი „მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, ის მდგომარეობა, რაშიც კაცობრიობა პანდემიის დროსაა, იმდენად მძიმე კვალს ტოვებს, რომ ამის ასანაზრაურებლად ადამიანისთვის გარკვეული სტაბილური პერიოდია საჭირო.

„ეს ცალსახად ადამიანის ნევროტიზაციის საფრთხის, მისი გაზრდის პირდაპირპრორციულია, ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე კვალს ტოვებს და მერე სტაბილური მდგომარეობის მიღწევას რაღაც პერიოდი დასჭირდება, რომ ის სტრესი, რაც ჩამოყალიბდა, რამენაირად კომპენსირდეს.

„თუმცა ეს მდგომარეობა იმდენად სტრესულია, რომ, ფაქტობრივად, უამრავი იმ შინაგანი გარკვეული ტიპის დაავადებისადმი პროვოცირება ხდება (თუკი მიდრეკილება გააჩნია). ფაქტობრივად, ამ მდგომარეობის დროს ყველანაირად პროვოცირდება იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ნებისმიერი სტრესი აპროვოცირებს.

„მითუმეტეს, რომ ეს სიტუაცია არა მარტო ეგზისტენციალური სიკვდილ-სიცოცხლის, არამედ, პარალელურად, ფინანსური, ჩაკეტილობის, იზოლაციის, საფრთხის მომცველია. ზოგადად, კომპიუტერიზაციით, სოციალური ქსელებით,სიტუაცია ისედაც კატასტროფულ მდგომარეობამდე მივიდა კომუნიკაციისა თუ სოციალური აქტივობის ფაქტორების თვალსაზრისით, ეს კი არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს იმიტომ, რომ უფრო მეტ ჩაკეტილობასა და იზოლაციას კიდევ უფრო ხელს უწყობს.

„ჯანმრთელ ფსიქიკას შეინარჩუნებს ყველა ის ადამიანი, ვისაც შესაბამისად ეს მოცემულობაში აქვთ, ხოლო შინაგანად თუ რაიმე ტიპის ფსიქიკური თუ გენეტიკური განწყოიბა გვაქვს ან დეპრესიულობისადმი, შფოვითი პროცესებისადმი, ან აკვიატებული ნევროზისადმი, ამ შემთხვევაში ყველა ამ ტიპის ნევროზს, რა თქმა უნდა, პროვოცირება უკეთდება", - განაცხადა ფსიქოლოგმა.

როგორ გადავიტანოთ დეპრესიული პერიოდი მინიმალური დანაკარგით

ფსიქოლოგისვე თქმით, გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ ადამიანმა მშვიდად მიიღოს ის რეალობა, რომელშიც თავისდაუნებურად აღმოჩდა და ის დრო, რაც იზოლაციამ მისცა, მიიღოს „როგორც საჩუქარი".

„ადაპტირება უნდა მოახდინონ იმ რეალობასთან, რომელშიც მათდაუნებურად აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ სხვა რეალობა არ გაქვს. ჯანსაღმა ფსიქიკამ უნდა მოახერხოს, რომ რაღაცნაირად ადაპტირდეს.

„კი, ბატონო, ვაპროტესტებთ, ვნერვიულობთ (ვის ისტერიული, ვის შფოთვითი, ვის პანიკური, ვის დეპრესიული) და რა? ამ შემთხვევაში რაიმეს შეცვლა შეგვიძლია? არა ხომ? შესაბამისად, ეს დაცვითი მექანიზმები უნდა ამუშავდეს და უნდა შევძლოთ და მივიღოთ ის რეალობა, რაც გვაქვს.

„უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალური სიმშვიდით ის დრო, რაც, ასე ვთქვათ, იზოლაციამ მოგვცა, მივიღოთ, როგორც საჩუქარი. ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგონია, რომ წინა ორ თვეში (პანდემიის პირველი ტალღის შეზღუდვებისას) ბევრი ის ნატვრა აისრულა, რომელსაც დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა.

„ვიღაცისთვის ეს იყო ფილმებისა ნახვა, ვიღაცისთვის - სეირნობა, ფიზიკური აქტივობა, სამზარეულოში დაბრუნება და გემრიელი კერძების გახსენება, ბავშვებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.

"შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ცოტა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, თუ ადამიანი, რა თქმა უნდა, სიტუაციას ამ ტიპის გადმოსახედიდან უყურებს, როდესაც დრო იმ მკაცრი რეალობის გამო გამოუთავისუფლდა, რომელიც ჩვენ გარშემო დადგა", - განაცხადა მამულაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×