„კორონავირუსმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, შეიცვალა გეგმები, ცხოვრებისადმი მიდგომა, სოციალური მდგომარეობა…”
თამთა ჩაჩანიძე
30.11.2020

კორონავირუსიული პანდემიის მეორე ტალღა სამყაროს გაცილებით მწვავედ უტევს, ამჯერად მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 63 მილიონამდე აღწევს, ხოლო მილიონნახევრამდე კი გარდაცვლილია -საქართველოში რაოდენობა ათასეულობით იზრდება, გარდაცვლილთა დინამიკა კი დღითიდღე უარესდება, მოსახლეობა შიშმა მოიცვა. როგორც შეცვალა მოქალაქეების ცხოვრება პანდემიამ და რა შეიტანს გარდატეხას მასში, „რეზონანსმა" ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა.

როგორც 22 წლის პროფესიით ჟურნალისტი ნინი ხარაზიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, პანდემიამ მისი პროფესიული განვითარება შეაფერხა, ხოლო ცხოვრებისეულად კი გარკვეული სირთულეები შეუქმნა.

„პანდემიამ, ისევე როგორც მთელს საზოგადოებაზე ჩემზეც მოახდინა გავლენა, ჩემი ცხოვრება იმ მხრივ შეიცვალა, რომ პროფესიული თვალსაზრისით ვეღარ ვვითარდები, არანაირი საშუალება არაა იმისთვის, რომ, მე როგორც ჟურნალისტმა, რაიმე პრაქტიკული კურსი გავიარო - იქნება ეს ტრენინგი, სტაჟირება თუ სხვა, იმიტომ, რომ ყველაფერი ონლაინ რეჟიმში გადავიდა და ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთ რეჟიმში სწავლება იმდენად შედეგიანი არაა, როგორიც პრაქტიკული.

„თან მით უმეტეს, როდესაც ჟურნალისტი ხარ, თეორიული მასალით, ასე ვთქვათ, ფონს ვერ გახვალ, ჟურნალისტიკა ოთხი წელი ვისწავლე, ეს თეორია გადაღეჭილი მაქვს და თეორიულად ამაზე მეტს ვეღარ ვისწავლი, ახლა კი პრაქტიკული კურსის გავლაა საჭირო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კი ამ პრაქტიკას ვერ გავდივარ.

„რაც შეეხება პიროვნულ მხარეს, პანდემიიდან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ვერ ვნახულობ და ფაქტობრივად მიწევს, რომ მთელი დღის განმავლობაში სახლში ვიჯდე და მათ ონლაინ რეჟიმში ვეკონტაქტო.

"ასევე, პირადი ჰიგიენა იქნება თუ სხვა, ახლა კი უკვე სალონების მუშაობა დაუშვეს, მაგრამ მაინც რადგან ტრანსპორტი არაა, ძალიან ძვირი ჯდება, რომ თავს მიხედო და მოწესრიგდე. ესეც რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს. შეიძლება ბევრზე არა, მაგრამ პირადად ჩემზე ამასაც გავლენა აქვს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა უკიდურესად გაჭირვებულია და ჯერ ისედაც კარგი ეკონომიკის მქონე ქვეყანა არ იყო, ამ პანდემიის ფონზე, ტურიზმს რომ ზიანი მიადგა, ჩვენ, რა თქმა უნდა ეს დაგვეტყო და ეჭვი არავის ეპარება, რომ ამის გამოცოცხლებას წლები დასჭირდება.

„ვაქცინა კარგი გამოსავალია და ძალიან დიდ გარდატეხასაც მოახდენს, მაგრამ იქამდე საზოგადობამ რეკომენდაციები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, სახელწიფომ კი სიტუაცია უნდა გააკონტროლოს და არა შეზღუდოს, ამ ყველაფერს უფრო მკაცრი გაკონტროლება უნდა მოხდეს, შეზღუდვა და აკრძალვა არ ნიშნავს, რომ ეს გამოსავალია" - განაცხადა ხარაზიშვილმა.

ასპინძის რაიონში მცხოვრები 35 წლის პროფესიით მშენებელი მურად ფერაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ კორონავირუსულმა პანდემიამ მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია, ერთის მხრივ ის უმუშევარი დარჩა, მეორეს მხრივ კი ვირუსი მისი ოჯახის წევრისთვის, რომელსაც თამდევი დაავადებები აქვს, დიდი სფართხეა.

„პანდემიამ შეცვალა ის, რომ მშენებლობაზე ვიყავი დასაქმებული, საარსებო წყარო მქონდა, რომლითაც ოჯახის რჩენა შემეძლო, მაგრამ კორონავირუსმა ხელი ისე შემიშალა, რომ ახლა უმუშევარი ვარ, სახელწიფოსგანაც არანაირი დახმარება არ მეკუთვნის და ღმერთის ანაბარა დავრჩი.

„სხვა მხრივ, ნათესავებთან მიმოსვლით შევიზღუდე, ინფექციის შიში, სახლში მყავს დედა, რომელსაც თანმხლები დაავადება აქვს, ძალიან ვუფრთხილდები. პანდემია ასე ვთქვათ ბეწვის ხიდზე მატარებს. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ხალხმა პანდემია გაითავისოს, დისტანცია დაიცვან და ქუჩაში უთავბოლოდ არ იარონ.

„დისტანცია იმის საშუალებაა, რომ სიტუაცია კატასტროფამდე არ მივიდეს და თუ კატასტრიფამდე მივალთ, აქ უკვე ერთადერთი გამოსავალი ვაქცინა იქნება.

„ხალხს მოვუწოდებ, რომ თუ თავიანთი და ოჯახის წევრების დაინფიცირება არ ეშინიათ, რომ დაავადებულები არ ჰყავთ, სხვას მაინც გაუფრთხილდნენ და დისტანცია დაიცვან" - განაცხადა ფერაძემ.

როგორც 59 წლის დავით ბოლქვაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, კორონავირუსმა ცხოვრების გეგმები რადიკალურად შეუცვალა, გამოსავალი კი მისი აზრით, ვაქცინა იქნება.

„კორონავირუსულმა პანდემიამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, შეიცვალა ჩემი გეგმები, ცხოვრებისადმი მიდგომა, სოციალური მდგომარეობა, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა პიბადის ტარება, სიმართლე გითხრათ, ნიღბით სუნთქვა ძალიან მიჭირს, (სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაქვს, მაგრამ მაინც) თუმცა, თავდაცვის ეს საშუალება რომ არა, ალბათ დღეს გაცილებით უარესი ვითარება გვექნებოდა.

„პირველი ტალღისას ბევრ ადამიანს ვირუსის არსებობის არ ეჯერა, თუმცა როცა საქმე მის გარშემო ადამიანების დაინფიცირებამდე მივიდა, რეალობამ დააჯერა, რაც ზოგადად პანდემიის მართვის პროცესში ძალიან ცუდი მომენტია.

„მედიცინის სფეროში კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ ჩანს, რომ მეორე ტალღისას, ვირუსი უფრო მალე გავრცელებადი გახდა. ამ შემთხვევაში კი ერთ-ერთი გარდამტეხი ჩემის აზრით ვაქცინა უნდა გახდეს, თუმცა, სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება სხვადასხვა ვაქცინების ცდების ეტაპები, ბოლოს რაც შემხვდა, ეს იყო, რომ ვაქცინა ჯერ არ დასრულებულა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენამდე მსოფლიოს დიდი ქვეყნებია, ვაქცინა ჩვენამდე როდის მოაღწევს, ეს მეფიქრება, თან საქართველოშიც არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ფიქრობს, რომ აცრას არ ჩაიტარებს და ამ ბარიერების გათვალისწინებით, ინფიცირება მილევად რეჟიმში რადმენად მალე გადავა, ეს უკვე რთული საკითხია.

„ოჯახში ასაკოვანი ადამიანი მყავს და ვცდილობ დისტანცია შევინარჩუნო, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩავაგდო, როცა სახლში მოვდივარ, რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვიცავ, ბევრ ადამიანს, ისევე როგორც მე, შესაძლოა დიდი საცხოვრებელი ფართი არ აქვს, მაგრამ მაქსიმალურად ის მაინც გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთის სიცოცხე და ჯანმრთელობა დავიცვათ, "- განაცხადა ბოლქვაძემ. 

30 წლის პროფესიით არქიტექტორი მამუკა რაზმაძე „რეზონანსთან" ჰყვება, რომ პანდემიამ განსაკუთრებით მის სოციალურ მდგომარეობაზე იმოქმედა, მისი აზრით კი გამოსავალი და ვაქცინამდე ვირუსის გარდატეხის ერთადერთი გზა მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ერთობლივი გააზრებული მიდგომაა.

„პანდემიამ პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, გვქონდა ოჯახური მცირე ბიზნესი, რითაც ვარსებობდით და ყოველდღიური შემოსავლით ვსარგებლობდით ახლა კი რიგი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბიზნესი შემიჩერდა, შესაბამისად შემოსავალიც აღარაა, ასევე მაქვს სესხიც, რაც მდგოამარეობას უფრო მირთულებს.

„მცირე თანხა მქონდა, თუმცა ამასაც კრიზისიდან გამომდინარე ვხარჯავ და ვფიქრობ, რომ შეზღუდვების ორთვიან პერიოდში ეს ოჯახს არანაირად არ გვეყოფა, ჩვენ პანდემიის მართვაში მთავრობას ხელს შევუწყობთ, მაგრამ მთავრობამაც უნდა შეგვიწყოს ხელი, რასაც ჩემს გარშემო ვუყურებ, ხალხი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ერთის მხრივ პანდემია უტევს და მეორეს მხრივ სოციალური გაჭირვება.

„პანდემიაში გარდატეხას ორმხრივი მოქმედება მოახდენს, მოქალაქეობრივი მაღალი თვითშეგნება და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ყურადღება, ვაქცინა კი ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ ვეჭვობ, რომ საქართველოში ეს მომავალი წლის ზაფხულამდე იყოს."- განაცხადა რაზმაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×