ელზა პაპოშვილი
30.11.2020

საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკშია და ჯანდაცვის სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში გამოცხადებული „ლოქდაუნი“ ამ პიკს 2-3 კვირაში შეაჩერებს და ჯანდაცვის სიტემაც გაუძლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულ კოლაფსს პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ 4000-დან 5000-მდე ზევით ზრდას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს. ეს კი კატასტროფა იქნება და სიკვდილიანობის კუთხით სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. თუმცა, მათ აქვთ იმედი, რომ  არსებული შეზღუდვები შედეგს გამოიღებს. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო ახლა პიკშია და რამდენი ხანი გაგრძელდება პიკი, დამოკიდებულია, როგორ დაიცავს საზოგადოება რეგულაციებს.

"არავინ არ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, თუმცა მართვადია. იყო დაახლოებით 350-მდე თავისუფალი საწოლი და სასუნთქი აპარატების რამდენიმე ასეული თავი, მაგრამ ესენი გაბნეულები არიან სხვადასხვა კლინიკაში.დღეს 85 სრული კოვიდკლინიკაა გადაკეთებული. ჩვენ პიკში ვართ ახლა და ეს პიკი იმაზეა დამოკიდებული, როგორ დავიცავთ ამ რეგულაციებს,"-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.  

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დაახლოებით, მარტი-აპრილის თვეში იქნება. თუმცა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოხერხდა პირდაპირი შესყიდვა, საქართველოში ვაქცინის გარკვეული დოზა, შესაძლებელია, უფრო ადრეც აღმოჩნდეს. 

"ვაქცინის გამოყენება, ჯერჯერობით, დააანონსეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს. ეს დააანონსა აშშ-მა, ბრიტანეთმა, გერმანიამ. ასევე, აანონსებს საფრანგეთი, რომლის ერთ-ერთი ფრანგული ფირმა მალე განაცხადებს ვაქცინის მზადყოფნაზე. ჯერჯერობით, ამ ეტაპამდე არცერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული, არც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან დეკემბრის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე.

თუმცა, არსებობს დამტკიცების ასეთი ფორმა. ე.წ. ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ, რომლებმაც შეიძლება მისცენ ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვმუშაობთ "კოვაქს პლატფორმასთან", მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები. "კოვაქს პლატფორმა", სადაც 170 ქვეყანაა გაწევრიანებული, რამდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს 2021 წლისთვის და არა მხოლოდ ერთი სახის ვაქცინის.

სხვათა შორის, ძალიან კარგი გადახდის პირობები გაკეთდა "კოვაქს პლატფორმასთან": ჩვენ გადავიხადეთ 4.5 მილიონი წინასწარი შენატანი, ცოტა მეტი გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. დიდი ალბათობით, ეს იქნება მარტი-აპრილისთვის.

ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევსაც ტელეკონფერენცია გვქონდა "ასტრაზენეკასთან", ოქსფორდის ვაქცინასთან, მათთან პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი საელჩოების დახმარებით, რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, რომ როგორც კი სხვა ქვეყნებში დაიწყება ვაქცინაცია, გარკვეული დოზები, შესაძლებელი იყოს საქართველოშიც,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

 ჯანდაცვის ესპერტი აკაკი ზოიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ დავაგდეთ, გერმანიიდანაც რომ ჩამოვიყვანოთ ექიმები, მხოლოდ რამდენიმე დღეს მოვიგებთ და სიტუაციას ვერ გავაუმჯობესებთ. ზოიძე ამბობს, რომ ქვეყანა ახლა გავრცელების პიკშია, ამიტომაც გამოცხადებული შეზღუდვები ქვეყნისთვის და მისი ჯანდაცვისთვის სულის მომთქმელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგს მივიღებთ და სიკვდილიანობის რიცხვი უფრო გაგვეზრდება. 

„ზუსტად სწორედ მომზადების შედეგია ის, რომ დღეს 4000-5000 ადამიანს  სისტემა აქამდე უძლებს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ხარვეზია. იმაზე არავინ დავობს, რომ პირველად ჯანდაცვას უჭირს, სასწრაფოს უჭირს, სტაციონარებს უჭირთ, მაგრამ ეს ხარვეზები დაძლევადია.  

“წარმოდგენა არავის აქვს რა დონის და რა სახის მუშაობა უწევს ჩვენს მედპერსონალს, რომ ამხელა პიკს გაუძლოს. მათ ტაში კიდევ  ერთხელ უნდა დავუკრათ, რადგან ზღვარზე მუშაობენ. ბევრი ჩემი კოლეგა დაიღუპა, იმიტომ, რომ თავს სწირავენ თანამოქალაქეების ჯანმრთელობას. ამიტომაც ახლა ეს 2-3 კვირიაა გადამწყვეტი. ჩვენ უკვე პიკურ სიტუაციაში ვართ და წესით ამ აკრძალვებმა და შეზღუდვებმა ნელ-ნელა შედეგი უნდა მოგვცეს. ჩვენ უკვე 2 კვირაში წესით უნდა შევამჩნიოთ, რომ დაბლა მოვდივართ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, იმდენად კატასტროფულად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, ამას კარგად მომზადებული სისტემაც ვერ გაუძლებს. თუმცა, რეზერვები ჯერჯერობით არის და ეს იქნება გაძლებადი, თუ ორი კვირის განმავლობაში გავრცელებას შევანელებთ. 

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არსებული შეზღდვებით, რაც ახლა ქვეყანაში მოქმედებს, მართალია პანდემიის დასრულება ვერ მოხერხდება, თუმცა, უნდა მოხერხდეს, რომ „პიკური სიტუაცია გადავიყვანოთ პლატოში და არ იყოს ისეთი ზრდა, როცა ვიღებთ ყოველდღიურად ათასობით დაავადებულ ადამიანს. მისი თქმით, შეზღუდვების შედეგს კორონა ვირუსიის გვრცელების შენელების კუთხით უკვე 2-3 კვირაში ვიგრძნობთ. 

„იმ  ზღვარში არ უნდა ჩავვარდეთ, როცა ადამიანებს, ვისაც დასჭირდებათ ჟანგბადი, ან სარეანიმაციო საწოლი, ისინი ვერ მიიღებენ ამ სერვისს და სახლში დაიღუპებიან. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ პანდემიის დასრულება ამ შეზღუდვებით მოხერხდება, აქ ლაპარაკია მდგომარეობის სტაბილიზირებაზე და ამ სტაბილიზირების შემდგომ რამდენიმე თვის განმავლობაში მაქსიმალურად შენარჩუნება, სანამ ვაქცინა არ იქნება და ეფექტური წამალი ხელმისაწვდომი. 

“ამიტომაც 2-3 კვირაში წესით უკვე ვირუსის გვრცელების დაღმა წამოსვლის სტატისტიკა უნდა გვქონდეს. ეს შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო შესაძლოა დღეში 25 ათასამდეც კი ავსულიყავით. ხოლო სამ თვეში 1000 კაცი კი აღარ გარდაგვეცვლებოდა, ერთ თვეში 3000 კაცი გამოგვიკვდებოდა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
teimuraz   (01.12.2020)
reebs cert,25000 atasi 150 milinian rusetshi ar fiqsirdeba,ras ashinebt da trgunavt xalxs,ar grcxveniat?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×