ქრისტინე კაპანაძე
19.01.2021

„ღია ცის" შეთანხმება პრაქტიკულად საბოლოოდ წყვეტს არსებობას. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება გამოაცხადა, რომ თავადაც იწყებს შეთანხმებიდან გასვლის ოფიციალურ პროცედურას. შეთანხმების ჩაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებითან დაკავშირებული უთანხმოებაა და ანალიტიკოსთა შეფასებით, მისი ჩაშლა საქართველოს ახალი გამოწვევების წინაში აყენებს.

„ღია ცის" ხელშეკრულებას 1992 წელს მოაწერეს ხელი და ის ძალაში შევიდა 2002 წელს. მასში 30 ქვეყანა იყო გაერთიანული. მთავარი მომენტი კი აშშ-ისა და რუსეთის ჩართულობა იყო, სწორედ ისინი ახორციელებდნენ ძირითადად საჰაერო მონიტორინგს.

შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიის თავზე პერიოდულად სადაზვერვო ფრენების უფლება ჰქონდათ. 2008 წლის შემდეგ კი რუსეთი ამ მხრივ შეთანხმების სხვა მონაწილეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. კერძოდ, ოფიციალური მოსკოვი მაქსიმალურად ზღუდავდა სხვა ქვეყნების სადაზვერვო ფრენებს კალინინგრადის ოლქის თავზე იმ მოტივით, რომ ეს ხელს უშლიდა სამოქალაქო ავიაციის მუშაობას. გარდა ამისა, რუსები ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ფრენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და აცხადებდნენ, რომ ეს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რომლებიც არ მონაწილეობენ „ღია ცის შეთანხმებაში".

სწორედ ამ წინააღმდეგობების გამო, აშშ-მ საბოლოოდ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორიოდე დღის წინ კი რუსეთმაც იგივე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსეთის მიერ „ღია ცის" შეთანხმების დატოვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფრომაციის წვდომას ხელს შეუშლის. ასევე ხელის შემშლელი იქნება ჩვენი პოზიციების ღიად დაფიქსირების კუთხითაც, რადგან ამ შეთანხმების წყალობით საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ინფრომაცია მოეპოვებინა ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო დამკვირვებლებისგან, რომლებიც ამ შეთანხმების მონაწილეები იყვნენ.

„ამერიკის გამოსვლის შემდეგ რუსეთიც გამოვიდა და ეს ნიშნავს იმას, რომ „ღია ცის" შეთანხმებამ დაკარგა აზრი, რადგან ორი მთავარი გლობალური აქტორი უკვე გამოსულია. ამ შეთანხმებას აზრი ექნებოდა რუსეთის დარჩენის შემთხვევაში, რადგან რუსეთი წარმოადგენს დღეს რეალურ საფრთხეს საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით.

„გლობალურ დონეზე ამ შეთანხმების ჩაშლა კიდევ უფრო გააფართოვებს სამხედრო კონფლიქტების არეალსა და უნდობლობას. საქართველოსთვის იმიტომ იყო „ღია ცის" ხელშეკრულება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ღიად დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიციები სტრატეგიული მეგობრების, ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო დამკვირვებლების მეშვეობით. მიგვეღო ჩვენთვის საჭირო ინფორმაციებიც, კერძოდ ის, თუ რა ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს მოგვცემდა საშუალებას, რომ საფრთხეები და რისკები თავიდან აგვერიდებინა. დღეს ეს მომენტი აღარ გვექნება.

„გარდა ამისა, საჰაერო დაკვირვებისას რთულია რამის დამალვა, თუნდაც შეიარაღების, ტექნიკის და ა.შ. ახლა რუსეთს შესაძლებლობა ექნება ბევრი რაღაც დამალოს ისე, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგოთ. ამ შემთხვევაში ჩვენი ძალებით მოგვიწევს დაკვირვება, თუმცა ყველაფერის გაკონტროლება რთულია," - ამბობს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )