თამთა ჩაჩანიძე
20.01.2021

თებერვალიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მკაცრი კონტროლის ფონზე გაიხსნება - სპეციალისტები თვლიან, რომ ეს ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს ზრდის, თუმცა, დასძენენ, რომ თუ გაკონტროლება სწორად მოხდება, შესაძლებელია ეკონომიკურად ბევრად მეტი სარგებელი იყოს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური კუთხით ზიანი.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს რომ ეს პროცესი იქნება "კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური დოკუმენტით გამყარებული".

"კონკრეტულ თარიღებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ თებერვლის თვე იქნება ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. თუმცა, ეს არ ნიშნავს ქაოსურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. ეს იქნება ძალიან კონკრეტული, კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით, ან სხვა ადეკვატური დოკუმენტით გამყარებული", - განაცხადა თურნავამ "იმედის" ეთერში.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ ამ ყველაფრის დაცვა ზედმიწევნით მოხდა, შესაძლებელია ქვეყანამ ეკონომიკურად უფრო მეტი სარგებელი მიიღოს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ზიანი.

„თებერვლისთვის დიდი ალბათობით აცრა ვერ მოესწრება, თუმცა, ალბათ ტესტის ჩატარება და „პი-სი-არ" ტეტსის შედეგი საჭირო იქნება და შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანის მონიტორინგი მოხდეს და გაკონტროლდეს იმიტომ, რომ ეს ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს ზრდის.

„მაგრამ, თუ ამ ყველაფრის გაკონტროლება სწორად მოხდება და რეგულეციების დაცვა შესაძლებელი იქნება, შესაძლოა ავიარეისების აღდგენით ბევრად მეტი სარგებელი იყოს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური კუთხით ზიანი.

"ამიტომ, მთავარია რეგულაციები და წესები დაცული იქნას იმისთვის, რომ მოხერხდეს და ნელ-ნელა აღდგეს არა მოლოდ საერთაშორისო რეისები, არამედ ქვეყნის გახსნაც ნელ-ნელა მოხდეს, რაც ეკონიმიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფაქტიურად ორი ეტაპი მოუწია, როდესაც საკმაოდ მკაცრი რეგულაციები გატარდა, რამაც ეკონომიკა ძალიან დააზიანა, ამიტომ, მიუხედავად რისკებისა, ჩვენ ჩვეულ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ" - განაცხადა მან.

გოგინავა მიიჩნევს, რომ კოვიდპასპორტების და მსგავსი დოკუმენტის არსებობა კარგია, თუმცა, საქართველოში ამის გაკეთებას აზრი მაშინ ექნება, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მან არსებული ეპიდსიტუაციაც შეაფასა და თქვა, რომ დაწესებულ შეზღუდვებს მასზე დიდი გავლენა ჰქონდა.

„ჩემი აზრით, კოვიდპასპორტები ცუდი არ იქნება, უბრალოდ, ეს შესაძლებელია მაშინ, როცა ჩვენთან ვაქცინაცია დაიწყება. წინასწარ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, ვაქცინაციის პროცესს უნდა შევხედოთ და რა თქმა უნდა, შემდეგ თუ მოხერხდა და ვაქცინაცია წარმატებით ჩატარდა, კოვიდპასპორტები უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის. რადგანაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელს მსოფლიოში სტაბილური ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს, რასაც ეს ხელს შეუწყობს.

„თუ სტატისტიკას გადავხედავთ, რეალურად მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ახალი შემთხევების რაოდენობა იკლებს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რეგულაციებისა და იმის ხარჯზეა, რომ პიკი ნოემბერ-დეკემბერში გადავიარეთ, მაგრამ, სამომავლოდ, როდესაც ქვეყანაში რეგულაციები მოიხსნება და ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ა.შ. ნელ-ნელა აღდგება, ეს რა თქმა უნდა რისკებს გაზრდის.

"ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რისკების შეფასება, შესაბამისი ღონისძიების გატარება, საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების დაცვა და ა.შ. მოხდეს, იმიტომ, რომ კარგი იქნება თუ მარტის ჩათვლით სტაბილურ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რათა ვაქცინაციის პერიოდს შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში შევხვდეთ, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ შემდეგ, გაზაფხული და ზაფხული ბევრად უფრო მსუბუქი და მშვიდი გვქონდეს" - განაცხადა გოგინავამ.

აფრიკულის და ბრიტანულის შემდეგ, ახლა უკვე გერმანული ახალი შტამი ბავარიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში 35 ახლად ინფიცირებულ პაციენტში აღმოაჩინეს. მუტაცია ბრიტანეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი ვარიანტისგან განსხვავდება, თუმცა ექიმებმა ჯერ არ იციან აქამდე აღმოჩენილ შტამებთან შედარებით, რამდენად სწრაფადგადამდები და უფრო მომაკვდინებელია.

ბრიტანული შტამი, რომელიც სპეციალისტების აზრით, უფრო სწრაფადგავრცელებადია, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირდა.

ეპიდემიოლოგი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ამ პირობებში, როცა უკვე სამი შტამია, გამორიცხული არაა, რომ ავიარეისების აღდგენის შემდეგ შემოვიდეს, ამიტომაც მიიჩნევს, რომ მიმოსვლის მკაცრი გაკონტროლება უნდა მოხდეს.

„არაა გამორიცხული, რომ (ავიარეისების აღდგენის შემდეგ) შტამები უფრო აქტიურად შემოვიდეს, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ (უცხოეთიდან ჩამოსულების) იმ ხალხის სრულად იდენტიფიცირება არ მოხდება და მათთვის ანტიგენზე რეაქცია არ გაკეთდება, მაგრამ სამივეზე უნდა გაკეთდეს და არა მხოლოდ ერთზე, ჩვენ ახლა რაც შტამი გვაქვს, მხოლოდ იმაზე ტესტის გაკეთება არ ნიშნავს, რომ ეს სამივეს შეეხება.

„და მეორე, ამ ხალხის კონტროლი რაღაცნაირად უნდა მოხდეს, შეიძლება იმ მომენტში არ ჰქონდეს და გარკვეული ხანის შემდეგ აღმოაჩინო -ასეთ შემთხვევებიც გვქონდა. პაციენტს სიცხეებიც ჰქონდა, ყველაფერი, თუმცა პირველ პერიოდში კოვიდი არ დაუდასტურდა, გარკვეული დროის შემდეგ კი დადასტურდა, ამიტომ აუცილებლად ზედამხედველობა უნდა მოხდეს.

„კოვიდპასპორტები და მსგავსი დოკუმენტი, ეს უკვე ტექნიკური საკითხებია, რომელიც არარაობას სჯობია, ეს უნდა იყოს, იმიტომ, რომ რაღაცნაირად ადამიანზე ინფორმაცია იცოდე - გაკეთებული აქვს თუ არა ანალიზი, ამიტომაც ეს მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ კარგი იდეაა."- განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
(((   (21.01.2021)
ვისაც შიშები აქვს, ვინც რისკ ჯგუფშია და ასაკოვანები გაუფრთხილდნენ თავს და დარჩნენ სახლში.დანარჩენ ადამიანებს, ვაცადოთ სიცოცხლე, თორემ თვითმკვლელობამდე ვართ მისული სტრესით!

eka   (20.01.2021)
თვითმფრინავში იმ 5% რას უზამთ ვისაც აცრის შემდეგ იმუნიტეტი არ გამოუმუშავდება?ფაიზერის და მოდერნას 95% აქვს დაცვაო,რეალურად უფრო ნაკლები იქნება.რანაირად იქნება ეგ ამბავი ვირუსს რომ შემოიტანს ეს 5% აი სწრაფად რომ ვრცელდება იმას ,რას იზამთ მერე?ეგ მერე უნდა იფიქროთ?

აუცილებელია!   (20.01.2021)
რა თქმა უნდა გაზრდის არ უნდა გაიხსნას ამ სემესტრში სკოლა, ბაღები. შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )