ქრისტინე კაპანაძე
23.01.2021

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კლებისკენ მიდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე ყოვედღიურად ჩატარებული ტესტების დაახლობით 10-11% აჩვენებდა დადებით შედეგს, ბოლო 24 საათში ტესტირებულთა მხოლოდ 6% აღმოაჩნდა კორონავირუსი. რითი აიხსნება ეს ტენდენცია და ნიშნავს თუ არა ეს ვირუსის გავრცელების სიჩქარის თითქმის განახევრებას?

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში ასეთ შედეგს იმით ხსნის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უკვე გადატანაილი აქვს ვირუსი.

„საქმე ისაა, რომ უკვე კლებისკენ მიდის დაინფიცირებულთა რაოდენობა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ ვირუსთან ბრძოლის გარკვეულ შედეგს უკვე მივაღწიეთ. ამიტომ ნაკლებად არსებობს იმის მოლოდინი, რომ ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 3 ათასს გადააჭარბებს.

„გარდა ამისა, ადამიანებში გამომუშავებულია იმუნიტეტი. ჩვენ თუ გადავხედავთ, საკმაოდ დიდ ნაწილს უკვე მოხდილი აქვს ეს ვირუსი და შესაბამისად, იმუნიტეტიც გამომუშავებული. ხუმრობით შეიძლება ისიც ითქვას, რომ სანამ ვაქცინა ჩვენამდე მოაღწევს, ჩვენ უკვე ვირუსი მოხდილი გვექნება.

„დღევანდელი ტენდენცია ნამდვილად არის დადებითი და სასიამოვნო, რადგან ყოველდღიურად აღარ გვაქვს დაინფიცირებულთა ბევრი შემთხვევა. თუმცა, ვფიქრობ, 998 შემთხვევაც არ არის ცოტა. წინა თვეებში და დღეებში დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით კი შემცირებულია, თუმცა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. სიფრთხილე ისევ გვმართებს, რადგან, როგორც ვიცით, ახლა წამოვიდა ახალი შტამები და ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენად მოქმედებს ინფექციის გადატანა ახალ შტამებზე. მოგეხსენებათ, პირობითად რომ ვთქვათ, ვირუსული გრიპის დროს პაციენტმა შეიძლება „ა" ტიპის ვირუსი გადაიტანოს, მაგრამ დაემართოს „ბე" ტიპი. ასე რომ, სწორედ ახლა გვმართებს სიფრთხილე," -ამბობს ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ინფექციონისტი ჩვენთან იმაზეც საუბრობს, თუ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში.

„შედეგი არის ის, რომ დღეს წინასთან შედარებით გვყავს დაინფიცირებულთა უფრო დაბალი რაოდენობა, რაც არის ძალიან კარგი და დადებითზე მიუთითებს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, წინასწარ სამომავლო შედეგებზე საუბარი რთული იქნება, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები,"- ამბობს ირაკლი ხმალაძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 892 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ დადებითობის სასურველი მაჩვენებელი, რომლის შემდეგაც უკვე თამამად შეიძლება არსებული შეზღუდვების მოხსნა, 3%-ია.

„დადებითობის მაჩვენებელი მართალია ქვემოთ მოდის, დილით უკვე 8 პროცენტს ჩამოსცდა, მაგრამ 5 პროცენტი იქნება სასურველი ნიშნული. უსაფრთხო გახსნისთვის 3 პროცენტზე მშვიდად უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებებში, სადაც რისკი მაღალია, აღდგენაზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ 15 იანვარს გამართულ ბრიფინფზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )