რეზონანსი
23.01.2021

რა სცენარით შეიძლება ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს, თუ კი ოპოზიცია გადაწყვეეტილებას არ შეცვლის და პარლამენტში თვის ბოლოს არ შევა. ოპოზიცია ცხელ გაზაფხულს აანონსებს, ხელისუფლება ამბობს, რომ ის ვინც პარლამენტში არ შევა, ქვეყანა რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ მიჰყავს. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას ხალხში არსებული უკმაყოფილების იმედი ტყულად აქვს.

ბოიკოტგამოცხადებულ დეპუტატებს მანდატები შესაძლოა დაახლოებით ერთ კვირაში გაუუქმდეთ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რეგლამენტი პროცედურულად ითვალისწინებს, რომ საკითხი პირველივე სხდომაზე გაიტანონ კენჭისყრაზე. შესაბამისად, მოსაფიქრებლად ოპოზიციას მხოლოდ ერთი კვირა რჩება. 

„ქართულ ოცნებასთან“ შუამავლების გარეშე პირველი შეხვედრა უკვე გამართეს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა. თუმცა, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ არ აპირებენ ბოიკოტის შეწყვეტას. ოპოზიციის შეფასებით, მათი მოთხოვნების დასაკამაყოფილებლად „ქართულმა ოცნებამ“ დრო ხელოვნურად გააჭინაურა, თუმცა სულ ტყუილად - ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ახალი სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კი ოპოზიცია მომავალ კვირაში შეიკრიბება. 

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას რევოლუციური სცენარისკენ წასვლა სურს. ძირითადად ამის ინიციატორები კი „ევროპელები“ და „ნაციონალები“ არიან. ამიტომაც დანარჩენ ოპოზიციას სთხოვენ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, მიჰყვებიან თუ არა ამ ორ ძალას ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებაში. 

მმართველ პარტიას აქციების არ ეშინია

„ვფიქრობ, დანარჩენი პარტიები ვალდებულები არიან პასუხი გასცენ მთავარ კითხვას - მიყვებიან თუ არა რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „რადიკალურ ძალებს“ - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არ აქვთ იმის რესურსი, რომ ქვეყნის ცხოვრებაში „სერიოზული არეულობა შემოიტანონ“.

„დარწმუნებული ვარ, მათი რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც ძალიან მოძველდა. თუ ოდნავ ობიექტურად გააკეთებ ანალიზს, მათი ქმედებებისას და სინთეზში მათი განცხადებებისას, ბუნებრივია ყველა დავრწმუნდებით, რომ მათი მიზანი, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის, არასდროს ყოფილა შეთანხმების მიღწევა, არასდროს ყოფილა კონსტრუქციულობა, სამწუხაროდ, არასდროს ყოფილა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. ჩვენ, საზოგადოებაც ელოდა, რომ ისინი კვლავ რევოლუციური სცენარის დაანონსებას დაიწყებდნენ. 

„მათთვის სამწუხაროდ და ქვეყნისთვის საბედნიეროდ, მათ რესურსი არ აქვთ, რომ სერიოზული არეულობა შემოიტანონ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და დღის წესრიგში. ორი პარტიაა ამ სცენარის ავანგარდში - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მე ვფიქრობ, დანარჩენი პარტიები ვალდებულები არიან პასუხი გასცენ მთავარ კითხვას - მიყვებიან თუ არა ამ რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში“,-აცხადებს მდინარაძე. 

„ცხელი ზაფხულის“ მოლოდინი

თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები - ამის შესახებ კი „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

იგი დარწმუნებულია, რომ დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც, ვინაიდან „სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს“.

„ქართული ოცნება“ ერთპარტიულ პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას. დღეს გავიგეთ, რომ ერთ კვირაში ისინი აპირებენ მანდატების მოხსნას. ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე ვიღებთ ასეთ სურათს - გაყალბების პირობებში 48 %-იანი პარტია „ქართული ოცნება“ იღებს თავის თავზე სერიოზულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ 52% ამომრჩეველს უთხრას უარი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა. ისინი ირჩევენ ერთპარტიულ პარლამენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შეყავთ ღრმა კრიზისში. 

„ჩვენ მივაღწიეთ პროპორციულ არჩევნებს, მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც. ასევე დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. არ შეიძლება „ოცნება“ იყოს მარტო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების თვალში იქნება არალეგიტიმური. 

„რას მოიმოქმედებს პარლამენტი?! ეს იქნება ბოლო აკორდი, ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის. თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები. ეს არის პრინციპული საკითხი. სანამ საქართველოში არ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს პოლიტიკაში, იქამდე ადამიანებს ვერ დავუბრუნებთ ნდობას. ადამიანებს აღარ სჯერათ თავისუფალი არჩევნების. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, ეს კი „ქართულ ოცნებას“ აწყობს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

რა შანსები აქვს ოპოზიციას გაზაფხულზე - ანალიტიკოსების შეფასება 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტად ქვეყანა ზიანდება, თუმცა მოგება-წაგების მხრივ თუ ვიმსჯელებთ, პირველ რიგში დაზიანდება ოპოზიცია, რომელიც ქუჩიდან ვერაფერს იზამს. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ გარეთ დარჩენილ ოპოზიციას მაინც გაზაფხულზე ხალხის გამოსვლის იმედი აქვს და ფიქრობენ, რომ ხავერდოვანი რევოლუცია მათთვის ყველაზე ხელსყარელი სცენარია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პოლიტიკურ არენად მხოლოდ ქუჩა 90-იანი წლებიდან მოყოლებული არაფერს იძლევა. 

„როდასაც ხელისუფლება თავს მყარად გრძნობს, მაშინ ქუჩის პოლიტიკა, როგორც წესი, დიდად ვერ მოქმედებს, მითუმეტეს, თუ თავად ქუჩა სავსე არ არის. თუ ქუჩა მეჩხერია, ეს ზემოქმედება ხელისუფლებაზე მით უფრო ნაკლებია. რაც ბოლო ხანებში ვნახეთ, რადიკალურ ოპოზიციას ქუჩაში ხალხის მოგროვება უჭირს. 

„რაც შეეხება იმ სცენარს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით გაბრაზებული ხალხი გარეთ გამოვა, ბუნტს მოაწყობს და ესენი ხელისუფლებაში მოვლენ, ეს მცდარია. ასეთი აქციების დროს მოსახლეობა პოლიტიკოსებს გვერდით არ იკარებს. ჩვენ მსგავსი სახალხო აქციები უკვე ვნახეთ, მაგალითად, დავით სარალიძის შემთხვევაში, სადაც პოლიტიკისებმა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხელი ვერ მოითბეს. ხალხს არ მიაჩნია, რომ ამ ხელისუფლებაზე უკეთესად ეს ოპოზიცია გააკეთებს რამეს. ანუ, თუ ხელისუფლებაზე ვინმე გაბრაზებულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის ჩანაცვლებას მასზე უარესი ოპოზიციით შეეცდება“, - აცახდებს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, როცა ოპოზიცია შეეცდება, რომ არაპოლიტიკური მოტივით ქუჩაში გამოსული ხალხი საკუთარ ინსტუმენტად გაიხადოს, საზოგადოება მაშინვე მისგან გამიჯვნას იწყებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მოსახლეობა არ არის იმის მომხრე, რომ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდეს და ისევ ერთი და იგივე წრეზე ვიაროთ. საყვარელიძის აზრით, ახლანდელი ოპოზიცია ხალხს ვერაფრით არწმუნებს იმაში, რომ ამ ხელისუფლებაზე უკეთესია. ამიტომაც სცენარი, რომელიც ოპოზიციის ამ რადიკალურ ფრთას აქვს ჩაფიქრებული, ვერ განხორციელდება. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ქუჩაში რჩება, დიდი ალბათობით ფიქრობს, რომ გაზაფხულზე ხალხის დახმარებით ხელისუფლებაზე ზეწოლას გააძლიერებს და ამით მათ აიძულებენ, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ. 

ძაბირაძის თქმით, ოპოზიციას მცდარი წარმოდგენა აქვს, თუ კი ფიქრობს, რომ მოსახლეობა, რომლესაც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვს, მათ პოლიტიკურ მიზნების მიღწევაშ დაეხმარება. მისი აზრით, შესაძლოა სოციალური პრობლემების გამო ხალხი ქუჩაში მართლაც გამოვიდეს, მაგრამ ეს არ იქნება ფართომასშტაბიანი გამოსვლები, რომელიც ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას აიძულებს. 

„მოსახლეობას ვხედავთ, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია უჭირს, მაგრამ ქუჩაში ამის გამო გამოსვლისგან მაინც თავს იკავებენ. თუმცა, თუ სოციალური ფონი იმდენად დამძიმდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოგვარება ვერაფრით ვეღარ შეძლო, მაშინ კიდევ არის იმის ალბათობა, რომ პროტესტი გაძლიერდეს. მაგრამ ეს პროტესი არ იქნება იმის გამო, რომ ოპოზიციამ ხალხს დაუძახა და პოლიტიკური კრიზისის გამო ისინი მათ მოწოდებაზე გამოვიდა. 

„ისედაც გაჭირვეულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხალს სიტყვა „რევოლუცია“ და რაღაცა მსგავსი ტერმინები კიდევ უფრო აშინებს. ოპოზიცია რატომ არის დარწმუნებული, რომ სოციალური ნიშნით ქუჩაში გამოსული ხალხი მათ გვერდით დაიყენებს? ეს სცენარი თუ აქვთ პარლამენტის ბოიკოტ გამოცხადებულ ოპოზიციას, დიდს ვერაფერს მიაღწევენ. 

„დღესაც და 2008-წელშიც იმას ვამბობდი, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო. ამ შემთხვევაში თუ რაიმეს მიღწევა მოხერხდებოდა, ესაა ხავერდოვანი რევოლუცია, რომელსაც ისევ და ისევ ხალხი სჭირდება. 

„მეორეც, ქუჩიდან მოსული ოპოზიცია ყველაფრის ბაატონ-პატრონი ხდება. როცა რევოლუციით ოპოზიცია ხელში ძალაუფლებას იღებს, მას ყველაფრის გაკეთების მორალური უფლება აქვს. ის უკონტროლო ძალაუფლებას იღებს. ამიტომ ეს ყველაზე კარგად „ნაციონალებმა“ და „ევროპელებმა“ იციან. მგონია, რომ ივანიშვილი რომც არ წასულიყო, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო. შიგნიდან უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთეს სიტუაციაში იყოს, თუ ქვეყნის დარდი გაქვს და არა საკუთარი პოლიტიკური მომავლის“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )