თამთა ჩაჩანიძე
22.02.2021

საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინის შემოტანა ორი-სამი კვირით გადაიდო, სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ სანამ მოსახლეობის 60% არ აიცრება, არსებული შეზღუდვების მოხსნა სარისკოა და მათივე გათვლებით ამ პირობებში ამ რაოდენობის მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წელს დიდი ალბათობით ვერ მოესწრება, რა ელის ქვეყნას თუ ცხოვრების ეს რეჟიმი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, თებერვალში ქვეყანაში „ფაიზერის" ვაქცინის 30 ათასამდე დოზა უნდა შემოსულიყო, რომლითაც ჯერ მედპერსონალი აიცრებოდა, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებას განუმარტა თუ საქართველოში ვაქცინის შემოტანის თარიღმა რატომ გადაიწია.

"იყო მოლაპარაკებები, რომ ვაქცინა უკვე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, თუმცა, ყოველთვის ყველა შეთანხმება მკაცრად დროში ვერ სრულდება და ოდნავ გადაიწია ამ პროცესმა. გადაიწია ერთი ან ორი კვირით. არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის არის ერთი კვირა", - განაცხადა „პირველი არხის" ეთერში ცერცვაძემ.

სანამ ვაქცინაცია საზოგადოების 60%-ს არ მოიცავს, ახალი შტამების პირობებში არსებული შეზღუდვების მოხსნა სახიფათოა - ამბობს „რეზონანსთან" ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე.

„ეპიდსიტუაცია იმასთან შედარებით, რაც იყო, ჯერჯერობით ნორმალურადაა. თუმცა, რამდენიმე ასეული შემთხვევა მაინც არის. ეს კი ნიშნავს, რომ საკმარისია რამდენიმე დღე რეგულაციები არ დაიცვა და ხალხმრავალი წვეულებები და ღონისძიებები ჩაატარო, რომ ტენდენცია შეიძლება მაშინვე შეიცვალოს, მითუმეტეს საუბარია იმაზე, რომ ბევრ ქვეყანაში ახალი შტამები ელვისებურად ვრცელდება, შტამები უკვე მსოფლიოს 64 და ევროპის 30 ქვეყანაშია.

„როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, ახალი შტამები რამდენიმე კვირაში დომინანტური ხდება, ანუ ხდება უკვე მთავარი ვირუსი, რომელიც ცირკულირებს და არსებული შტამებით კიდევ უფრო ადვილად ინფიცირდებიან ადამიანები და არსებული შეზღუდვები ამ შტამების გამო ბევრ ქვეყანამ კიდევ უფრო გაამკაცრა. შესაბამისად, ერთი მხრივ საიმედო ტენდენციაა, რომ მატება არაა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ასეთი საშიშროებაა. ყველა რეგულაციის მოხსნისა და ახალი შტამის შემოსვლის შემთხვევაში, მერე შედარებით კეთილსაიმედო სიტუაციასთან უკან დაბრუნება ძნელი იქნება.

„სანამ საკმარისი რაოდენობა არ დაიფარება, ერთის მხრივ ბუნებრივი იმუნიტეტით და ვაქცინაციით - 60% - მანამ ყველა შეზღუდვების მოხსნა და პირბადეების გადაგდება რეკომენდებული არაა. ყოველ შემთხვევაში დღეს მეცნიერებაში ასეთი მიდგომა" - განაცხადა ზოიძემ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვი კი აცხადებს, რომ თუ აცრები მარტიდან დაიწყო, ქვეყანა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრას ვერ მოასწრებს.

„მოსახლეობის 60 პროცენტის იმუნიცაზია ნიშნავს აცრა გაუკეთდეს 1 400 000 ადამიანს. იქ დანაკარგიც არსებობს, როგორც ყველამ იცის და საბოლოო ჯამში, გვესაჭიროება 3 900 000 დოზა. რასაკვირველია, რთული მიზანია დასახული, ვინაიდან 2021 წლის პირველი ორი თვე ისე წავიდა, რომ ვაქცინის ერთი დოზაც კი არ გვაქვს გაკეთებული. ეს მარტიდან თუ იქნება, რეალურად დაგვრჩა მხოლოდ 10 თვე. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას სჭირდება თვეში 400 000 ინექციის გაკეთება, რაც გულწრფელად რომ გითხრათ, არარეალურად მიმაჩნია.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა მაინც თუ აიცრება და ეს არის დაახლოებით 25-30 პროცენტი - 60-65 წელს ზემოთ ადამიანები და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონენი. ამ ადამინების აცრას მაინც თუ მოვახერხებთ, რეალურად შეგვეძლება, რომ ქვეყანა შეზღუდვების გარეშე ვმართოთ, რადგან მარტო ერთადერთი ვალდებულება იქნება - პირბადის ტარება. სხვა მხრივ, რაიმე ისეთი გართულებები, რომ კლინიკები გადაგვეტვირთოს ან სიკვდილიანობამ მოიმატოს, მაშინ უკვე აღარ იარსებებს", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველ არხთან".

პესიმისტური პროგნოზი აქვს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელს, ექიმ ვახტანგ კალოიანს, მისი თქმით, საქართველოს უვაქცინო წელიწადი ემუქრება. ამბობს, რომ გეგმა რომელიც ახლა ხელისუფლებას აქვს, ამბიციურია, თუმცა მიუღწეველი.

„ჩემი აზრით, ხელისუფლებამ თავიდან მცდარი სტრატეგია აირჩია, გვიან დაიწყო, ვერ გარისკა მწარმოებლებთან ურთიერთობა და შესაბამისი, შედეგიც გვაქვს. ამ პროგნოზში ძალიან მინდა ვცდებოდე და დიდი სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს, მაგრამ მე მგონია, რომ ის ამბიციური გეგმა, რაც ახლა ხელისუფლებას აქვს, სამწუხაროდ, მიუღწეველია.

„ჩვენ რეალურად უვაქცინო წელიწადი გველოდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგიური მართვის მწყობრი გეგმა, რომ ისევ პრობლემებში, ისევ "ლოდაუნში" არ აღმოვჩნდეთ. ჩვენ ეს ყველაფერი ისე უნდა გადავიტანოთ, რომ "ლოქდაუნი" ისევ არ დაგვჭირდეს", - განაცხადა კალოიანმა „ინტერპრესნიუსთან".

გამომდინარე აქედან ასეთი პერსპექტივების პირობებში როგორ და რამდენ ხანს გაუძლებს ქვეყნის ეკონომიკა და როგორ გააგრძელებს ქვეყანა არსებობას?

როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ეკონომიკის თვალსაზრისით ქვეყანაში ცუდი მდგომარეობაა, ვაქცინაციის საკითხი კი ჯანდაცვის უსაფრთხოებიდან ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე გადავიდა.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, „ფიტჩის" სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებელი დეფოლტის დონეზე (ბიბი) დასვა, ანუ დეფოლტისაკენ მივექანებით, სამწუხაროდ საქართველოს საგარეო ვალი საქართველოის საზოგადოებრივი ერთანი პროდუქტის დაახლოებით 60%-იან ნიშნულს უახლოვდება და რამდენადაც ვიცი საგარეო სესხების აღება კიდევ გაგრძელდება იმიტომ, რომ პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება.

„ამიტომ, ეკონომიკური სტიმულირებისათვის რჩება მხოლოდ რამდნეიმე მომენტი: ლარის ემისია მოხდეს, მოხდეს საგარეო ვალის აღება, პრივატიზაცია, სახელმწიფომ ეფექტური ფისკალური პოლიტიკა გაატაროს, ან თანხა სატრანზიტო შემოსავლებიდან აიღოს.

„ფისკალურ პოლიტიკას ახლა უბრალოდ ვერ გაატარებენ იმიტომ, რომ ეკონომიკის მთავარი მასტიმულირებელი ობიექტები, რომლისგანაც შეგვეძლო რომ ამ ფარგლებში შემოსავალი მიგვეღო აბსოლუტურად გაჩერებულია. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა უკვე უმაღლესი სასწავლებლებსაც შეეხოს და გაჩნდეს ეკონომიკური ახალი პროფესორ-მასწავლებლების კლასტერი გაჩნდეს, რადგან სტუდენტები სტუდენტურ სტატუსგადაუხდელობის გამო მასობრივად აჩერებენ.

„ტურიზმს რაც შეეხება, ზამთრის ტურიზმი მთლიანად ჩავარდა, რაც კატასტროფაა, არ ვიცი ზაფხულის ტურიზმის მუშაობა როგორ მოხდება, იმიტომ, რომ თუ ლოქდაუნის ტიპის პირობები იქნა, შესაძლოა საკმაოდ სერიოზულად შეეხოს, უცხოური ტურიუსტები თუ არ ჩამოვლენ, შიდა ტურისტებით კი თუ ადამიანს პურის ფული არ ექნა, დასასვენებლად როგორ წავა, ან თუ ამ დროს კაფეები, რესტორნები და გასართობი ცენტრები გახსნილი არ იქნა, ესეც სერიოზული შემაფერხებელია.

„საქსტატის" 2021 წლის იანვრის მონაცემებით, მოსახლეობაში უმუშევრობის მაჩვენებელი 20%-ია, რაც შეეხება ექსპორტის მოცულობას, წინა წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა. ვაქცინაციის საკითხი ჯანდაცვის უსაფრთხოებიდან უკვე ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე გადავიდა, თან ამას პოლიტიკური კრიზისიც ემატება" - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )