ელზა პაპოშვილი
07.04.2021

ოკუპაციის კიდევ 4 მსხვერპლი - გალიდან ზუგდიდში ენგურის მეშვეობით მალულად 2 კაცი და 2 ქალი გადმოდიოდა, რა დროსაც ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა. ენგურის ხეობაში, სოფელ შამგონასთან, სამი ცხედარი უკვე იპოვეს. მეოთხეს კი ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ხელისუფლება ეძებს.  

ეს ადამიანები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმების გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო. 

დაახლოვებით 3 დღის წინ გალიდან ზუგდიდის მისამართით ცოლ-ქმარი, მათი რძალი,  ბიძაშვილის ცოლი და  მეზობელი მამაკაცი, რომელიც მათი გამყოლი იყო, დაიკარგნენ. ისინი ღამის განმავლობაში მდინარის გადმოვლას ცდილობდნენ, რა დროსაც 4-ივე მათგანი წვიმისგან ადიდებულმა მდინარემ წაიღოთ. მათ ოჯახთან კონტაქტი მდინარეში შესვლამდე ჰქონდათ. 

როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, გალში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ამიტომაც ეს 4 ადამიანი ზუგდიდში პროდუქტების და მედიკამენტების საყიდლად გადმოდიოდნენ.  

ერთი ადამიანი პენსიის ასაღებად მოდიოდა, მეორე კი ექიმთან სამკურნალოდ. ხოლო ცოლ-ქმარი ძმასთან ზუგდიდში მის მოსანახულობელად და სააღდგომოდ პროდუქტების საყიდლად. ერთ-ერთი ვერსიით, მათ ნიჩბიანი ნავი ჰქონდათ.  გამყოლად  მეზობელი ჰყვადათ, რომელიც გალის მცხოვრებლებს ეხმარება, რომ ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე  გადმოვიდნენ. მეორე ვერსიით კი, რუსმა ჯარისკაცებმა მათი ენგურზე გადასვლა დააფიქსირეს და ძაღლებით დაედევნენ. გაქცეულები კი მდინარეში შევიდნენ და დინებამ გაიტაცათ. 

საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გადასვლა უკიდურესად გამკაცრებული აქვს. რის გამოც გალის მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისშია და ექიმთან ვიზიტისთვის, საკვების თუ მედიკამენტების მარაგის შესავსებად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ე.წ. საზღვრის ფარულად გადმოკვეთა.    

„საშინელი ამბავი მოხდა, 3 დღის წინ დაიკარგნენ. მათმა მეზობელმა, რომელიც გამყოლი იყო, სავარაუდოდ, ნიჩბიანი ნავით ენგურიდან ზუგდიდში მათი გადაყვანა სცადა. ერთი წელია ენგური ჩაკეტილია. ასევე, საქართველოში 5-დღიანი კარანტინი მოქმედებს და ისედაც გაუბედურებულ ხალხს კიდევ დამატებით პრობლემები გვექმნება. ამიტომ ცოლ-ქმარმა ზუგდიდში ძმის მონახულება და სააღდგომოდ საკვების ყიდვა გადაწყვიტა. 

“მათთან ერთად იყო მათივე ნათესავი ქალი, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის ბიძაშვილის ცოლია. მეოთხე  კი მეზობელია, რომელსაც ისინი გადმოჰყავდა. მდინარეში ღამით შევიდნენ, რადგანაც საგუშაგოდან რუსებს არ დაენახათ. სავარაუდოდ, წვიმისგან ადიდებულმა მდინარემ ისინი გაიტაცა. 

“სამი ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოირიყა. ერთს კი აფხაზები ეძებენ. მისცეს ახლა გარდაცვლილების ოჯახს ზუგდიდში საბუთის გარეშე გადასვლის უფლება. 

მინდა ჟურნალისტებმა გალელების უმძიმესი ყოფა გააშუქოთ. აქ ჰუმანიტარული კატასტროფაა. ფაქტიურად ტყვედ ვართ აყვანილები. არ გვაქვს არც საკვები, არც მედიკამენტები და არც სამედიცინო დახმარება. ღმერთის ანაბარად ვართ მიტოვებულები. 

მავთულხლართებიდან საკვების და მედიკამენტების მოწვდას ნათესავები ადრე ახერხებდნენ, ახლა ამის საშუალებაც არ გვეძლევა“,-აცხადებს ერთ-ერთი გალის მცხოვრები „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, რუსები საბუთს ე.წ. საშვს ითხოვენ,  რომლის ასაღებად სოხუმში უნდა წავიდნენ. საშვის აღების ღირებულება კი 100 რუბლს შეადგენს, ქართულ ფულზე 45 ლარს. ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასევე სოხუმში ჩასვლისას ქართველებს შესაძლოა  მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ეროვნებით ქართველია.  ყველაფერ ამას კი ისიც ემატება, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ   5 დღე კარანტინში უნდა იყვნენ. არადა ე.წ. საშვი 10 დღიანია. 

„ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, რატომ არ ადარდებს ჩვენს ხელისუფლებას ჩვენი ბედი? მერამდენე ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ ვიღაცამ ყურადღება მოგვაქციოს. აღარ შეგვიძლია, 21-ე საუკუნეში საკუთარ მიწაზე დაპატიმრებულები ვართ და ჩვენი ქვეყნს ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, რომ შეღავათი მაინც  გვქონდეს. წარმოგიდგენიათ მაინც რა საფრთხეში იგდებს ხალხი თავს, როცა სოხუმში ე.წ. საშვის ასაღებად მიდის? ეს ასევე ცალკე ხარჯებთან არის დაკავშირებული. 100 რუბლი ღირს საბუთი, რომელიც 10 დღიანია. აქედან 5 დღე კარანტინში ანაკლიაში ყოფნა გვიწევს. არადა ზოგი სასწრაფო საქმეზე ზუგდიდში მიდის. მეორეც როგორია შენს მტერთან მიხვიდე და შენსავე მიწაზე გადაადგილებისთვის საშვი სთხოვო? ამიტომც იძულებულები ვართ ქართველებმა სიცოცხლის ფასად ენგური გადავიაროთ. საშვი გარდაცვლილებიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა. დანარჩენებისას ვადა ჰქონდა გასული. იმასაც ამბოენ, რომ რუსებმა დაინახეს და ძაღლებით გამოედევნენ. მდინარეში შევიდნენ და დინებამ გაიტაცათ“,-ამბობს გალის მაცხოვრები  „რეზონანსთან“.     

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  საქმე აღძრულია 143-ე და 115-ე მუხლებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Vaa   (08.04.2021)
დატანჯულ დევნილებს რა კარანტინს უწესებთ?! გაუკეთეთ სწრაფი ტესტი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )