თეონა ვეშაგური
23.09.2021

აცრილთა წამახალისებელი ლატარიის შემდეგ, პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები დაინერგება. განიხილება რამდენიმე ასეთი ღონისძიება. რაც მეტი ადამიანის დარწმუნებასა და აცრას მოახერხებს მედმუშაკი, შესაბამის ფულად დანამატს მიიღებს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძე საუბრობს.

„მსგავსი პროგრამები, მთელს მსოფლიოშია აპრობირებული. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი საქართველოში დანერგვა არა მხოლოდ იმულიზაციის კუთხით, არამედ რუტინული იმუნიზაციისა და ქრონიკული დაავადებების კონტროლის მხრივაც.

„რაც შეეხება, კონკრეტულად კოვიდ-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის წახალისებას, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც შემცირდა ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი და დიდი ალბათობაა, რომ კვლავ სავალალო შედეგების წინაშე დავდგეთ.

„ექიმები უფრო აქტიურად უნდა ჩაებან ვაქცინაციის მოწოდების პროცესში, განახორციელონ ზარები საზოგადოების წევრებთან, მოუწოდონ ვაქცინაციისკენ, მიაწოდონ სწორი ინფორმაცია და შეძლონ მათი დარწმუნება ვაქცინაციის სარგებლიანობაში. ამ მხრივ, განსაკუთრებით დიდი სამუშაოა მაღალი რისკ-ჯგუფისა და 60-70 წელს გადაცილებულ პირებთან.

„რაც შეეხება წამახალისებელი ღონისძიების ფორმას, ალბათ ეს იქნება შედეგებზე ორიენტირებული ფულადი დანამატები, რაც მეტი ადამიანის დარწმუნებასა და აცრას მოახერხებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი შესაბამის ფულად დანამატს მიიღებს. თუმცა, არ არის გამორიცხული წახალისება სხვა ფორმითაც განიხილებოდეს",-განაცხადა ზოიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც ქვეყანაში უნდა დაინერგოს.

„უფრო მეტად გააქტიურდება პირველადი ჯანდაცვა. სოფლებსა და რაიონებში, სოფლის ექიმები, კიდევ უფრო ახლოს მივლენ ადამიანებთან. გამსვლელი ბრიგადებიც მოიმატებს, უფრო გააქტიურდება ეს ყველაფერი.

ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. ვინც უბანზეა და ბენეფიციარებთან არის მიმაგრებული, გააქტიურონ მუშაობა. სოფლის ექიმის როლი განსაკუთრებით დიდია. მოგეხსენებათ, ძალიან სჯერა მოსახლეობას სოფლის ექიმის, ამიტომ სოფლის ექიმებთან მიმდინარეობს მუშაობა.

„თითოეულ რაიონში სოფლის ექიმმა უნდა იცოდეს, რამდენი ჰყავს უბანზე აცრილი და აცრის რა გეგმა აქვს, თუნდაც 2 თვის განმავლობაში. ვინც ეწინააღმდეგება ეცადოს, რომ დაარწმუნოს. მოგეხსენებათ, აცრა ნებაყოფლობითია და არა ძალდატანებითი. ჩვენც მეტად „ვმუშაობთ, სხვადასხვა დიდ ჯგუფთან მქონდა ჩართვა. ვხვდები ერთ-ერთი დიდი ბანკის წარმომადგენლებს, ასევე გვექნება შეხვედრები სოფლის ექიმებთან.

„ქვეყანაში 1200 სოფლის ექიმია. თითოეულმა რომ სულ მცირე თავისი უბნის 70-80% აცრას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც უნდა დაინერგოს ქვეყანაში", - აღნიშნავს გამყრელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×