თამთა ჩაჩანიძე
23.09.2021

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" რეალური ციფრები გამოაქვეყნა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა რაში აწყობს?! მერე ეგზიტპოლებით ხომ მაინც რეალურად გამოჩნდება, ვის რამდენმა მისცა ხმა. ჩემი აზრით, „ოცნება" მონაცემებით ჟონგლიორობაში არ უნდა იყოს დაინტერესებული - ასე შეაფასა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებული თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

კვლევის მიხედვით, რომელიც ხუთშაბათს მმართველი პარტიის მიერ გამოცხადდა, კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთა 50.9% უჭერს მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას" - 25.2%, ხოლო მოძრაობა „საქართველოსთვის" - 5,7%. „გირჩი-მეტი თავისუფლება" - 3,4%, „პატრიოტთა ალიანსი" -3.1%, „ლელო"-2.9%, „მოქალაქეები" - 2.6%, „მესამე ძალა" - 1,7%, „ევროპული საქართველო" - 1.1%, ლეიბორისტული პარტია - 0.9%, „გირჩი" - 0.4%, სხვა პარტიებზე გადანაწილდა 2,1%.

რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგებს, ამავე კვლევაში მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების" ლიდერმა კახა კალაძემ 57.9% აიღო, ნიკანორ მელიამ - 27.8%, გიორგი გახარიამ - 5.3%, ანა ბიბილაშვილი („ლელო") - 2.5%, გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი") - 2.1%, ანა დოლიძე - 1.6%, თამარ კეკენაძე ("მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი") - 0.6%, მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 0.5%, სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა 1.7%.

„ქართული ოცნების" განცხადებით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 16-20 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია 3%.

ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ მონაცემებით თბილისში ადგილობრივ არჩევნებზე მეორე ტურის ალბათობა არაა, თუმცა მთავარი მაინც ის ფაქტორია, თუ ამომრჩეველი უშუალოდ ყუთთან რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მონაცემები წინა გამოკითხვების შედეგებს პრინციპში ემთხვევა და დიდი ცვლილება არაა, თუ რაღაც 1-2%-იან განსხვავებას მხედველობაში არ მივიღებთ, სურათი იგივეა, ანუ ისევ ორპოლუსიანი სისტემა გვაქვს, ოღონდ მცდელობაა იმისა, რომ რაღაცნაირად ამ ორპოლუსიან სისტემაში მესამე ძალა შემოიჭრას გახარიას პარტიის სახით.

„თუ მთლიანად ამ მონაცემებს დავეყრდნობით, რა თქმა უნდა მეორე ტურის ალბათობა არაა, რადგან კალაძესა და ნიკანორ მელიას შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. ასეთი ტიპის განსხვავების დაძლევა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ, ვიცით, რომ ბევრი ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტილებას უშუალოდ საარჩევნო ყუთთან იღებს, სწორედ ბოლო დღეებში მომხდარი პროცესების მიხედვით.

„ვნახეთ ევროკავშირის ოფისთან რა მოხდა, ასეთი გამოხტომებით ალბათ ოპოზიცია შეეცდება, რომ რაღაცნაირად საკუთარი რადიკალურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს გათვლა მაინც არასწორია, რადგან ის, რასაც იგივე ნიკანორ მელია თავისი გადამეტებული აგრესიული ქცევით აკეთებს, შესაძლოა თბილისელების რაღაც ნაწილს მოსწონს, მაგრამ ეს 25 თუ 27% საკმარისი არაა იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს. ესაა მათი ელექტორატი, რომლის იქითაც არა მგონია, ავიდნენ.

„რა თქმა უნდა ოპოზიცია იტყვის, რომ „ოცნების" კვლევები სინამდვილეს არ შეესაბამებაო, თუმცა მოდით პირდაპირ ვთქვათ, როცა პოლიტიკური პარტია კვლევას ატარებს, მას ორმაგი დატვირთა აქვს. ერთია ის ციფრები, რასაც ისინი რეალურად იღებენ, მეორე კი არის ციფრები, რაც მათ საჯაროდ გამოაქვთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივ აზრზე და განწყობებზე გავლენა მოახდნონ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ცდომილების ფარგლები არის, რადგან ეს პარტიული კვლევაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" რეალური ციფრები გამოაქვეყნა, რადგან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა რაში აწყობს, მერე ეგზიტპოლებით ხომ მაინც რეალურად გამოჩნდება, ვის რამდენმა მისცა ხმა. ამიტომაც, ამ კუთხით თუ შევხედავთ, ჩემი აზრით, „ოცნება" მონაცემებით ჟონგლიორობაში არაა დაინტერესებული და ისე იყოს შელამაზებული, რომ რეალობას აცდენილი იყოს."- განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×