სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მისგან ოპოზიციის ლიდერების გარდა, შსს-ს მაღალჩინოსნებზეც ცდილობდნენ კომპრომატების მიღებას
    თამთა კაკაურიძე
    (19.01.2013)

    "უნდა დამედანაშაულებინა საქართველოს ოპოზიციის ლიდერები - ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია, სალომე ზურაბიშვილი; ასევე, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, მათივე კლანის წარმომადგენლები - დავით ბაქრაძე, შოთა უტიაშვილი, ბათუ ქუთელია, კახა ლომაია და გელა ბეჟუაშვილი. ითხოვდნენ მეთქვა, რომ ეს ადამიანები ჩემთან თანამშრომლობდნენ და იღებდნენ ინფორმაციებს", - ამბობს ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია.

     მისივე თქმით, "ეს იყო შიდა ინტერკორპორაციული ბრძოლა, რომელიც იმ პერიოდში სააკაშვილის სპეცსამსახურების სტრუქტურებს შორის მიმდინარეობდა. კონტრდაზვერვას ჰქონდა მტრული ურთიერთობა ანალიტიკურ დეპარტამენტთან. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ, რომ უტიაშვილი როგორმე მოეცილებინათ".

    რისთვის სჭირდებოდა ყოფილ ხელისუფლებას თანამდებობის პირებზე კომპრომატების შეგროვება და კონკრეტულად რომელი უწყება აგროვებდა მას - ამ საკითხებზე "რეზონანსი" ვახტანგ მაისაიას და პოლიტოლოგებს ესაუბრა.

    ყოფილი პოლიტპატიმარი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ "კომპრომატების შეგროვებით შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იყო დაკავებული, რომელიც მერაბიშვილის უწყებას წარმოადგენდა.

    "ამ დეპარტამენტს ამირან მესხელი კურირებდა. შიდაუწყებრივი და შიდაკორპორაციული დაპირისპირება იყო. ვანო მერაბიშვილის ხალხი ცდილობდა გავლენის სფეროები მოპოვებას. ამ გავლენის მოსაპოვებლად კი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ცალკე მუშაობდა, ანალიტიკური დეპარტამენტი - ცალკე.

    "შიდაკორპორაციული დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა ნებისმიერი არადემოკრატიული ქვეყნის სამსახურებში. ეს სიახლე არ არის. ვთვლი, რომ სწორედ ამ კომპრომატების შეგროვებით ხელისუფლება მაღალჩინოსნებს წირავდა. ამაში ორი აზრი არ არსებობს", - ამბობს მაისაია.

    მისივე თქმით, ინფორმაციის მოპოვებაში მონაწილეობას იღებდნენ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კომპრომატებს აგროვებდნენ როგორც მაღალი თანამდებობის პირებზე, ასევე საშუალო რგოლზე, მათ შორის ექსპერტებზეც.

    "პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებზე აგროვებდნენ ამ ინფორმაციას. საუბარია დაახლოებით 50 ადამიანზე, რომლებიც საზოგადოების საშუალო და დაბალი რგოლის წარმომადგენლები იყვნენ. სხვათა შორის, ექსპერტებზეც მიმდინარეობდა მსგავსი კომპრომატების შეგროვება, მაგალითად, სოსო ცისკარიშვილზე და რამაზ საყვარელიძეზე. უნდოდათ შეეთხზათ ბრალდებები და კომპრომატების ფალსიფიკაცია გაეკეთებიათ. ისინი ითხოვდნენ, რომ მეთქვა, თითქოს ეს ადამიანები მაწვდიდნენ ინფორმაციას და მე რუსეთის სპეცსამსახურებს ვაწვდიდი.

    "ეს არ იყო რთული კომბინაცია, მარტივი სქემა იყო. მუშაობა მიმდინარეობდა იმაზე, რომ ჩემგან როგორღაც დასტური მიეღოთ.

    "ძირითადად ორი ბრიგადა მუშაობდა დილიდან საღამომდე. დაახლოებით, 5-10 კაცი შედიოდა ერთ ბრიგადაში. მთელი კონტრდაზვერვის შემადგენლობა იყო საქმეში ჩართული. კონკრეტულად შემიძლია დავასახელო მაშინდელი კონტრდაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები ამირან მესხელი, ოთარ ორჯონიკიძე, მაზმიშვილი, სუმბაძე, დათაშვილი, ბაბუციძე, ჯაოშვილი და სხვები, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები. ეს მუშაობა 2009 წლის მაისიდან 2010 წლამდე მიმდინარეობდა", - ამბობს მაისაია.

    რაც შეეხება უცხოელ დიპლომატებს, რომლებზეც ხელისუფლება კომპრომატებს აგროვებდა, მაისაიას თქმით, "საუბარი იყო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და თურქეთის საელჩოების მაღალ თანამდებობის პირებზე, კონკრეტულად ელჩების მოადგილეები და პოლიტიკური მდივნები. გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ცდილობდნენ ჩემს გადმობირებას ამ ადამიანების წინააღმდეგ სამუშაოდ", - უთხრა მაისაიამ "რეზონანსს".

    პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მსგავს კომპრომატებს ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში ამ ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენებდა.

    "ვფიქრობ, ჩვეულებრივი კომპრომატების რეჟიმში უნდოდათ ამის მოპოვება და გადანახვა, რადგან შემდეგ ამ ადამიანების მართვა მოეხდინათ, თუ რაიმე გადაცდომას მოუნახავდნენ და საჭირო გახდებოდა მათი დაკავება. ამ კომპრომატების მოპოვებას აგენტურული კუთხით ცდილობდნენ.

    "ძალიან ფართო იყო მათი ფანტაზია საიმისოდ, რომ მსგავსი რამეები დაეგეგმათ. როგორც ჩანს, ამ ადამიანების წინააღმდეგ სხვა ტიპის კომპრომატები არ აღმოაჩნდათ და ცდილობდნენ, მათ წინააღმდეგ ბრალდებები შეეთხზათ, რომელსაც ნებისმიერ მათთვის სასურველ დროს გამოიყენებდნენ.

    "მსგავსი რამ შეიძლება ითქვას უცხოელ დიპლომატებზეც. ეს ყველაფერი ვარაუდების დონეზე შეიძლება გამოითქვას. კონკრეტულად რა ჰქონდა ჩაფიქრებული სააკაშვილის მთავრობას და რისთვის სჭირდებოდა კომპრომატები, ვერ გეტყვით. შესაძლოა იყოს სხვა ვერსიებიც, მაგრამ იმ ვერსიების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ", - ამბობს ლაგაზიძე.

    ლაგაზიძის მსგავსად ფიქრობს პოლიტოლოგი კახი კახიშვილიც. ის "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ "თუ ოდესღაც ისეთი ვითარება იქნებოდა, რომ ბაქრაძის, უტიაშვილის ან ლომაიას დაპატიმრება გახდებოდა საჭირო, ვახტანგ მაისაიას ჩვენებას ამის საფუძვლად გამოიყენებდნენ".

    "მაისაია იყო ფიგურა, რომელიც კარგად იყო ცნობილი როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ამავდროულად ქვეყნის მოსახლეობისთვის, როგორც ექსპერტი და ყოფილი დიპლომატი. ამიტომ ცდილობდნენ მის ჩვენებებში ყოველი შემთხვევისთვის ყოფილიყო დაფიქსირებული ლომაიას, ბაქრაძის და სხვების გვარები, რომ თუ ხელისუფლებას დასჭირდებოდა ეს მასალები მათი დაპატიმრების მიზნით გამოეყენებინა", - ამბობს კახიშვილი.

    მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლება რეალურად ორიენტირებული იყო იმაზე, რომ შეექმნა მოკლემეტრაჟიანი მძაფრსიაუჟეტიანი ფილმები, სადაც რუსეთის სპეცსამსახურებთან ძალიან სერიოზულ მებრძოლად გვევლინებოდა.

    "ასეთი ფილმები მუდმივად სჭირდებოდა, რომ ხელისუფლების ბრძოლისუნარიანობა განმტკიცებულიყო როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მოსახლეობის თვალში. ვახტანგ მაისაიას საქმე, როგორც ჩანს, მათთვის ბოლო არ იყო და ეს სხვა ფაქტებმაც დაადასტურა. ხელისუფლება ქმნიდა სცენარებს, რა სჭირდებოდა მას იმ ვითარებაში.

    "ძირითადად ადეიშვილის უწყება ცდილობდა შეეგროვებინა მისთვის ინფორმაციები, რომ მას მეტი კონტროლი ჰქონოდა თუნდაც მოქმედი თანამდებობის პირებზე", - ამბობს კახიშვილი. მისივე თქმით, შესაძლოა, მსგავსი კომპრომატები სხვა თანამდებობის პირებზეც იყოს, თუმცა, ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს.

    "პროკურატურას აქვს საშუალება ყველა საქმის დეტალებზე თვითონ გასცეს პასუხი, არის თუ არა სხვა ადამიანების მიმართაც ასეთი ჩვენებები მიცემული.

    ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ძალიან ბევრ საქმეში ერთადერთ მტკიცებულებად გვევლინებოდა სწორედ ასეთი განთქმითი ჩვენება და არანაირი სხვა მტკიცებულება სასამართლოსთვის საჭირო არ იყო, რომ კონკრეტული პირი დამნაშავედ ეცნოთ და გამოეტანათ გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელი.

    "ეს განთქმითი ჩვენებები მოდაში იყო და მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით სხვადასხვა თანამდებობის პირებზე, პოლიტიკოსებზე და საზოგადო მოღვაწეებზე აგროვებდნენ სხვადასხვა სახის ჩვენებებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სიტუაციის დასაწყნარებლად ან მიმართულების მისაცემად გამოეყენებინათ დაპატიმრების, შანტაჟის ან სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად.

    "ქარდავას დავალებით კონსპირაციულ ბინებში ჩაწერილი შეხვედრები, ტოტალური მოსმენები, ასეთი განთქმითი ჩვენებები მიუთითებს იმაზე, რომ ყოფილი ხელისუფლების მოქმედებები იყო შანტაჟი, მუქარა და მთავრდებოდა იმით, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო, იმიტომ რომ ყველაფერი მათ ჯიბეში იყო. ისინი ამით ცდილობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაეხანგრძლივებიათ და ამავდროულად ბერკეტები ჰქონოდათ ხალხის სამართავად", - ამბობს კახიშვილი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter