შავი ზღვაში აშშ-ს ფლოტის გააქტიურება და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავება
თეონა ვეშაგური
13.10.2021

თავდაცვის მდივანი მხოლოდ პოლიტიკური სოლიდარობის გამოცხადებისთვის არ ჩამოვა ქვეყანაში. როგორც ჩანს, საუბარი იქნება შავი ზღვის რეგიონში ამერიკის სამხედრო ძალების გააქტიურების შესახებ. რაც, საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში - ასე აფასებენ „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტები საგარეო საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის მოსალოდნელ ვიზიტს საქართველოში.

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა.

„თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომდევნო კვირაში ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა,"- განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალით დასრულდება. თუმცა, ჯონ კირბის ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

როგორც ექსპერტი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, საქართველოსა და აშშ-ს შორის საკმაოდ წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა მიმდინარეობს.

„არ მგონია თავდაცვის მდივანი პოლიტიკური მხარდაჭერის მიზნით ჩამოდიოდეს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის საკმაოდ წარმატებული სამხედრო თანამშრომლობა მიმდინარეობს და როგორც ჩანს, სწორედ ამ საკითხების განსახილველად ჩამოდის. საუბარი იქნება სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული ვიზიტი მნიშვენელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რადგან აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველა მოელოდა, რომ ისინი თავის აქტივობებს შავი ზღვის რეგიონში და რა თქმა უნდა, მთლიანად ევროპაში გააძლიერებდნენ. კონკრეტულად კი საქართველოშიც, რადგან საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია შავი ზღვისპირეთში", -განაცხადა გოგოლაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსმა კორნელი კაკაჩიამაც ისაუბრა „რეზონანსთან". მისი თქმით, დაგეგმილი მარშუტი იმ სტრატეგიულ ინტერესებზე მიუთითებს, რომელიც აშშ-ს შავიზღვისპირეთში გააჩნია და რომლის შემადგენელი ნაწილი საქართველოც არის.

„თავდაცვის მდივანი საქართველოს გარდა რუმინეთსა და უკრაინასაც ეწვევა, ეს კი იმ სტრატეგიული ინტერესების გაღრმავებაზე მიუთითებს, რომელიც აშშ-ს შავი ზღვის რეგიონებში და იმ ქვეყნებში გააჩნია რომელშიც ვიზიტია დაგეგმილი.

„ბუნებრივია ამ რგოლის ერთ-ერთი ნაწილი საქართველოც არის, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია.

„ვიზიტი დიდ როლს ითამაშებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში", - განაცხადა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×