ელზა პაპოშვილი
13.10.2021

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დინამიკა მზარდია და აგვისტოს შემდეგ ქვეყანას მორიგი პიკი ემუქრება. სურათი ყოველდღიურად უარესდება და თუ მომდევნო კვირის განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეპიდემიოლოგები პანდემიის მეხუთე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადებენ. 

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ კვლავ საგანგაშოდ დაბალია იმუნიზაციის ტემპი. ერთი დღის განმავლობაში კოვიდით თითქმის 5000 ადამიანი დაინფიცირდა.

სასწავლო პროცესის დაწყებამ ეპიდემილოგიურ მდომარეობაზე გარკვეუწილად იმოქმედა. 5 დღეში, მარტო თბილისში 40 ბაღი დაიხურა, ვირუსი 22 პედაგოგს და 17 სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელს დაუდასტურდა, არიან ინფიცრებული ბავშვებიც.

ერთი კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი. თუ ინფიცრებულთა რაოდენობის ზრდა გაგრძლედება, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, სააკორდინაციო საბჭოს გარკვეული რეკომენდაციის ამოქმედების მოთხოვნით მიმართონ.

მაჩვენებლები განსაკუთრებით მკვეთრად არის გაზრდილი ქვეყნის რეგიონებში. არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, უკვე დაიწყო საუბარი წერტილოვან შეზღუდვებსა და გარკვეულ ქალაქებში ონლაინსწავლების განახლებაზე.

საუბარია 3 რეგიონზე, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დღეებში სულ უფრო მატულობს, ესენია: კახეთი, იმერეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი.  

"ამ ეტაპისთვის რეგიონში 133 სკოლის მოსწავლე და 57 პედაგოგი არის ინფიცირებული, ამასთან, ბაღის 18 აღმზრდელი და 3 აღსაზრელი. რეგიონში 6 სკოლა დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების მატება იქნება, ამოქმედდება ონლაინსწავლება და წერტილოვანი შეზღუდვები,"- განმარტავს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი. 

კორონავირუსით გამოწვეული ეპიდვითარება საგანგაშო მაჩვენებელს კახეთშიც  მიუახლოვდა - რეგიონში დადებითობის მაჩვენებელმა 20 %-ს გადააჭარბა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით ყველა კოვიდკლინიკა სრულად დატვირთულია და პაციენტებისთვის ადგილი აღარ არის.

"14 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი არის 17 %, 7 დღიანი 19 %, ხოლო გასული 24 საათის დადებითობის მაჩვენებელი 20 %-ს ასცდა კახეთის რეგიონში. შესაბამისად მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, კახეთის კოვიდჰოსპიტლებში არცერთი ადგილი აღარ არის, სრულად არის დატვირთული.

ეს კავშირშია, სეზონურად, შემოდგომის გაზრდილ მობილობასთან. მნიშვნელოვანი ზრდა რთველმა გამოიწვია და არ ხდებოდა რეგულაციების დაცვა. პირველივე დღეებში დაიწყო მატება სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. გუშინდელი მდგომარეობით დაკეტილია 39 საბავშვო ბაღი და 6 სკოლა გადაყვანილია ონლაინ სწავლაზე,"- განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი. 

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი  მიიჩნევს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები არანაირ შედეგს არ მოიტანს. მოიხსნება თუ არა დაწესებული შეზღუდვები, კვლავ  სწრაფი ზრდა გვექნება. სურგულაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ  სკოლების გახსნასთან ერთად სტატისტიკური მაჩვენებელი შეიცვალა. მართალია სკოლები უნდა გახსნილიყო, მაგრამ არა იმ ფონზე, როცა მასწავლებლების და მშობლების უმეტესობა ისევ აუცრელია. სკოლებში კი ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვა არ ხდება. 

„არ ვიცი  ეს წერტილოვანი შეზღუდვები რას ნიშნავს, ან რა შედეგის მომტანია. გაუგებარია, მაგალითად კახეთს  ან იმერეთს რომ ჩაკეტავ მერე რა იქნება. აცრის მასშტაბი გაიზრდება, უსაფრთხოების ზომები გამკცარდება თუ რა, რა შეიცვლება.  ამ ყველაფერს უნდა სიღრმისეული კვლევა. ყველაზე დიდი  პრობლემა თბილისში გვაქვს.  სტატისტიკაც ყველაზე სავალალოდ  დედაქალაქში გამოიყურება. ამიტომ მაშინ თბილისი უნდა ჩავკეტოთ. ეს ყველაფერი ისევ არის არასწორი ვაქცინაციის კამპანიის ბრალი.

“ჯერ ვაქცინაცია დაგვაგვიანდა, ახლა  გვაქვს და საერთოდ კატასტროფა ხდება, აცრის მსურველთა რაოდენობა თითქმის განახევრებულია. ეს ასევე არის მოუმზადებელი განათლების სისტემის ბრალი. კი ბატონო, სკოლები უნდა გაგვეხსნა, მაგრამ უმკაცრესი ზომების დაცვით. მასწავლებლების უმრავლესობა აცრილი უნდა ყოფილიყო. სკოლებში დამლაგებლების რიცხვი უნდა გაგვეზარდა, რათა სველი წერტილების ხშირი დალაგება ყოფილიყო. ელემენტარული წესების დაცვა არ ხდება და რა გასაკვირია ზრდა რომ გვექნება“,-ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, შარშანდელზე უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგანაც ე.წ. „ტვინდემის“ მართვა კიდევ უფორ რთული იქნება. როცა ადამიანს ერთდროულად შეიძლება გრიპი და კოვიდი შეგხვდეს, ამის მკურნალობა უფრო გაგვიჭირდება. 

ამიტომაც სურგულაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შესაძლოა იძულებული გახდეს ისევ ლოქდაუნი შემოიღოს. მისი თქმით, თუკი დღეში 100-მდე ადამიანი შეიძლება მოგვიკვდეს, მაშინ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ ექნება. ეს კი გარდაუვალი იქნება, რადგანაც ვაქცინაცია ქვეყანაში ფაქტობრივად ჩავარდა და გრიპის სეზონი ემთხვევა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×