თამთა ჩაჩანიძე
22.10.2021

ნებისმიერი ადამიანს, რომელიც ნახავს და იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს, მაგრამ ეს ტრაგედიაა რეალურად, ჩვენი სირცხვილია, ეს კაცი მართავდა ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედზე" გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს.

„რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. ეს ტრაგედიაა რეალურად. ამის თაობაზე ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური. ნებისმიერი ადამიანს, რომელიც ნახავს და იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს, მაგრამ ეს ტრაგედიაა რეალურად, ჩვენი სირცხვილი არის, ეს კაცი მართავდა ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას.

„ამას თუ მართვა ჰქვია. ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს და ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა. თქვენ ახსენეთ სხვადასხვა პროდუქტი, არაჟანი და ასე შემდეგ, მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამარცხვინო სიტუაცია იხილა მთელმა მოსახლეობამ", - მთავრობის ხელმძღვანელმა.

პრემიერის თქმით, სააკაშვილი „როგორ მდგომარეობაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება ახლაც თავად და მთელი მისი გუნდიც".

„ნახეთ, როგორ აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ლაპარაკობს, ბოდავს სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე, მოტაცებაზე. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი, წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება ახლაც და მთელი მისი გუნდიც. სხვა შემთხვევაში, ასეთი ილუზიები რომ არ ჰქონოდა ამ ადამიანს, როგორ შეიძლება, რომ ელემენტარული გათვლა ვერ გაეკეთებინა ასეთი გზით. ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში. რა ვქნათ, ეს არის რეალობა. ეს არის კიდევ ერთი საშუალება და მტკიცებულება იმისა, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ და ვუხსნით მოსახლოებას, არის სრული სიმართლე და მეორე მხარეს არის ეს არასერიოზულობა და სრული, გაუგონარი ამბავი.

„ყოფილი პრეზიდენტი, წარმოიდგინეთ, კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, ცხრა წელი ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა მას და ასე არასერიოზულად მოიქცა კიდევ ერთხელ და და დაამთავრა ასე არასერიოზულად. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს, როდესაც თავისი ფეხით შევიდა ციხეში. კიდევ ერთხელ, მინდა, მივულოცო ჩვენს მოსახლოებას.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ რეალურად გვაქვს შანსი, საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან ეს არასტაბილურობის შემქმნელი, დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები იქნებიან დიდხანს ციხეში, რადგან მათი ეს სასჯელი ამას ითვალისწინებს და ამის შემდეგ მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩეველს 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ, მინდა, მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ 30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე, არავინ არ დავრჩეთ სახლში, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ამ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არ მივცეთ სალაპარაკო. არავითარი საბაბი არ უნდა მივცეთ მას, რომ ძლიერად ვერ მოიგო ამა თუ იმ კანდიდატმა. ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი მოიგებს დიდი უპირატესობით, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ბრძენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მიმდინარე მოვლენებზე განცხადებები ხობში გააკეთა, სადაც „ქართული ოცნების" კანდიდატებსა და შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრები მიმდინარეობს.

„აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს საარჩევნოს შტაბის წევრებთან. ხობში ძალიან მაგარი განწყობაა. ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, თუმცა გასაგებია, სხვადასხვა ფაქტორის გამო აქ მეორე ტური მოგვიწია, თუმცა სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული და მეორე ტურში ჩვენი კანდიდატი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არავითარი პერსპექტივა არ აქვს ქვეყანაში. დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის", სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა რეალურად არის დიდი სირცხვილი, ასე ვიტყოდი პირდაპირ.

„ასე რომ, მინდა, ჩვენი ხობის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, მაქსიმალური ყურადღება იქნება მომართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და რეალური მათი პრობლემების გადაჭრას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×