თამთა ჩაჩანიძე
24.11.2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დეკემბრიდან დარჩენილი შეზღუდვების დიდი ნაწილი უქმდება, ეს ეხება რესტორნებს, კინოთეატრებს და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არიან აცრილები და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან - სპეციალისტების შეფასებით, ეს „მწვანე პასპორტების" მექანიზმის ამოქმედების საპირწონედ გაკეთდა და თუ „მწვანე დოკუმენტში" გაწერილი წესები ზედმიწევნით აღსრულდება, დადებითი ეფექტი ექნება, თუმცაღა, ამავე დროს გარკვეულ რისკებსაც ხედავენ.

1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ, ასევე, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, პსრ ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

ასევე, 1-ლი დეკემბრიდანვე „მწვანე პასპორტების" მექანიზმი ძალაში შედის, მოქალქეებს აღნიშნუილი დოკუმენტის წარდგენა ევალებათ კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს „მწვანე სტატუსი" მუდმივად ექნება.

„კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის „მწვანე სტატუსი" და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. „მწვანე სტატუსი" ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

„ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას „მწვანე სტატუსი" ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის პსრ ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

თუმცაღა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრვანელმა ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საკითხი გადაიხედოს, რომლის მიხედვითაც მიხედვითაც „მწვანე სტატუსი" მუდმივად ენიჭება პირს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა.

„ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს.

„საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-მდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული", - აცხადებს გამყრელიძე.

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნა „მწვანე პასპორტების" შემორებას უკავშირდება, თუმცა მისი აზრით, იგივე და უფრო მეტი ეფექტისთვის რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია.

„ეს რა თქმა უნდა „მწვანე პასპორტების" შემოღებას უკავშირდება, რაც შეზღუდვებით იყო მიღწეული, მწვანე ბარათებმა უნდა ჩაანაცვლონ, იგივე და უფრო კარგი ეფექტი მოგვცეს, მაგრამ რეალურად ასე მოხდება თუ არა, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს - მწვანე პასპორტებში გაწერილი, დოკუმენტირებული წესების აღსრულება და დაცვა რამდენად მოხდება, მეორე, ზოგადად ვაქცინაციის პროიცესი რამდენად აქტიურად წავა და ამ ყველაფერს რამდენად წამახალისებელი როლი ექნება, რომ ადამიანები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.

„თუ ეს ყველაფერი კარგად და იდეალურად წარიმართა, ასეთ შემთხბევაში რა თქმა უნდა კარგი ეფექტი ექნება და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას ხელი შეეწყობა, მაგრამ რა თქმა უნდა რისკები არსებობს და შესაძლებელია, რომ ამან ისეთი გავლენა არ მოახდინოს, როგორსაც ელიან და ეპიდსიტუაცია მაინც ცუდი დარჩეს,"- განაცხადა გოგინავამ.

როგორც გოგინვა ამბობს, რისკებს შეიცავს შეზღუდვის მოხსნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში შემოდიან სახმელოთო საზღვრით, თავისუფლდებიან პსრ ტესტის წარმოდგენის ვალდებულებისგან, თუმცაღა დასძენს, რომ პრჯერადად ვაქცინირებუყლებს რაღაც შერავათი უნდა გაეწიოს.

„რისკებს შეიცავს, მაგრამ ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში ორჯერადად აცრილი ადამიანი არ ინფიცირდება, ან თუ ინფიცირდება ეს ცოტა ხნითაა და იმდენად გადამდები არაა, ყოველ შემთხვევაშიორჯერადად ვაქცინირებულებს ეს შეღავათი უნდა გავუწიოთ, რადგან ჩემი აზრით, ეს ადამიანების ამ პროცესში უფრო მეტად ჩართულობას ხელს შეუწყობს, ამას სარგებელი უფრო მეტი აქვს, ვიდრე მოსალოდნელი რისკი."- განაცხადა მან.

გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს „მწვანე სტატუსი" მუდმივად ექნება, გოგინავა არ ეთანხმება და გამყრელიძის მსგავსად ფიქრობს, რომ უნდა გადაიხედოს.

„ამ აგადაწყვეტილებას პირადად არ ვეთანხმები, ჩემი აზრით, დაავადების გადატანას ვალიდაცია უნდა ჰქონდეს დაახლოებით ექვსი თვიდან ერთ წლამდე და არა მუდმივად, რადგან უკვე არის კვლევები, რომ დაახლოებით 16-17 თვის გასვლის შემდეგ, ადამიანებში ინფექციის რისკი საკმაოდ იზრდება, ამიტომ, ჩემი აზრით, „მწვანე ბარათის" გაცემაზე გადატანილი დაავადება ვალიდური უნდა იყოს 6 დან 12 თვემდე.

„აღსანიშნავია, რომ მარტო „მწვანე პასპორტებით" თავი არ უნდა დავიიმედოთ, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ და პირველ რიგში ვეცადოთ, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეპიდსიტუაცია გაუარესდა, მაგრამ, ვაქცინაციის მოცვა მაღალია, ძალიან დაბალი სიკვდილიანობა რჩება.

„ამიტომ, მთავარი ორიენტირია, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ეს უნდა იყოს, თუ ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართება, ამით შესაძლოა ეპიდსიტუაციის გაუარესება 100%-ით ვერ ავიცილოთ, მაგრამ ავიცილებთ მაღალ ლეტალობას და ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ," - განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×