თეონა ვეშაგური
14.01.2022

საქართველომ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, სამხედრო თვალსაზრისით შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა, - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალ რობ ბაუერი საუბრობს. ამაზე ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის მოლაპარაკებების ჩაშლისა და განხეთქილების ესკალაციის პირობებში შეიძლება ბოლოსდაბოლოს მაპ-ი მართლა მოგვცენ.

„საქართველომ ნატოსთან თავსებადობის კუთხით სერიოზული ნაბიჯები გადადგა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი სამხედრო ძალები ნატოსთან თავსებადნი არიან, რაც ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.ჩვენ სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისა და მომზადების კუთხით რუსულიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადავედით. საქართველო ავღანეთშიც ნატო-ს ეგიდით მონაწილეობდა. ამასთან, მისი ხელმძღვანელობით იმართებოდა და ისევ გრძელდება საკმაოდ ინტენსიური სამხედრო წვრთნები. აქედან გამომდინარე, ნამდვილად სამართლიანია სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება.

„ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგრამ კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი, მაგალითად პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და საიდუმლო ინფორმაციის შენახვის კუთხით ბევრი ახალი რეფორმებია გასატარებელი. რაც შეეხება იმას, თუ რას მოუტანს საქართველოს მხოლოდ სამხედრო რეფორმების გატარება, რუსეთ-ნატოს მოლაპარაკებების ჩაშლის შედეგად, შეიძლება გარკვეული შანსები არსებობდეს, რომ მაპ-ის სტატუსი მოგვანიჭონ და შემდეგ დანარჩენი პრობლემები ამ ფორმატში გადავჭრათ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების ახლო მომავალში მიღება საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის გაღიზიანებას ნამდვილად გამოიწვევს", -განაცხადა მაისაიამ.

როგორც ადმირალმა ბაუერმა ბრიუსელში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო და უკრაინა მათი უპრეცედენტო მხარდაჭერით სარგებლობენ. მან ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ საქართველომ უამრავი გამოწვევების მიუხედავად საკმაოდ სერიოზული რეფორმები გაატარა სამხედრო თავდაცვის კუთხით ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოვებისათვის.

„საქართველომ, უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისას. უკრაინა და საქართველო ნატოს უპრეცედენტო მხარდაჭერითა და დახმარებით სარგებლობენ. ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ, რომ მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვთ არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანადაც. ჩვენ კვლავ დავადასტურეთ ნატოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშნა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×