ია აბულაშვილი
14.01.2022

აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ სხვადასხვა ფაქტორის გამო „სამართალმა პური თუ არ ჭამა," ვერასდროს გავხდებით სამართლებრივი სახელმწიფო და არ გამორიცხავს, რომ, ამ ლოგიკით, მალე სააკაშვილიც შეიძლება გაათავისუფლონ.

„მართალია, საქმეს არ ვიცნობ და არც მოსამართლე ვარ, მაგრამ სხვა მოლოდინი მქონდა. ამდენი მილიონი თუ მოიპარეს, როგორ შეიძლება, ეპატიოთ? თაღლითობა რომ დაარქვეს, თაღლითობა დანაშაული არ არის? სხვადასხვა ფაქტორის გამო სამართალმა პური თუ არ ჭამა, ჩვენ ვერასდროს გავხდებით სამართლებრივი სახელმწიფო; ამ ლოგიკით თუ გააგრძელებენ, შეიძლება მალე მიშაც გაათავისუფლონ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ გამოჩნდა ქვეყანაში მესამე ძალა, რომელიც პოლიტიკურ ვითარებას დაარეგულირებდა. ოპოზიცია დღეს გაუგონარ რამეებს სჩადის, ხან ბოიკოტის რეჟიმშია, ხან პარლამენტში დაბრუნება უნდა. რომც შევიდნენ, რას გააკეთებენ, ისევ იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც აქამდე აკეთებდნენ? ვითომ რეორგანიზაცია ჩაატარა "ნაცმოძრაობამ" პარტიაში. ბიძინას აბრალებენ, რუსეთის კაციაო და თვითონ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია დანიშნეს, რომელსაც დღესაც რუსეთში აქვს ბიზნესი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობა კი მთელი პარტიაა. უფრო ადრე კი პარტიის თავმჯდომარედ რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე იყო.

ნაცმოძრაობაში, როგორც ჩანს, მართლაც დაიწყო დაშლის პროცესი, რადგან ვეღარ გაუგიათ, რას აკეთებენ, გაქრობის პირას არიან, მაგრამ არც სახელისუფლებო პარტიაა კარგ მდგომარეობაში, თუმცა ხალხი ასეთი ოპოზიციის შემყურე თვალს ხუჭავს რაღაცებზე. ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ ნაციონალები, რა იქნება, ჯერ არ მოსულან და შავ სიებს ადგენენ..." - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ოთხშაბათს გამოცხადდა. მათ 7-7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ პროკურატურაც და ხაზარაძე-ჯაფარიძეც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×